ავტორი:

"მეფე კაზუ" - 56 წლის სპორტსმენი, რომელიც ფეხბურთს პროფესიონალურ დონეზე თამაშობს: "ჩემი ნაწილი უარს ამბობს აღიაროს, რომ მოხუცი ვარ"

"მეფე კაზუ" - 56 წლის სპორტსმენი, რომელიც ფეხბურთს პროფესიონალურ დონეზე თამაშობს: "ჩემი ნაწილი უარს ამბობს აღიაროს, რომ მოხუცი ვარ"
  • "მეფე კაზუ“ - ასე შეარქვეს გულშემატკივრებმა 56 წლის იაპონელ ფეხბურთელს, მიურა კაზუიოშის, რომელიც თავისი ასაკის მიუხედავად, ფეხბურთს კვლავ პროფესიონალურ დონეზე თამაშობს.

ამჯერად მისი კარიერული გაჩერება პორტუგალიაა. რამდენიმე დღის წინ ფეხბურთელის დებიუტი პორტუგალიის მეორე ლიგაში, კლუბ "ოლივეირენსში“ შედგა, სადაც "იოკოჰამადან" იჯარით გადავიდა.

ფეხბურთის თამაში მისი ცხოვრებაა, არ შეუძლია ამ სპორტის გარეშე, რაც ერთადერთი მიზეზია, რის გამოც ამ ასაკამდე არ ამბობს უარს თამაშზე.

"როდესაც ბრაზილიაში გადავედი და საფეხბურთო კარიერას ვიწყებდი, 15 წლის ვიყავი და მაშინ მეგონა, რომ 50, 60 წლის ადამიანი ბაბუა იყო, მაგრამ ახლა, როცა ამ ასაკში ვარ, ჩემი ნაწილი უარს ამბობს აღიაროს, რომ მოხუცი ვარ“, - ამბობს ფეხბურთელი და ერთ ისტორიას ღიმილით იხსენებს:

  • "ლიფტში ვიყავი, ხელში ბურთი მქონდა, დაახლოებით, ორი-სამი წლის ბავშვი მამასთან ერთად შემოვიდა. მამამ ბავშვს უთხრა, რატომ არ სთხოვ ბაბუას, რომ ბურთი გათხოვოს?

ეს იმის მანიშნებელი იყო, რომ მე მოხუცივით გამოვიყურები, რაც ჩემთვის შოკისმომგვრელი გახლდათ. ოფიციალურად, მე ბაბუა ვარ. შეიძლება ზოგიერთს 70 წლისაც კი ვგონივარ“, - ამბობს მიურა.

იაპონიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ამ ქვეყნის გამორჩეული, პოპულარული და ხალხის ერთ-ერთი საყვარელი სპორტსმენია.

  • მიტომა კაურუმდე, კუბო ტაკეფუსამდე და ნაკატა ჰიდეტოშიმდე სწორედ მიურა იყო იაპონელთა საფეხბურთო გმირი. ეროვნული ნაკრების რიგებში ჩატარებულ 89 ოფიციალურ მატჩში 55 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით, იაპონიის საუკეთესო მეგოლეებს შორის მეორე ადგილს იკავებს. ბოლოს ოფიციალური მატჩი ეროვნული ნაკრების რიგებში 2000 წელს ჩაატარა.

მიურა კარიერის განმავლობაში თამაშობდა ბრაზილიის, იტალიის, ხორვატიისა და ავსტრალიის კლუბებში - "სანტოსში", "პალმეირასში", "ჯენოაში", "ზაგრების დინამოში", "ისელ კობეში".

"მინდა, რაც შეიძლება დიდხანს ვითამაშო და გუნდს დავეხმარო გამარჯვებაში. ეს არის ჩემი მიზანი“, - თქვა პორტუგალიურ კლუბში გადასვლის შემდეგ. პორტუგალიური ლიგის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მოედანზე გამოსვლით "მეფე კაზუ" გახდა ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, რომელსაც პორტუგალიურ ფეხბურთში ოდესმე უთამაშია - 56 წლის, ერთი თვისა და 24 დღის.

ვნახოთ, ვინ არის 10 ყველაზე ასაკოვანი მოქმედი ფეხბურთელი:

  1. მიურა კაზუიოში - 56 წლის, პორტუგალია, "ოლივეირენსი".
  2. ჯანლუიჯი ბუფონი - 45 წლის, ამჟამად თამაშობს სერია B-ში, "პარმას“ რიგებში.
  3. ენდო იასუჰიტო, 43 წლის, მისი ამჟამინდელი კლუბია იაპონიის მეორე ლიგაში მოთამაშე úbilo Iwata
  4. ხოაკინ სანჩესი, 41 წლის, ამჟამად "რეალ ბეტისის" ღირსებას იცავს
  5. როკი სანტა კრუზი, 41 წლის, ამჟამად პარაგვაის დივიზიონში, "ლიბერტადში" თამაშობს.
  6. ზლატან იბრაჰიმოვიჩი, 41 წლის, იტალია, "მილანი."
  7. კრისტიან რივეროსი, 40 წლის, პარაგვაი, "ლიბერტადი"
  8. სეიდ მუჰამედ ადნანი, 40 წლის, ამჟამად ბაჰრეინის პრემიერ ლიგაში, "ალ ჰიდში" თამაშობს.
  9. ათიბა ჰაჩინსონი, 40 წლის, მისი ამჟამინდელი კლუბი თურქული "ბეშიქთაშია".
  10. პეპე, 40 წლის, პორტუგალიის პრიმერა ლიგაში, "პორტოში" თამაშობს.