ავტორი:

"პალიტრამედია“ 28 წლისაა - "ჩვენი საქმე უცვლელია, ვემსახუროთ სიმართლეს!“

"პალიტრამედია“ 28 წლისაა - "ჩვენი საქმე უცვლელია, ვემსახუროთ სიმართლეს!“

"და იყო ერთი ძალიან ლამაზი დღე - 1995 წლის 18 აპრილი... იყო დიდი მღელვარება. დიდი მოლოდინი და შიში თქვენთან მოახლოებისა, ბატონო მკითხველო", - "პალიტრამედია" 28 წლისაა!

"თქვენ გემოვნებიანი მკითხველი ბრძანდებით..." - ამ სლოგანით 1995 წლის 18 აპრილს იმჟამინდელ ქართულ მედიასივრცეში ახალი გაზეთი - "კვირის პალიტრა" გამოჩნდა, რომელმაც პრესის მოყვარულებში თანდათან მოიპოვა პოპულარობა და საზოგადოების სიმპათია დაიმსახურა. მას შემდეგ, ერთგული მკითხველი ყოველ ორშაბათს ელის მრავალფეროვან და საინტერესო სტატიათა პალიტრას.

სანდო, გადამოწმებული ინფორმაცია და თავისუფალი სიტყვა, ობიექტურობა, ზომიერება, გონიერება და სიმართლისმოყვარეობა - ამ ყველაფრის საფუძველი იმ ადამიანთა უდიდესი ძალისხმევაა, რომლებიც ჰოლდინგის სათავეებთან იდგნენ და დღესაც თავდადებითა და დიდი სიყვარულით ემსახურებიან ამ საქმეს, თავიანთი პროფესიონალიზმითა და თავდაუზოგავი შრომით ისინი წარმატების ისტორიას წერენ. დამოუკიდებელი ქართული მედიის ისტორიისთვის 28 წელი საკმაოდ დიდი დროა.

  • როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?

1990-იან წლების ურთულესი პერიოდიდან, როდესაც ისეთი განსხვავებული გაზეთის შექმნის სურვილი გაჩნდა, რომელიც ნებისმიერი გემოვნების მქონე ადამიანისთვის მიმზიდველი იქნებოდა. იდეა "კვირის პალიტრის" დამფუძნებელს, ირაკლი თევდორაშვილს დაებადა და მოგვიანებით დედას, ლალი გუნთაიშვილს ("კვირის პალიტრის" პირველი მთავარი რედაქტორი) გაანდო, შემდეგ კი შესთავაზა - იქნებ, შენს მეგობრებთან ერთად, გაზეთის გამოცემა დაგვეწყოო...

ქალბატონმა ლალიმ აზრი პირველად ხუმრობაში გაუტარა, ბოლოს კი მაინც დათანხმდა, რაზეც მოგვიანებით დაწერა:

"პირველად იყო ფიქრი, ფიქრი წამივით ჩაწვეთებული. მყისიერად მოვლენილი და მერე მიჩუმათებული... ფიქრი, ჯერ მცირე დროსა და დიდ პაუზას ითხოვდა. თანდათან იმძლავრა... მარტოობაში აღარ მოუნდა და სხვებთან გაზიარება ითხოვა. ფიქრების ავტორს თანამოაზრეები გაუჩნდა... ფიქრი იგი იყო გაზეთის გამოშვება. უბინაობა, უმისამართობა, უკომპიუტერობა და უხელფასობა - ეს ყველაფერი იყო, და იყო ერთი ძალიან ლამაზი დღე - 1995 წლის 18 აპრილი... იყო დიდი მღელვარება. დიდი მოლოდინი და შიში თქვენთან მოახლოებისა, ბატონო მკითხველო".

მერე სწორედ ლალი გუნთაიშვილის სამეგობროდან ჩამოყალიბდა პირველი რედაქცია: მაღალი პროფესიონალიზმითა და პასუხისმგებლობით.

თავიდან გაზეთ "კვირის პალიტრას" დაიჯესტის სახე ჰქონდა - თავს უყრიდა და ბეჭდავდა ქართულ და უცხოურ პრესაში გამოქვეყნებულ კვირის ყველაზე საინტერესო მასალებს. ორიოდე წლის შემდეგ გაზეთმა საკუთარი ორიგინალური მასალების მომზადება დაიწყო, რის შემდეგადაც გაიზარდა მკითხველის ინტერესიც და ტირაჟიც.

ერთი წლის შემდეგ "კვირის პალიტრამ" ქართული პრესის პალიტრას, ჟურნალი "ბომონდი" შემატა. შემდეგ კი, მიყოლებით შეიქმნა რეკლამისა და განცხადებების გაზეთი "სიტყვა და საქმე", საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალი "გზა", რელიგიური ჟურნალი "კარიბჭე", სამედიცინო ჟურნალი "ოჯახის მკურნალი", "საბავშვო კარუსელი" და ა.შ. "პალიტრა" დღეს მულტიმედიური კომპანიაა, გამოსცემს გაზეთებს, ჟურნალებს, მაუწყებლობს რადიო სიხშირეზე FM 103,9 - "რადიო "პალიტრა", წარმატებულია ტელევიზია "პალიტრანიუსი"; მის შემადგენლობაშია ყველაზე გავლენიანი საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი", მაღალრეიტინგული საინფორმაციო ინტერნეტპორტალები: ambebi.ge, kvirispalitra.ge, mkurnali.ge, bpn.ge, mshoblebi.ge, sportall.ge, lelo.ge, saqme.ge, marao.ge, rogor.ge, allnews.ge, intermedia.ge; კულინარიული ჟურნალი - "გემრიელი" და საიტი gemrielia.ge; პრესის გავრცელების სააგენტო "ელვა სერვისი"; წიგნების გამომცემლობა "პალიტრა L"; წიგნების მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი"; სტამბა "კოლორი", წიგნის კაფე "პიატო" და სხვა. ასევე საიდუმლოდ გაგანდობთ, რომ მიდის მუშაობა ახალ, ინოვაციურ მიმართულებაზე.

"პალიტრამედია" მუდმივად ვითარდება, იზრდება და ყოველთვის ცდილობს მედიასფეროში მსოფლიო სიახლეების საქართველოში დანერგვას.

ასეთია გზა ერთი გაზეთით დაწყებული საქმიდან უმსხვილეს მედიაჰოლდინგამდე, რომელიც 6 მსხვილ ინდუსტრიას და 20-ზე მეტ შვილობილ კომპანიას აერთიანებს.

აღსანიშნავია, რომ "პალიტრამედიას" საკუთარი ჰიმნი აქვს. გააგრძელეთ კითხვა