ავტორი:

რა მოხდება, თუ თქვენი სიკვდილის თარიღი წინასწარ გეცოდინებათ? - წიგნი, რომელიც სრულფასოვან ცხოვრებას მოგანდომებთ

რა მოხდება, თუ თქვენი სიკვდილის თარიღი წინასწარ გეცოდინებათ? - წიგნი, რომელიც სრულფასოვან ცხოვრებას მოგანდომებთ

სიკვდილი - ყველაზე სევდიანი მოვლენაა კაცობრიობის ისტორიაში, რომელზეც ყველას უფიქრია. რა მოხდება, თუ მოგეცემათ შესაძლებლობა, წინასწარ შეიტყოთ საკუთარი სიკვდილის თარიღი? - ამ კითხვაზე პასუხს ადამ სილვერას ბესტსელერ წიგნში - „პირველი, ვინც ბოლოს მოკვდება“ იპოვით.

ფაბულა: Death-Cast-ის („სიკვდილის უწყება“) პირდაპირ ეთერში გამოსვლის წინა ღამეს ყველას გონებაში ერთი კითხვა უტრიალებს: შეუძლია „სიკვდილის უწყებას“ რეალურად განსაზღვროს, თუ როდის მოკვდება ვინმე? თუ ეს უბრალოდ ჭკვიანურად მოფიქრებული თაღლითობაა?

ორიონ პაგანი გულის სერიოზული დაავადებით იტანჯება და „სიკვდილის უწყებაზე“ რეგისტრირდება, რომ გაიგოს რა ელის მომავალში. ვალენტინო პრინსი კი ახალ ცხოვრებას ნიუ-იორკში იწყებს. მას წინ გრძელი და პერსპექტიული მომავალი აქვს. „სიკვდილის უწყებაში“ მხოლოდ მას შემდეგ დარეგისტრირდა, რაც მისი ტყუპისცალი და კინაღამ ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

ორიონი და ვალენტინო ერთმანეთს თაიმს სკვერზე ხვდებიან და მაშინვე გრძნობენ ღრმა კავშირს, მაგრამ როდესაც დღის ბოლოს ზარების პირველი რაუნდი გაისმება, მათი ცხოვრებაც სამუდამოდ იცვლება. ვალენტინოს დაურეკავენ, ორიონს - არა. ბიჭები ერთად გადაწყვეტენ მაქსიმალურად გამოიყენონ დარჩენილი საათები. მიუხედავად იმისა, რომ არც ერთმა მათგანმა არ იცის, როგორ დასრულდება დღე, მათ იციან, რომ ამ დღის ერთად გატარება სურთ... თუნდაც ეს იმას ნიშნავდეს, რომ მათი გამომშვიდობება გულისგანმგმირავი იქნება...

ცნობილი ავტორის, ადამ სილვერას ეს ისტორია ტკბილ-მწარე ელფერით, წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს მკითხველზე და ამტკიცებს, რომ ყოველთვის ღირს იცხოვრო სრულფასოვნად. ისე, თითქოს ეს დღე შენს ცხოვრებაში უკანასკნელია.

თუ თქვენ ადამ სილვერას პირველი წიგნი - „ბოლოს ორივე კვდება“ წაიკითხეთ, გეცოდინებათ, რომ დამაფიქრებელი, შთაბეჭდილების მომხდენი რომანი გელით. თავისი პროქველით „პირველი, ვინც ბოლოს მოკვდება“, მწერალი გვაბრუნებს „სიკვდილის უწყების“ დაწყებისა და ორიონისა და ვალენტინოს საბედისწერო ურთიერთობაში.

”ამ წიგნების წაკითხვის რეალური თანმიმდევრობა არ არსებობს.” - ადამ სილვერა

წინა რომანის გმირების - მატეოსა და რუფუსის მსგავსად, ორიონი და ვალენტინო - ორი ჰომოსექსუალი პერსონაჟი ერთდროულად გვითბობენ და გვტკენენ გულს. მათი ურთიერთობა ძალიან ემოციურია, მაგრამ ამასთან, გაჯერებული იმ აზრით, რომ ერთ-ერთი მათგანი მოკვდება.

რას მოგცემთ ეს წიგნი?

New York Times-ის #1 ბესტსელერი! Publishers Weekly-ს ვერსიით, წლის საუკეთესო წიგნად მხატვრულ ლიტერატურაში თინეიჯერებისთვის, დიდ ბრიტანეთსა და ავსტრალიაში, ადამ სილვერას „პირველი ვინც ბოლოს მოკვდება“ დასახელდა!

წიგნის წაკითხვის შემდეგ თქვენ იფიქრებთ სიკვდილიანობაზე. მოგერევათ ცრემლები. გექნებათ იმედი, რომ ყოველ დღე იცხოვრებთ ისე, თითქოს ხვალინდელი დღე არ არსებობს... ადამ სილვერას აქვს ნიჭი, ტრაგედიები და საზრუნავი რაღაც ლამაზად გადააქციოს.

„ამჯერად მოქმედება წიგნის გმირების, ორიონ პაგანისა და ვალენტინო პრინსის გარშემო ვითარდება, რომლებიც ხვდებიან Times Square-ზე. ორივე მყისიერად იზიდავს ერთმანეთს და ერთად იკვლევენ ქალაქს, რადგან სიკვდილის საფრთხე ორივეს ემუქრება - ვალენტინომ მიიღო ზარი, ხოლო ორიონი ცხოვრობს გულის დაავადებით, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ მომენტში დაასრულოს მისი სიცოცხლე. ახალი წიგნი უფრო ღრმად იკვლევს Death-Cast-ის ისტორიას, რადგან მკითხველები დეტალებს იგებენ როგორც ორგანიზაციის შემქმნელი კაცის, ასევე მისი მეუღლის პერსპექტივიდან.“ - ადამ სილვერა

წიგნი იდეალურია 14+ ასაკის მოზარდებისთვის. ქართულ ენაზე „პირველი, ვინც ბოლოს მოკვდება“, გამომცემლობა „პალიტრაL”-მა, Liberteens-ის სერიის ფარგლებში გამოსცა. ადამ სილვერას ეს რომანი, თინეიჯერების ჯგუფის - ლიბერთინსელების არჩეული წიგნია. მის შეძენას კი „ბიბლუსის“ წიგნის მაღაზიებში შეძლებთ.