გამოქვეყნდა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მორიგი კვლევის შედეგები, რომელიც 17-23 მარტის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით სატელეფონო გამოკითხვას ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). როგორც ირკვევა, მარტში ჩატარებული გამოკითხვა 1032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2 პროცენტია. NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით განხორციელდა, კვლევა კი ჩაატარა "CRRC საქართველომ".
გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები კვლავ მტკიცედ უჭერენ მხარს ევროკავშირთან ახლო პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობას. თუმცა, ასეთი მისწრაფებების მიუხედავად, მოსახლეობის უმრავლესობის აზრით, საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროკავშირში გასაწევრიანებლად საკმარისს არ აკეთებს.
"ნატოსა და ევროკავშირში გაწევრების მაღალი მხარდაჭერა ცხადყოფს, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია მოქალაქეების ურყევი ნებაა. საქართველოს მოსახლეობის ასეთი მისწრაფება სტიმული უნდა გახდეს პოლიტიკური და სამოქალაქო ლიდერებისთვის, რათა მათ მოქალაქეების საჭიროებების საპასუხოდ იმოქმედონ“ -აცხადებს "NDI საქართველოს" დირექტორი ალან გილამი.
მისივე თქმით: "აუცილებელია, რომ მთავრობამ, პარლამენტმა და პოლიტიკურმა პარტიებმა ერთმანეთთან ითანამშრომლონ და ძალისხმევა მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი ისეთი საკითხების მოგვარებაზე მიმართონ, როგორიცაა: სამუშაო ადგილები, სიღარიბე და ფასების ზრდა. ეს ქვეყანაში ინსტიტუტებისადმი ნდობის აღდგენას შეუწყობს ხელს. ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგის ნაცვლად, მოსახლეობისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე მუშაობა და ამ გზით პოლიტიკური პარტიებისადმი ნდობის აღდგენა, დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელი წინაპირობაა“.
უახლესი კვლევა ინსტიტუტების მიმართ მოსახლეობის დაბალ ნდობაზეც მიუთითებს. მოქალაქეების 64% ამბობს, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური პარტიებიდან მათ ინტერესებს არცერთი არ წარმოადგენს.
პარტიების მიმართ სკეპტიკური განწყობა, განსაკუთრებით, ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფში გამოიკვეთა - მათგან მხოლოდ 15% ამბობს, რომ ერთი პოლიტიკური პარტია მაინც ეხმიანება მათ ინტერესებს. ამავე კვლევის თანახმად, უმრავლესობის აზრით, პარლამენტი მოსახლეობის საჭიროებებს არ პასუხობს. მოსახლეობის ნახევარი (49 %) მიიჩნევს, რომ პარლამენტი არ იღებს კანონებს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. მეტიც, მხოლოდ მესამედი ამბობს, რომ საკანონმდებლო ორგანო რეგულარულად ეკონტაქტება მოქალაქეებს.
ყოველი მეორე მოქალაქე (51%) ამბობს, რომ არცერთ ქართულ ტელეარხს არ ენდობა, რაც მნიშვნელოვანი ზრდაა 2019 წლის შემდეგ, როცა ეს მაჩვენებელი 20%-ს შეადგენდა. კვლევის მონაცემები პოლიტიკაში მეტი ქალის მონაწილეობის სურვილზეც მიუთითებს. ეს დასტურია იმისა, რომ მოქალაქეებს პოლიტიკურ დისკურსში და დღის წესრიგში ცვლილებების შეტანა სურთ. 2014 წელთან შედარებით, გაზრდილია იმ ადამიანების რაოდენობა (48%-დან 56% - მდე) ვინც ფიქრობს, რომ ქალი და კაცი პოლიტიკოსები ერთნაირად წარმოადგენენ მათ ინტერესებს. ახლა ნაკლები ადამიანი (მხოლოდ 16 %) მიიჩნევს, რომ კაცი პოლიტიკოსები ქალებზე უკეთ წარმოადგენენ მოქალაქეების ინტერესებს. აღსანიშნავია ისიც, რომ პარლამენტში ქალებისა და კაცების თანაბარ გადანაწილებას სულ უფრო მეტი ადამიანი ემხრობა. „კვლევა ცხადყოფს, რომ მოქალაქეებს სურთ მეტი ქალის ხილვა არა მხოლოდ პოლიტიკაში, არამედ გადაწყვეტილების მიმღებ სხვა პოზიციებზეც. ამ მონაცემებმა ბიძგი უნდა მისცეს პოლიტიკურ პარტიებს, რათა მოსახლეობის სურვილის საპასუხოდ ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობას შეუწყონ ხელი“, - განაცხადა ალან გილამმა.
იხილეთ ასევე: