ტანსაცმლის წარმოებას საქართველოში თავისი დიდი ისტორია აქვს. ქართული მოდა ყოველთვის გამოირჩეოდა ორიგინალური და საინტერესო სტილით. მან ბევრი ეტაპი გამოიარა. ძველად, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო ხარისხიანი ნაჭრების შოვნა. მიუხედავად ამისა, ქართველი ქალები მაინც ახერხებდნენ გემოვნებით ჩაცმას.
ქართული მოდის პირველი ცნობილი დიზაინერი ალექსანდრე ახვლედიანი გახლდათ, რომელიც გასული საუკუნის ოცდაათიან წლებში გამოჩნდა. თბილისში მას უბრალოდ - "საშა პარტნოის" ეძახდნენ.
ის წარმოშობით ქუთაისელი იყო და საკმაოდ პატარა ასაკში, გასული საუკუნის 20-იან წლებში ჩამოსულა თბილისში, 1937 წლიდან კი, ქალაქის ყველაზე ცნობილ მოდელიორად და მკერავად მიიჩნეოდა.
დედაქალაქში იმხანად ცნობილი იყო ვოლკოვების ატელიე, რომელიც რუსთაველის #14-ში მდებარეობდა. ვოლკოვები საქართველოში რევოლუციამდე მოღვაწეობდნენ. როგორც კი არეულობა დაიწყო და მასობრივად დაიწყეს უცხოეთში გასვლა, ისინიც ამ ტალღას გაჰყვნენ. ატელიე დატოვეს, მაგრამ უპატრონოდ მაინც არ მიაგდეს. როგორც ირკვევა, მათ ჰყავდათ მოსამსახურე, მათივე სახლში გაზრდილი ქალბატონი ალექსანდრა რომანოვა. სწორედ იგი დატოვეს ამ ატელიეს მეპატრონედ. როგორც "საშა პარტნოის" შთამომავლები იხსენებენ, ვოლკოვებმა ახალგაზრდა ქალს უთხრეს, - თუ ჩამოვალთ, დაგვიბრუნებ ქონებას, თუ ვერ ჩამოვედით, ეს საქმე შენია და რაც გინდა, ის ქენიო. ასე დარჩა ალექსანდრას ატელიე. ახალგაზრდა ქალი თვითონ ვერსად წავიდოდა, რადგან ლოგინად ჩავარდნილი დედა ჰყავდა.
თბილისში ჩამოსული ალექსანდრე ახვლედიანი როგორღაც ამ ქალთან მოხვდა და ის ალექსანდრამ შეგირდად აიყვანა. სწორედ აქედან დაიწყო მისი სამკერვალო კარიერა. ამასობაში ქალ-ვაჟს ერთმანეთი შეუყვარდა და დაქორწინდნენ. ქალი ვაჟზე ათი წლით უფროსი იყო, მაგრამ ამას მათი თანაცხოვრებისთვის ხელი არ შეუშლია, საბოლოოდ კი, მოვლენები ისე განვითარდა, რომ საშა თბილისში ნომერ პირველ მოდელიორად იქცა.
ის არამარტო ყოველდღიურ სამოსს, არამედ სასცენო კოსტიუმებსაც ქმნიდა. როგორ მისი შთამომავლების მონაყოლიდან ირკვევა, მან პარიზში ცხოვრება და საქმის შესწავლაც მოასწრო.
"იმ პერიოდში პარიზში იყვნენ ძმები კაკაბაძეები, ელენე ახვლედიანი, ლადო გუდიაშვილი, ქიქოძე. ბაბუას მათი ნახატები ჰქონდა. ახვლედიანთან და გუდიაშვილთან ურთიერთობა სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა, ძალიან მეგობრობდნენ. პარიზში, დაახლოებით, შვიდი წელი დაყო, იქ შეგირდად იყო და ხელფასიც ჰქონდა, პარალელურად, სწავლობდა კიდეც. რომ მოდიოდა, უფროსს უთქვამს, დარჩი და ერთ წელიწადში მილიონერი იქნებიო. მისი სადიპლომო ნამუშევარი იყო ცნობილი ოპერეტა "ღამურა". ამ სპექტაკლისთვის კოსტიუმები თავიდან ბოლომდე ბაბუამ შეკერა. ფაქტობრივად, თეატრალურ კოსტიუმერად ითვლებოდა. მერე ძალიან დიდხანს მუშაობდა აქ, ოპერაში. ოპერა რომ დაიწვა, მასთან ერთად დაიწვა მთელი მისი კოსტიუმები, არც ერთი არ გადარჩა. კინაღამ გაგიჟდა", - იხსენებს ჟურნალ "თბილისელებისთვის" 2010 წელს მიცემულ ინტერვიუში მისი ძმის შვილიშვილი ია ახვლედიანი.
მასთან ქართული ელიტის წარმომადგენელი ქალბატონები იცვამდნენ. ამბობენ, რომ საშა ესკიზების შექმნის გარეშე ქმნიდა სამოსს.
ქსოვილს მაგიდაზე გაშლიდა და ზედ საპნით ხატავდა თარგს, შემდეგ ჭრიდა, კერავდა და საოცარი სიზუსტით არგებდა ტანზე კლიენტებს. მას დამხმარეები ჰყავდა დაქირავებული, რომლებიც კაბებს ბისერებით რთავდნენ ან ლამაზად ქარგავდნენ. მასთან ცნობილი ქართველი მსახიობებიც იცვამდნენ. მათ შორის ულამაზესი ნატო ვაჩნაძე. "საშა პარტნოი" პარალელურად ოპერაშიც მუშაობდა.
მის კლიენტებზე ია ახვლედიანი ჟურნალ "თბილისელებთან" შემდეგს ჰყვება:
- ძალიან უყვარდა ჭუტა წერეთელთან მუშაობა, ნატო ვაჩნაძეს უკერავდა დიდი ხალისითა და სიყვარულით, ნინო რამიშვილს. ხშირად დადიოდა სტუმრად მეგობრებთან საჩუქრებითა და ტორტით, თუნდაც ქალბატონ ნინოსთან.
ნინო სუხიშვილმა მითხრა: დღესაც მახსოვს, საშა ბიძიას რომ მოჰქონდა ჩვენთან უგემრიელესი ტორტიო. ეს იყო თბილისში ცნობილი ტორტი "სენატორი“, რომელსაც ერთადერთი ქალი აკეთებდა და ოჯახში სულ გვქონდა, რადგან ბაბუა მისი მუდმივი კლიენტი იყო. ის ძალიან ხშირად დადიოდა თეატრში, კონცერტებზე. ყოველთვის ყველაფრის ბილეთები ჰქონდა. მაშინ ქალაქში ბილეთი ძნელად იშოვებოდა, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო შოვნა. მე პრობლემა არ მქონდა, რადგან ერთი დღით ადრე თუ ვეტყოდი, არ არსებობდა დეფიციტური ბილეთი, რომლის შოვნაც მას არ შეეძლო. ძალიან ბევრი ნაცნობი ჰყავდა თეატრალურ წრეებში. იმ ქალებიდან, ვინც ბაბუას აკითხავდა, ზოგიერთ მათგანს უკვე სუნამოს სუნით ვცნობდი, ისე ხშირად მოდიოდნენ. პირველ ხანებში თვითონაც იმდენ სუნამოს ისხამდა, ვწუხდებოდი.
- მასთან ჩინოვნიკების ცოლებიც მოდიოდნენ?
- ნინა გეგეჭკორს უკერავდა. ერთადერთი კაცი იყო, რომელსაც ნინა გეგეჭკორს ახლოს აკარებდნენ, არადა ეს ქალბატონი მუდამ ქმრის დაცვით იყო გარემოცული. როცა ბერია დაიჭირეს, ბაბუამ გუდა-ნაბადი შეკრა და დაჯდა.
შეეშინდა, რომ დააპატიმრებდნენ, მაგრამ, დაპატიმრებას გადაურჩა. საერთოდ, აპოლიტიკური კაცი იყო, არ ერეოდა პოლიტიკაში და, ამბობენ, ამიტომ გადარჩაო, ზოგი ამბობს, ისევ ჩინოვნიკების ცოლებმა გადაარჩინესო. სამაგიეროდ, ფული მიატანინეს. ყველაფრის გაყიდვა მოუწია, ამას შეეწირა მთელი მისი კოლექცია, მეგობრებმაც შეუგროვეს ფული. იმხელა თანხა მოსთხოვეს, რომელიც, ელემენტარულად, არ შეიძლებოდა, სახლში ჰქონოდა. შეკვეთები ბოლომდე ძალიან ბევრი ჰქონდა, მაგრამ მოხუცდა და საქმეს ვეღარ ერეოდა. ბებიაც ვეღარ ეხმარებოდა - აქეთ იყო ბაბუას მოსავლელი. გინდა თუ არა, შეგვიკერეო, - სთხოვდნენ. ჩვენ ვეუბნებოდით: გაანებეთ თავი, ასე რომ "მიაწვებით“, შეგპირდებათ, რადგან ეუხერხულება, უარი გითხრათ, მაგრამ, არ შეუძლია-მეთქი. ჭერამდე ეწყო შეუკერავი ნაჭრები. ის მკერავი ქალებიც დაახლოებით მისი ასაკის იყვნენ, უხსოვარი დროიდან მოჰყვებოდნენ. მერე, ზოგი გარდაიცვალა, ზოგი ვეღარ ხედავდა და მარტო რას გააკეთებდა. საერთოდ, არ იყო ძალიან ჭირვეული კაცი, მაგრამ მუშაობაში სასტიკი გახლდათ, ხანდახან ეს ქალები ცრემლებამდე მიჰყავდა, ნახელავს უწუნებდა... წყარო
საინტერესოა, რომ ნინა გეგეჭკორი "მიშა პარტნოის" თავის მოგონებებშიც იხსენებს. მოგეხსენებათ, ქმრის დაპატიმრების შემდეგ ის შვილთან ერთად დააკავეს. როგორ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, ბერიას ცოლს ბრალად რუსეთის არაშავმიწიანი ზონიდან მოსკოვში ერთი კასრი წითელი მიწის ჩატანა წაუყენეს.
ნინა გეგეჭკორი:
"ყოველდღე მოდიოდა გამომძიებელი, რომელიც მოითხოვდა ჩვენებებს ჩემი ქმრის წინააღმდეგ. მეუბნებოდა, რომ "ხალხი აღშფოთებული იყო ლავრენტის საქციელით". წელიწადზე მეტხანს ვიყავი ციხეში. ბრალდებები? როგორ არა, წამომიყენეს, მაგრამ ნუ გაიცინებთ, ეს სავსებით სერიოზულად იყო ნათქვამი - ბრალი მედებოდა ერთი კასრი წითელი მიწის ჩატანაში რუსეთის არაშავმიწიანი ზონიდან მოსკოვში. საქმე ის გახლავთ, რომ მე ვმუშაობდი სასოფლო-სამეურნეო აკადემიაში, ვიკვლევდი ნიადაგის შემადგენლობას. ჩემი თხოვნით, ოდესღაც მართლა ჩამომიტანეს ერთი კასრი წითელი მიწა. იგი, თურმე, ჩამოუტანიათ თვითმფრინავით. ესე იგი, სახელმწიფოს ტრანსპორტი გამოიყენეს კერძო მიზნებისთვის. მეორე ბრალდება გახლდათ დაქირავებული შრომის გამოყენება - თბილისში ცხოვრობდა ცნობილი მკერავი "საშა პარტნოი". მათი ბრალდებით, სწორედ ეს "საშა პარტნოი" ჩამოსულა ჩემთან მოსკოვში, შეუკერავს კაბა და მე მისთვის გადამიხდია შესაბამისი გასამრჯელო. ალბათ, ასეც იყო. ახლა ზუსტად არ მახსოვს, როდის იყო ჩემთან თბილისელი მკერავი, მაგრამ ნამდვილად იქნებოდა. ოღონდ, თუ ეს დანაშაულია, ახლაც არ ვიცი".
"საშა პარტნოიმ" თავისი კარიერა ვაკეში, კინოთეატრ "ყაზბეგის" გვერდით არსებულ ატელიეში დაასრულა. იქ ბოლოს კონსულტანტად მუშაობდა. მანამდე თავისი პატარა კომპანიაც ჰქონდა, სახელად, "კომუნა".