ავტორი:

როდიდან გამოიდარებს და რას ამბობს სინოპტიკოსი გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ "საქართველოს ქარიშხალი უახლოვდება" - ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი

როდიდან გამოიდარებს და რას ამბობს სინოპტიკოსი გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ "საქართველოს ქარიშხალი უახლოვდება" - ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი

ამინდთან დაკავშირებით სხვადასხვაგვარი ინფორმაცია ვრცელდება. წერდნენ იმასაც, რომ საქართველოს ძლიერი ქარის მასები უახლოვდება. ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიურ ცენტრს დავუკავშირდით.

"სიცივე იქნება დღეს, უფრო სუსტად კი ხვალ და 2 აპრილიდან, როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს, მზიანი, უქარო ამინდები გვექნება. 7-მდე ამინდის გაუარესება არ არის მოსალოდნელი" - გვეუბნება გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი სპეციალისტი, სინოპტიკოსი თამარ პაპაშვილი:

- ის, რაც გასული დღეების მანძილზე იყო აჭარა-გურიის ტერიტორიაზე, ძლიერი ქარის ქროლა, თუნდაც თბილისის ქარი, ამის შესახებ წინასწარ იყო პროგნოზი გაკეთებული... რეალურად თბილისისთვის 32 მეტრი წამში ანომალური არ არის, რაც გარეუბნებში (ნუცუბიძის ფერდობი, დიდი დიღომი, ვარკეთილი, აეროპორტის დასახლება, თვითონ აეროპორტის ტერიტორია) დაფიქსირდა. ქალაქის ცენტრალურ უბნებში დაახლოებით, 20 მეტრი წამში გახლდათ. ასე რომ, ძლიერი ქარი უკვე იყო. დღეს, როგორც გითხარით, ქარი შესუსტდება, ისეთი ძლიერი, როგორც გუშინ, აღარ იქნება. მოსალოდნელია ნალექი, ანუ შესაძლებელია მცირე ნალექი აღინიშნოს, კერძოდ, აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთში, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, მაღალ მთაში თოვლის სახით.

- ანუ ეს დღეს და ღამით?

- კი, ხვალ დღისით გამოიდარებს დასავლეთის უმეტეს რაიონებში და აღმოსავლეთში. 2 აპრილს კარგი ამინდია, მოსალოდნელი, ტემპერატურა მოიმატებს, 3-ში ასევე კარგი ამინდი გველის, იქნება მაღალი ტემპერატურა და უმეტესად უნალექო. სანაპირო რაიონებში შეიძლება მცირე, უმნიშვნელო ნალექი აღინიშნოს. იგივე მდგომარეობაა 4-ში, 5-სა და 6-ში. 7 აპრილს ველოდებით ამინდის ცვლილებას. წვიმა შედარებით მაღალი ტემპერატურის ფონზე იქნება.

- ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს საქართველოს ძლიერი ქარიშხალი უახლოვდება...

- არანაირი ქარიშხალი საქართველოს არ უახლოვდება, მსგავსი რამ გამორიცხულია. ჩვეულებრივად, როგორც ხშირად ხდება ხოლმე და თბილისისთვის არის დამახასიათებელი, ამას არ გასცდება. საერთოდ, აღმოსავლეთ საქართველოში ქარის გაძლიერება ტემპერატურაზე მოქმედებს... ახლა 1-ში ეს დასრულება და 2-დან ველოდებით ტემპერატურის მატებას.

- ყინვა არის სადმე მოსალოდნელი?

- არ არის მოსალოდნელი, ერთადერთი, შიდა ქართლის ტერიტორიაზე, რამდენიმე ადგილას, ვთქვათ, თეთრიწყაროს ტერიტორიაზე და მთებში და მაღალ მთებში, ოღონდ, დღისით, საუბარია ღამის ტემპერატურებზე.