ავტორი:

"ერთ კვირაში მთელი ასეულები იხოცება... მეთაურობამ სიკვდილისთვის გაგვწირა" - არეულობა პუტინის ჯარში და რუსი სამხედროების მორიგი მიმართვა

"ერთ კვირაში მთელი ასეულები იხოცება... მეთაურობამ სიკვდილისთვის გაგვწირა" - არეულობა პუტინის ჯარში და რუსი სამხედროების მორიგი მიმართვა

წელიწადზე მეტია, უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესია გრძელდება. ამ დროის განმავლობაში, პერიოდულად ვრცელდება რუსი სამხედროების მიერ ჩაწერილი ვიდეომიმართვები, თუ რა საშინელ პირობებში უწევთ მათ ყოფნა მოწინააღმდეგის პირისპირ, რამდენად მოუმზადებლები არიან ამისთვის და როგორ არაადამიანურად ექცევა მათ მეთაურობა...

  • ამჯერად, ვიდეომიმართვა მეთაურობის მისამართით 25 მარტს გავრცელდა, რომლის ავტორებიც რუსი მობილიზებულები არიან. მათი თქმით, ისინი შემტევ ბრიგადას წარმოადგენენ. სამხედროები ვიდეოში სახეს არ მალავენ და ჰყვებიან, რომ ისინი სიკვდილისთვის გაწირეს.

currenttime.tv-ის ცნობით, სამხედროებს უმძიმეს, დანაშაულებრივ დავალებებს აძლევდნენ და შეუსრულებლობის შემთხვევაში, დახვრეტით ემუქრებოდნენ.

დანაყოფის მეთაურის, დმიტრი იუმინის ცნობით, შეტევამდე პირად შემადგენლობაში 161 ადამიანი ირიცხებოდა. თუმცა სამხედროების თქმით, მათ ცეცხლის პირისპირ ორი კვირის გატარება მოუწიათ, რის შედეგადაც უდიდესი დანაკარგი მიიღეს. დაიღუპა ასეულის მეთაური...

"მათ, ვინც გადარჩა, დანაშაულის შემცველ დავალებაზე უშვებდნენ, წინააღმდეგობის შემთხვევაში, დახვრეტით ემუქრებოდნენ", - წერს გამოცემა. ვიდეოში საუბრობს მაიორი ნიკოლაი რაკოვი, რომლის თქმითაც, მას არცერთი ოფიციალური ბრძანება არ უნახავს, ასევე არასდროს შეხვედრია მეთაურობას, ამიტომაც მიაჩნია, რომ მათი ხელმძღვანელობა დანაშაულებრივი დაჯგუფებაა.

ვიდეოს ერთ-ერთი მონაწილის არტურ მალაფევის თქმით, ხალხი, "რაღაც ტერიტორიების" გამო არ უნდა იხოცებოდეს.

"საერთოდ არ მიმაჩნია, რომ ეს ომი აუცილებელია, რას ემსახურება ეს? კიდევ რამდენი ტერიტორია უნდა შემოიერთოს რუსეთმა, რომ საკმარისი იყოს? არ ღირს ეს ყველაფერი ამხელა მსხვერპლად. რასაც ვუყურებ, ყოველდღიურად ათასობით ადამიანი იხოცება... ერთ კვირაში, მთელი ასეულები იხოცება, შეიძლება თქვა, რომ ჩვენს თავს ვებრძვით", - ამბობს მალაფევი.

გავრცელებული ინფორმაციით, ვიდეოს გავრცელების შემდეგ ისინი სანგრებში მოაგროვეს და დონეცკში გადაიყვანეს, სადაც პროკურატურაში დაკითხეს. მეუღლის თქმით, მალაფევი დააკავეს და ამ დრომდე იქ რჩება, თუმცა ოფიციალური ცნობით, ის კალინგრადის ოლქში, ქალაქ გუსევში ე.წ. სწავლებაზე ირიცხება.

ერთ-ერთი ვერსიით, მათთვის გაურკვეველი ბრალდების წაყენების მიზეზი შესაძლოა ისიც იყო, რომ მთავრობას მობილიზებულებისთვის თანხის გადახდა არ უნდა. თუმცა, ეს ყველაზე უწყინარი მიზეზია. დიდი ალბათობით, მათი დაკავების მიზეზი არმიაში არსებული პრობლემების გამოქვეყნებაა. ცნობილია, რომ რუსეთში არმიის დისკრედიტაცია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემით ისჯება.

როგორც რუსულ მედია წერს, სამხედრო მობილიზებულები, რომელთა ვიდეოც 25 მარტს გავრცელდა, ზახარჩენკოს სახელობის მეხუთე მოტომსროლელი ბრიგადის 1004-ე პოლკში მსახურობდნენ.

თავდაპირველად ისინი დახმარებისთვის რუსეთის პრეზიდენტს მიმართავდნენ და საჭირო იარაღს ითხოვდნენ... იმავე დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დნრ-ის დანაყოფიდანაც გაიქცნენ სამხედროები, რა დროსაც ექვსი სამხედრო დაიღუპა...