ავტორი:

"თურქეთიდან მქონდა შემოთავაზება, მაგრამ არ წავედი... მიჭირს აქაურობის დატოვება" - მხატვარი, რომელიც ისტორიულ წარსულს აცოცხლებს: გელა კაპანაძის შემოქმედება დეკორებსა და ტილოზე

"თურქეთიდან მქონდა შემოთავაზება, მაგრამ არ წავედი... მიჭირს აქაურობის დატოვება" - მხატვარი, რომელიც ისტორიულ წარსულს აცოცხლებს: გელა კაპანაძის შემოქმედება დეკორებსა და ტილოზე

გელა კაპანაძის საოცარი ნამუშევრები ხელოვნების ნიმუშად ქცეული ძველი თბილისის ხედებია.. მასზე ამბობენ, რომ მაკეტში ძველი თბილისის ისტორიული წარსული გააცოცხლა. ამჯერად იგი საქართველოს რუკის დეკორაციას ქმნის...

გელა კაპანაძე თავის შემოქმედებაზე გვესაუბრა...

- დეკორაცია პირველად შვიდი წლის წინ შევქმენი, კერძო დაკვეთა იყო და დამკვეთის მიერ აბსოლუტური თავისუფლება მქონდა, ეზოს დიზაინისთვის ნებისმიერი თემა ამეწყო. მე რატომღაც ძველი თბილისი ავირჩიე.

- ანუ მანამდე არანაირი გამოცდილება არ გქონდათ...

- მანამდე გარე სივრცეში არა, მაგრამ ინტერიერში მქონდა... პროფესიით თეატრის მხატვარი ვარ, ათი წელი თეატრში მთავარ მხატვრად ვმუშაობდი. 1998 წელს, სპექტაკლი - „ეზოში ავი ძაღლია“ გავაფორმე. მოქმედება იტალიურ ეზოში ხდება. ნატურალური ზომის დეკორაცია დავდგი, სადაც მსახიობებს თამაში უხდებოდათ. საინტერესო დეკორაცია გამოვიდა... დახურულ სივრცეში მუშაობა შედარებით ადვილია, ნებისმიერ მასალას იყენებ, ნამუშევარი უფრო საინტერესო გამოდის. ღია სივრცეში შეზღუდული ხარ, ისეთი მასალებით მუშაობა გიწევს, რომლებმაც ამინდის ცვალებადობას უნდა გაუძლოს... მარტო ამ პროექტზე არ ვმუშაობ, მთლიანი ფართის დიზაინს ვქმნი. ძალიან მიზიდავს ძველი თბილისის არქიტექტურა, სიძველე, თავისებური ხიბლი აქვს...

- ათვლის წერტილიდან რომ დავიწყოთ... როდის იყო თქვენი პირველი ნაბიჯი ხელოვნებაში?

- ჩემი პირველი ნაბიჯი ხელოვნებაში მამის დამსახურებაა... მამაჩემი პროფესიით პედაგოგია, ხელოვანი, თვითნასწავლი მხატვარი. იგი თავიდან მარტივ ნატურმორტებს მახატვინებდა, ჯერ კიდევ საკმაოდ პატარა რომ ვიყავი. შემდეგ სამხატვრო სკოლაში შემიყვანა... სამხატვრო სკოლის დასრულების შემდეგ, ბათუმის ნ. კანდელაკის სამხატვრო სასწავლებელი ფერწერის სპეციალობით დავამთავრე. ჩემი პედაგოგი იყო ცნობილი მხატვარი - ვახტანგ ბესელია, რომელსაც დიდი ამაგი აქვს ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში.

სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სამხატვრო აკადემიაში, თეატრალურ-დეკორატიულ ფერწერის ფაკულტეტზე ჩავაბარე. სამხატვრო აკადემიაში მასწავლიდა ფარნაოზ ლაპიაშვილი... აკადემიის დამთავრების შემდეგ ცოტა ხნით რუსეთში ვმუშაობდი...

1997 წლიდან ვარ საერთაშორისო მხატვართა კავშირის წევრი, 2012 წლიდან საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი, მონაწილეობა მაქვს მიღებული გამოფენებში.

- ძალიან ნაყოფიერია თქვენი, როგორც მხატვრის მოღვაწეობა ქალაქ ჭიათურის, აკაკი წერეთლის სახელობის თეატრში...

- დიახ... აღნიშნულ თეატრში მთავარ მხატვრად ვმუშაობდი, სადაც 14 სპექტაკლი მაქვს გაფორმებული... რამდენიმე წელი სკოლებში ხატვის პედაგოგად ვმუშაობდი, შემდეგ კერძო სექტორში გადავედი... დღეს ძირითადად დაკვეთებზე მიწევს მუშაობა, პარალელურად სახლშიც, შემოქმედებითად...

- თქვენი მეუღლეც ხელოვანია...

- ჩემი მეუღლე მარი ხუციშვილი მხატვარია, პროფესიით მოდელიორ-დიზაინერი.. იგი ასევე მუსიკოსია, მამაც მუსიკოსი ჰყავს, ვალერი ხუციშვილი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მუსიკის სხვადასხვა ჟანრში აქტიურ შემოქმედებით მუშაობას ეწეოდა... ჩემი მეუღლე ამჟამად მუსიკალურ სტუდიაში ვოკალს ასწავლის. მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, მაინც ახერხებს სახლში შემოქმედებით საქმიანობას, ხატავს, ძერწავს, მუშაობს დეკორატიულ ხელოვნებაში... ერთობლივად გაგვიკეთებია რამდენიმე პროექტი. გვყავს ორი ვაჟი, სანდრო და დავითი. ორივეს გამოჰყვა ხატვის და მუსიკის ნიჭი. სანდრომ პროფესიით სხვა სფერო აირჩია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტია. თავისუფალ დროს ხატავს, უკრავს, მღერის... დათიც ხატავს, სურს ფეხბურთელი გამოვიდეს. ფეხბურთზე დადის, საკმაოდ წარმატებულია, თავისი საქმე უყვარს.

- გვიამბეთ თქვენზე, როგორც ხატმწერზე...

- დიახ, ადრე ხატწერაში ვმუშაობდი, აკადემიაში პირველი კურსი ფერწერის რესტავრაცია დავხურე. ეს არის დაზგური და მონუმენტური ფერწერის, ხატწერის რესტავრაცია, სადაც ხატწერა თავისთავად ისწავლება...შემდეგ რამდენიმე ეკლესიაში ჯგუფთან ერთად ეკლესიის მოხატვა მომიხდა. ერთი პერიოდი აქტიურად ვწერდი ხატებს, ეს წლები გრძელდებოდა. როდესაც ხატს წერ, ეს უდიდესი სიამოვნება და მადლია! ყველა საეკლესიო წესი ზედმიწევნით უნდა დაიცვა, მარხვა, კანონიკა და ა.შ... ხატწერიდან გამომდინარე ჩამომიყალიბდა საგნის დეტალიზების აღქმა, ყველა დეტალს ყურადღებას ვაქცევ, რაიმე არ გამომრჩეს. ჩემს ნამუშევარს კრიტიკული თვალით ვუყურებ, სრულყოფილებამდე რომ მივიდეს.

- როგორც ახსენეთ, ურთულესია ღია სივრცეში მუშაობა...

- მინიატურა უფრო ინტერიერში გამოდის, დეტალიზებას უფრო ვაღწევ. მასალა გიშვებს, ამინდისგან, ტემპერატურის ცვალებადობისგან დაცული ხარ... მაგალითად, ხეს, თაბაშირს, შპაკლის, მუყაოს და ა. შ. გარეთ ვერ გამოიყენებ, მალე ფუჭდება. გარეთ უფრო რკინის კონსტრუქციებით მუშაობა მიწევს... ელექტრო შედუღებას ვიყენებ, კარკასს ვაკეთებ, რკინის ბადეს ვაკრავ, ფაქტობრივად, ქანდაკებას ვაკეთებ, შემდეგ კი ყინვაგამძლე მასალებით ვიწყებ მუშაობას. ძალიან ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი, შეცდომა რომ არ დაუშვა, შეიძლება ათმა სანტიმეტრმა მთელი მაკეტის დაშლა მოითხოვოს.

- პერსონალური გამოფენა არ გქონიათ?

- ჯერ არ მქონია, ჯგუფურ გამოფენებში კი ბევრჯერ მიმიღია მონაწილეობა. სამომავლოდ ვაპირებ პერსონალური გამოფენის მოწყობას, ამ ეტაპზე ჯერჯერობით მზად არ ვარ...კერძო დაკვეთებით ვარ დაკავებული, დაკვეთები მასიურად წამოვიდა... განსხვავებული სტილი უნდათ, ორიგინალური, მეც ვცდილობ, რომ დამკვეთი ჩემი ნამუშევრით კმაყოფილი, ნასიამოვნები დარჩეს.

- გამოითქვა სურვილი, მინიატურები აფხაზეთის თემას მიუძღვნათ...

- ეს ცნობილი ფოტოგრაფის გიორგი ნიკოლავას ძალიან კარგი იდეაა, რომელსაც სამომავლოდ განვახორციელებ... 70-იანი წლების ბოლოს, მამაჩემმა ძალიან პატარა აფხაზეთში წამიყვანა. იქაურობა ბუნდოვნად მახსოვს... მაიმუნები, პატარა პარკი, ლამაზი გემები მახსენდება, რაც ბავშვს დამამახსოვრდა. აფხაზეთი სურათებით მაქვს შესწავლილი, რაც იყო. მშვენიერი მასალაა, თავისი განუმეორებელი ბუნებით, მდებარეობით, ლამაზი სასტუმროებით... მე ვფიქრობ, ეს უნდა გააკეთოს იმ ადამიანმა, ვინც იქ ცხოვრობდა, უკეთ გადმოსცემს თავისი ქალაქის იერსახეს...

- როგორც ვიცი, მასშტაბური სამომავლო გეგმა გაქვთ...

- სურვილი მაქვს, მინიატურის სტილში საქართველოს რუკა შევქმნა, ყველა თავისი კუთხით. ძალიან ლამაზი გამოვა...ყველამ იცის შეკვეთილის მინიატურული პარკი, სადაც წარმოდგენილია საქართველოს ღირსშესანიშნაობები მინიატურულ სტილში. ოღონდ ეს ყველაფერი კომპიუტერით შექმნილია უმაღლესი დეტალიზაციით... ჩემი ხელით ნაკეთები იქნება, ბევრად განსხვავებული და ორიგინალური...

- უცხოელებს ძალიან მოსწონთ თქვენი შემოქმედება... თუ გქონიათ შემოთავაზება საზღვარგარეთიდან?

- დიახ, ძალიან მოსწონთ და აფასებენ... სტამბულში მქონდა შეკვეთა, მაგრამ არ წავედი. დიდი ხნის საქმე იყო, მე კი მიჭირს აქაურობის დატოვება. ვინც წავიდა, უკან აღარავინ ბრუნდება, ყველა რომ წავიდეს, ვის ვუტოვებთ აქაურობას? - ძალიან ძნელი თემაა!