გლობალიზაციისა და რეგიონული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელს სტეფან გრიგორიანის განცხადებით, თუ საქართველო რუსეთთან პოლიტიკურ თამაშებს გააგრძელებს, ეს ქვეყანას ტერიტორიების დაკარგვად დაუჯდება. ამის შესახებ მან "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში ისაუბრა.
"იმის გამო, რომ სომხურ საზოგადოებაში საკმაოდ ბევრი პრორუსული განწყობების ადამიანია, პრემიერ ფაშინიანსაც მოუწია რუსეთთან გარკვეული თამაშების წარმოება, მაგრამ ფაქტია, რომ ქვეყანამ ტერიტორიებიც დაკარგა, რასაც უამრავი ადამიანი შეეწირა. ძალიან არ მინდა, რომ ასეთი სცენარი საქართველოშიც განმეორდეს.
თუ საქართველო რუსეთთან პოლიტიკურ თამაშებს გააგრძელებს, უნდა იცოდეთ, რომ ეს ქვეყანას ტერიტორიების დაკარგვად დაუჯდება. მოვლენათა ასეთი სცენარით განვითარების უამრავი საბაბი არსებობს, მაგრამ მთავარი გახლავთ ის, რომ რუსეთი ვერ იტანს იმ ქვეყნებს, სადაც დემოკრატიის ხარისხი მაღალია და სადაც ხელისუფლებები არჩევნების გზით იცვლებიან. ასეთი რამ რუსეთში არც პუტინს და არც მის გარემოცვას არ და ვერ წარმოუდგენია. ჩვენ ეს უნდა გვესმოდეს. ამიტომ რუსეთთან ნებისმიერი ტიპის თამაშები ცუდად სრულდება.
ამის კლასიკური მაგალითია მოლდოვა. პრეზიდენტი სანდუ დაიღალა რუსეთთან თამაშებით, მაგრამ, რუსეთს უარი არ უთქვამს დნესტრისპირეთზე. ახლა მოლდოვამ მკაფიოდ დასავლური გზა აირჩია. შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს, გააძევა რუსი დიპლომატები.
რუსეთთან თამაშებს აზრი იმიტომ არ აქვს, რომ რუსეთისთვის მიუღებელია სსრკ-ს ყოფილი რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. იგი არ მალავს თავის მიზნებს, რომ უნდა სსრკ-ს მსგავსი გაერთიანების შექმნა", - აცხადებს ის.