ავტორი:

ვინ არის ახალგაზრდა ქალი, რომელიც ტატარსკის მხარდამჭერად გაეცნო და სასიკვდილო საჩუქარი გადასცა? - ომის პროპაგანდისტის მკვლელობის ახალი დეტალები

ვინ არის ახალგაზრდა ქალი, რომელიც ტატარსკის მხარდამჭერად გაეცნო და სასიკვდილო საჩუქარი გადასცა? - ომის პროპაგანდისტის მკვლელობის ახალი დეტალები

რუსმა სამართალდამცავებმა კრემლის პროპაგანდისტის, სამხედრო ბლოგერის, 40 წლის ვლადლენ ტატარსკის მკვლელობის ბრალდებით 26 წლის დარია ტრეპოვა დააკავეს.

აფეთქება, რომელიც სანკტ-პეტერბურგში, მდინარე ნევას მახლობლად მდებარე კაფეში გუშინ მოხდა, საკმაოდ მასშტაბური იყო. რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავებულთა რიცხვმა 32-ს მიაღწია, მათგან 10 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.

  • რა მოხდა კაფე "Street Food Bar No 1"- ში

გუშინ, საღამოს საათებში, კაფეში ომის მხარდამჭერი ჯგუფის, Cyber Front Z-ის მიერ ორგანიზებული ღონისძიება მიმდინარეობდა.

გამოძიების ინფორმაციით, ტრეპოვამ კაფეში მიიტანა ყუთი ტატარსკის ფიგურა-ქანდაკებით, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. რუსეთის შსს-ს ინფორმაციით, ფაქტის შემსწრეებმა დაკითხვისას განაცხადეს, რომ დაცვამ ქალს მოსთხოვა საჩუქარი გარეთ დაეტოვებინა, რადგან იმთავითვე იეჭვეს, რომ მასში ასაფეთქებელი ნივთიერება შეიძლებოდა ყოფილიყო, თუმცა, ტრეპოვამ ამაზე გაიცინა და ყუთის დარბაზში შეტანა მაინც მოახერხა.

საქმის მოწმეების თქმით, ღონისძიებისას დარია აქტიურობით გამოირჩეოდა, ხშირად შედიოდა დისკუსიაში ტატარსკისთან და უსვამდა კითხვებს სხვადასხვა საკითხზე.

ღონისძიების მიმდინარეობისას, ის ტატარსკისთან მივიდა, უთხრა, რომ მისი მხარდამჭერი იყო და პირადად გადასცა საჩუქარი. ვიდეოში ჩანს, რომ ტატარსკის საკუთარი ბიუსტის დანახვაზე გაეცინა და ის გვერდით მაგიდაზე დადო, სადაც რამდენიმე წუთში აფეთქება მოხდა.

აფეთქების შემდეგ, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალგაზრდა ქალზე ძებნა გამოაცხადა და რამდენიმე საათში დააკავა კიდეც.

მომხდარზე კომენტარი გააკეთეს რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებაც. ოფიციალური მოსკოვი მომხდარს "გახმაურებულ მკვლეობას" უწოდებს და აცხადებენ, რომ საქმეს აქტიურად იძიებენ.

  • ვინ არის დარია ტრეპოვა?

რუსული მედიის ცნობით, დარია ტრეპოვა 1997 წელს სანკტ-პეტერბურგში დაიბადა. ის გამოირჩეოდა უკრაინა-რუსეთის ომის საწინააღმდეგო პოზიციით. რუსმა სამართალდამცავებმა იგი ომის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო დააკავეს კიდეც. რუსმა სამართალდამცავებმა გაავრცელეს ახალგაზრდა ქალის დაკითხვის ვიდეოჩანაწერის ფრაგმენტი. გავრცელებული ინფორმაციით, ის ამბობს, რომ არ იცოდა, თუ ქანდაკებაში ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო ჩამონტაჟებული.

რაც შეეხება ტატრსკის, ის იყო უკრაინაში რუსეთის ომის თავგამოდებული მხარდამჭერი, ცნობილი ბლოგერი, რომელსაც სოციალურ ქსელში ნახევარი მილიონი გამომწერი ჰყავდა.

აღსანიშნავია, რომ ტატარსკიმ გაბედა და გააკრიტიკა რუსეთის ხელისუფლება, მათ შორის ვლადიმერ პუტინიც კი ბრძოლის ველზე რუსი სამხედროების წარუმატებლობის გამო.

BBC-ის შეფასებით, მომხდარი ბევრს რუსი ულტრანაციონალისტის, პუბლიცისტისა და ომის მხარდამჭერი ალექსანდრე დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინას მკვლელობას ახსენებს.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის აგვისტოში მანქანა, რომელშიც დარია დუგინა იჯდა, გზაზე ააფეთქეს.

აღსანიშნავია, რომ გუშინ დუგინი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ტატარსკის სიკვდილზე კომენტარი გააკეთა:

"ასე იქმნება ნამდვილი რუსი წმინდანების ისტორია. არა ყალბი, არც ფიქტიური, არც თითიდან გამოწოვილი. თუ ეს არ არის სიწმინდე, მაშინ არ არსებობს სიწმინდე”,- წერს ის თავის Telegram არხზე და ტატარსკის და დუგინას რამდენიმე ერთობლივ ფოტოს აქვეყნებს.

  • ვინ დგას რუსი ბლოგერის მკვლელობის უკან

რუსი ოფიციალური პირები უკვე პირდაპირ აცხადებენ, რომ აფეთქებაში უკრაინის ხელი ურევია.

"ვლადლენ ტატარსკის წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმა დაგეგმილი იყო უკრაინის სპეცსამსახურების მიერ ალექსეი ნავალნის "ანტიკორუფციული ფონდის“ მხარდამჭერი აგენტების მონაწილეობით", - განაცხადეს რუსეთის ეროვნულ ანტიტერორისტულ კომიტეტში.

ხოლო რაც შეეხება უკრაინის ოფიციალურ პირებს, ისინი თავის მხრივ ამბობენ, რომ მომხდარი რუსეთში მიმდინარე "შიდა პოლიტიკური ბრძოლის შედეგია".

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ტატარსკის მკვლელობას "ტვიტერზე" გამოეხმაურა და დაწერა: "ობობები ქილაში ერთმანეთს ჭამენ".