ავტორი:

"დროას" წევრი არ არის, მაგრამ ყველანაირად დავიცავთ" - ვინ არის 21 წლის ახალგაზრდა, რომელიც პოლიციელებზე თავდასხმისთვის დააკავეს

"დროას" წევრი არ არის, მაგრამ ყველანაირად დავიცავთ" - ვინ არის 21 წლის ახალგაზრდა, რომელიც პოლიციელებზე თავდასხმისთვის დააკავეს

არსებული ინფორმაციით, პოლიციელზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებული პირი 21 წლის ლაზარე გრიგორიადისია. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, ახალგაზრდამ მიმდინარე წლის 7,8,9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა.ასევე, ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს.

უწყების ცნობითვე, გრიგორიადისი წარსულში ნასამართლებია პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით.

გუშინდელიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დაკავებული "დროას" წევრია. პარტიაში აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფენ, თუმცა ამბობენ, რომ როგორც ლაზარე გრიგორიადისს, ასევე ყველა პირს, რომელიც აქციის დროს ან მის ფარგლებში დააკავეს, დაიცავენ.

"მარტის მოვლენებში ერთადერთი მოძალადეც და მოღალატეც არის ქართული ოცნება, ვინც მიიტაცა პარლამენტი, იძალადა კონსტიტუციაზე და იძალადა ხალხზე. ახლა დაკავებულ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, არც დროას წევრია, მაგრამ ყველანაირად დავიცავთ.

ეხლა ვეძებთ კონტაქტებს ოჯახთან და მათი სურვილოსამებრ მათ გვერდში ვიქნებით. ბრიუსელში ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ დემონსტრანტების დაცვა იყო და ქვეყნის გარედანაც დს შიგნიდანაც დავიცავთ მათ!" - წერს "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია.

ცნობისთვის, 7,8,9 მარტს მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ძალადობრივ ქმედებებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება მაშინვე დაიწყო და გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ყველა იმ პირის დაკავების მიზნით, რომლებმაც განახორციელეს პოლიციელებზე თავდასხმა და სხვა სამართალდარღვევები.