ესაა კიდევ ერთი შემახსენებელი, რატომაა ღირებული დამოუკიდებელი, კომპეტენტური საგამოძიებო ჟურნალისტიკისა და საგამოძიებო ორგანოების ქონა, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. აღნიშნულით ის BBC-ს მიერ მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა, რომლის ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია მოხსენიებული.
ელჩის თქმთ, დეტალების შესახებ ინფორმირებული არ არის.
"არ მომცემია საშუალება, მომესმინა და წამეკითხა სრული ისტორია და დეტალების შესახებ ინფორმირებული არ ვარ. თუმცა, ისე ჟღერს, რომ ესაა მაგალითი და კიდევ ერთი შემახსენებელი, თუ რატომაა ღირებული დამოუკიდებელი, კომპეტენტური საგამოძიებო ჟურნალისტიკისა და დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოების ქონა, რომლებიც შეისწავლიან მსგავს ბრალდებებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რათა უზრუნველყონ ხალხის უფლებების დაცვა”, - განაცხადა კელი დეგნანმა „ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში.
სტატია საპენსიო ასაკის ადამიანების დანაზოგის თაღლითური გზით მითვისებაზეა, მასში საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილიც არის ნახსენები. გამოძიების პროცესში ასევე 5 სახელი გამოიკვეთა - დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, იოსებ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი, რომლებიც Milton Group-ის მხარდამჭერი ტექნიკური კომპანიების ხელმძღვანელებად არიან მოხსენიებულნი. აღნიშნული გვარები Panama Paper-ის დოკუმენტებშიც იძებნება.