ავტორი:

"ვერავის მივცემ უფლებას, ეს სიმღერა გამიკრიტიკოს..." - ერთ დღეში ჩაწერილი სიმღერა, რომელიც ჰიტად იქცა: ბარბარა სამხარაძე ახალ ნამუშევარსა და გეგმებზე

"ვერავის მივცემ უფლებას, ეს სიმღერა გამიკრიტიკოს..." - ერთ დღეში ჩაწერილი სიმღერა, რომელიც ჰიტად იქცა: ბარბარა სამხარაძე ახალ ნამუშევარსა და გეგმებზე

მას მერე, რაც ბარბარა სამხარაძე მეგაპროექტ "ნიჭიერის" გამარჯვებული გახდა, საკუთარ თავზე მუშაობას წუთით არ წყვეტს. 22 მარტს მან საკუთარი ახალი ნამუშევარი ატვირთა "იუთუბზე" და 2 კვირაში ვიდეოს უკვე 700.000 ნახვა აქვს.

"პირველი სიმღერისთვის კარგი შედეგია. ეს იყო პირველი ნაბიჯი და პირველი აგური "სახლის" მშენებლობის დროს... გარდა "იუტუბისა" 5 დღის წინ მსოფლიოს ცნობილ მუსიკალურ პლატფორმებზეც განვათავსე, სადაც წარმატებული მუსიკოსები საკუთარ ნამუშევრებს ტვირთავენ. ძალიან მაბედნიერებს ის ფაქტი, რომ უკვე აქტიურად უსმენენ" - გვეუბნება ბარბარა სამხარაძე.

- მოკლედ, ჩაწერე შენი პირველი სიმღერა, რომელმაც უკვე წარმატება მოიპოვა... გვიამბე ამაზე...

- დიახ, ჩავწერე ჩემი პირველი სიმღერა, რომლის ავტორიც მე თვითონ ვარ. მუსიკა არის უცხოური ბენდის ნამუშევარი, რომელიც თავის პროდუქტს ყიდის. პანდემიის პერიოდში, როდესაც ყველაფერი ჩაკეტილი იყო, ამ ბენდის ეს მუსიკა აღმოვაჩინე. ისე მომეწონა, რომ მასზე თავისით შემომეწერა ტექსტიც. შემდეგ უკვე ამ მუსიკაზე მათგან ლიცენზია შევიძინე და დღეს უკვე ოფიციალურად შეიძლება ითქვას, რომ ჩემი სიმღერაა. რამდენიმე დღეში ვაპირებ, მასზე საავტორო უფლებებიც დავიცვა.

- ე.ი. ასე შესაძლებელია, მუსიკის შეძენა?

- კი, არის ბენდები, მათ შორის, საქართველოშიც, რომლებიც მუსიკას ქმნიან და შემდეგ თავიანთ საიტზე ათავსებენ. დამწყები არტისტებიდან, ვისაც საშუალება არ აქვს ბენდთან ითანამშრომლოს, თუ მათი მუსიკა მოეწონება, შეუძლიათ, იყიდონ, ამაში თანხა გადაიხადონ. ამასთან, იღებენ ლიცენზიასაც და შეუძლიათ იმღერონ, გააკეთონ თავიანთი სიმღერა... ასე რომ, მე შევიძინე ეს მუსიკა და ჩემია.

შემდეგ უკვე 2020 წელს "იუთუბზე“ ავტვირთე, ოღონდ, ჩემი ყურსასმენებით იყო ჩაწერილი... სიმღერის ახალი ვერსიის შემდგომი ჩაწერა „ტიკ-ტოკის“ ვიდეომ განაპირობა, რომელსაც 200.000-ზე მეტი ნახვა ჰქონდა.

იქ ვამბობდი, რომ სიმღერა ჩავწერე და მისი ყურსასმენების ვერსია არსებობს, მაგრამ არ მაქვს სტუდიური ჩანაწერი. თუ ნამუშევარი მოგეწონათ, მოიწონეთ ვიდეო. ისე მოეწონათ, რომ სადღაც 1000-ზე მეტი კომენტარი დაიწერა. მთხოვდნენ სტუდიური ვერსიის ჩაწერას, - ჰიტი გახდება, ისეთი მაგარია, აუცილებლად შეიყვარებს მსმენელიო. ხალხის ასეთმა დიდმა მოთხოვნამ საბოლოოდ გადამაწყვეტინა, ჩამეწერა, რაშიც ჩემი მეგობარი დამეხმარა. ჩემს მისაღებ ოთახში ერთ დღეში ჩავწერეთ.

- ე.ი. ინგლისურ ენაზე ტექსტის ავტორი შენ ხარ? რა ემოცია ჩადე მასში?

- ტექსტი ოკეანის ერთ-ერთ მხარეზეა... შინაარსი ღრმაა... პანდემიის პერიოდში მოგეხსენებათ, რა სიტუაციაში იყო ადამიანის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა. ეს სიმღერა არის ჩემი მაშინდელი სათქმელი, რასაც ვგრძნობდი. შეიძლება ითქვას, რომ ეს ნამუშევარი ვარ მე! როცა ყველაფერი კარგად არის, თითქოს წინ მიდის საქმე, მაგრამ რაღაც მაინც გაფერხებს, ცხოვრებისეულად უკან გხევს. ეს არის ის, რაც შენ არ გემორჩილება... საუბარია ოკეანის იმ მხარეზე, რომელიც ჯერ კიდევ მიუწვდომელია, ადამიანებისგან, ბოლომდე ვერ არის შესწავლილი. ეს სიღრმე კი ყველა ადამიანს გააჩნია, მაგრამ მას ვერავინ ხედავს და ყველაფერი მხოლოდ იგრძნობა...

- ემოციებით დატვირთულია...

- კი. მეკითხებიან, კლიპს არ აპირებ? მოუხდებაო... მიმაჩნია, რომ მას არ სჭირდება ჩარჩო. კლიპი ხომ იმისთვისაა, რომ აღქმადობა გამძაფრდეს. ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ასაკის ადამიანი - ბავშვი, მოზრდილი, მოხუცი, მოწყენილი, მხიარული, როცა ამ ნამუშევარს მოისმენს, რა განწყობითაც არ უნდა მოისმინოს, თავის თავს დაინახავს.

- ტექსტი რამდენ ხანში დაწერე?

- ერთ საათში. არ სჭირდება დიდხანს ფიქრი. ფიქრი იმას სჭირდება, როცა გათვლას კომერციაზე აკეთებ - ანუ ხალხს რა მოეწონება... ჩემთვის დავწერე, ერთი ამოსუნთქვით და ვთქვი ის, რის თქმაც მინდოდა. როცა ჩემი გონება ყვირის და ამას რატომ ვერ ხედავ შენ? ამ დროს კი ოკეანის სიღრმეს ვგრძნობ... ყველაფერი რომ კარგად არის, იმ დროს ადამიანი შეიძლება, შინაგანად ინგრეოდე და ემოციურად ცუდად გრძნობდე თავს. ტექსტს ასეთი შინაარსი აქვს. ამ სიტყვებს ყველა ადამიანი თავისებურად განიცდის, გრძნობს.

- ქართულ ვერსიასაც ხომ არ აპირებ?

- არა, ქართული სიტყვები ძალიან პრეტენზიული ჟღერადობისაა. ამიტომ ეს არ გამოვა. ვინც არ უნდა პრეტენზია გამოთქვას, ეს სიმღერა არის საავტორო, ჩემი სიმღერაა, მე ასე მემღერება, ასე მესახება. მე არავის შემოქმედებას ვაკრიტიკებ, ამიტომ ვერავის მივცემ უფლებას, ეს სიმღერა გამიკრიტიკოს, რადგანაც ჩემთვის ძალიან სათუთია.

- მუსიკალური თვალსაზრისით რა გეგმები გაქვს?

- უკვე დაწყებული მაქვს ჩემს მეორე სიმღერაზე მუშაობა. მუსიკის ავტორი თავად ვარ. იქნება ქართული სიმღერა, ისეთი ჟღერადობის და ისეთი რიტმის, როგორი სიმღერაც საქართველოში არ მომისმენია. თანამედროვე შტრიხები და რეტრო ერთმანეთს შეერწყმება და ყველა თაობის წარმომადგენელს მოეწონება. ვნახოთ, გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩავწერ.

- ამ ყველაფრის პარალელურად რას საქმიანობ?

- ვსწავლობ ტექნიკურ უნივერსიტეტში ჟურნალისტიკაზე, მესამე კურსზე ვარ და ვცხოვრობ სტუდენტური ცხოვრებით. შრომის უსაფრთხოებაზე სწავლას თავი დავანებე... ჩემს თავს კლასიკური გაგებით ჟურნალისტად ვერ განვიხილავ, მაგრამ ვფიქრობ, ის გამოცდილება, ცოდნა, რასაც ახლა ვიღებ, აუცილებლად წამადგება ჩემს საქმიანობაში და ადამიანებთან ურთიერთობაში.