ავტორი:

"თეატრს დავემშვიდობე, თუმცა მსახიობობას ვაგრძელებ კამერასთან... სერიალში იმის თამაში, რომ ქალი გიზიდავს, იოლი არ იყო" - ნათია კვაშალის ცხოვრება ეკრანს მიღმა

"თეატრს დავემშვიდობე, თუმცა მსახიობობას ვაგრძელებ კამერასთან... სერიალში იმის თამაში, რომ ქალი გიზიდავს, იოლი არ იყო" - ნათია კვაშალის ცხოვრება ეკრანს მიღმა

სერიალი "სიყვარულს მიღმა" სულ უფრო პოპულარული ხდება. ცოტა ხნის წინ მესამე სეზონის დასასრული საკმაოდ დრამატული იყო და მაყურებელს დიდი მოლოდინიც გაუჩინა. ერთ-ერთ სახასიათო როლს სერიალში ნათია კვაშალი ასრულებს. საზღვარგარეთ მცხოვრები გოგონა მხოლოდ დაქალებთან ურთიერთობის მომენტში ჩნდება სერიალში. თუმცა მისი პერსონაჟის მიმართ ყურადღება მას შემდეგ იზრდება, რაც მაყურებელი იგებს, რომ "ეკა" განსხვავებული ორიენტაციის მქონეა. როგორც ჟურნალ "გზას" ნათია კვაშალი ეუბნება ამ როლის თამაში არც ისე იოლი იყო.

- როცა ეკრანზე საკუთარ თავს ხედავთ, როგორი განცდა გეუფლებათ?

- საერთოდ, ძალიან თვითკრიტიკული ვარ. მიჭირს ჩემს თავს ეკრანზე მშვიდად ვუყურო. ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ იმიტომ ვუყურებ, რომ "დავიჭირო", რა არის შესაცვლელი და გასაუმჯობესებელი. სერიალს ვუყურებ, მაგრამ როგორც კი ჩემი მონაწილეობით გადაღებული ეპიზოდი იწყება, მაშინვე საოცრად კრიტიკული ვხდები - ყოველთვის რაღაც პრობლემას ვხედავ...

- მაგალითად, რა პრობლემას?

- ძირითადად, არ მომწონს ხოლმე. არის ეპიზოდები, როცა ვფიქრობ, რომ როლს ბუნებრივად ვასრულებ - კარგად გამოვიდა, მაგრამ საკუთარ თავს მაინც უარყოფითად ვაფასებ: სულ რაღაცას ვეძებ, ჩემს გმირს "ვუჩხიკინებ", რომ უკეთესად ვითამაშო... როცა პანდემია დაიწყო, მოგეხსენებათ, მსოფლიომ 2-წლიანი "ტაიმ-აუტი" აიღო, თან - შვილი გავაჩინე და ისე მოხდა, რომ ახლა, როცა კამერასთან დავდექი, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ამას პირველად ვაკეთებდი. მსახიობობა ისეთი პროფესიაა, სულ "ჩართული" უნდა იყო, ვითარდებოდე... რაკი დიდი პაუზა გამომივიდა, ძალიან ვნერვიულობდი, კამერასთან როგორი ვიქნებოდი. ამიტომ, საკუთარი თავის მიმართ კიდევ უფრო კრიტიკული ვარ.

- თქვენს სამეგობროში რომ აღმოჩენილიყო ადამიანი, რომლის არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის შესახებ არაფერი იცოდით და ეს ამბავი წლების მერე შეგეტყოთ, საინტერესოა, როგორი რეაქცია გექნებოდათ?

- ნებისმიერ შემთხვევაში, ყველანაირად მხარში ამოვუდგები, გინდა მეგობარი იყოს, გინდა - არა, რადგან კარგად მაქვს შეგნებული, რომ ჩვენს ქვეყანაში ასეთ ადამიანებს საკმაოდ ავიწროებენ. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ განსხვავებული ორიენტაციის აღიარება საკმაოდ რთულია. ალბათ, ასეთი ადამიანები ურთულეს გზას გადიან, რომ ოჯახის წევრებს, მეგობრებს სიმართლე უთხრან...

- სერიალში "სიყვარულს მიღმა" თქვენი გმირის - ეკას სექსუალური ორიენტაცია თქვენთვისაც მოულოდნელი ხომ არ იყო, თუ ამის შესახებ თავიდანვე იცოდით?

- მოულოდნელი არაფერი ყოფილა. თავიდანვე შეთანხმებული ვიყავით, რომ საბოლოო ჯამში, ეს გმირი განსხვავებული ორიენტაციის იქნებოდა, მაგრამ სათამაშოდ საკმაოდ რთული გახლდათ: ვგულისხმობ ძიების პროცესს, რომ ეკრანზე ჩემი გმირი ძალიან დამაჯერებელი, ბუნებრივი ყოფილიყო. იმის თამაში, რომ ქალი გიზიდავს, როცა შენივე სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობას მიჩვეული არ ხარ, iolი არ იყო. იმედი მაქვს, ამოცანას თავი გავართვი.

- გვიამბეთ, ამ როლს როგორ ამუშავებდით?

- საერთოდ, როცა მსახიობი ნებისმიერ როლზე მუშაობას იწყებ, ძალიან ბევრს ფიქრობ, სანამ პრაქტიკაში გადაიტან იმას, თუ როგორ დადის, მეტყველებს შენი გმირი, როგორი ემოციის, ბიოგრაფიის მქონეა... ამ როლთან დაკავშირებით, კიდევ უფრო მეტი ვიფიქრე, რომ ჩემთვის უცხო არ ყოფილიყო, კარგად შემესისხლხორცებინა.

- თქვენ და ეკას რა მკვეთრად განმასხვავებელი თვისებები გაქვთ?

- ეკა ძალიან ხისტი და პირდაპირია. ურთიერთობებს საერთოდ არ უფრთხილდება. პირადად მე, ასეთი არ ვარ. ძალიან დიპლომატი გახლავართ.

- თქვენი ხასიათის რომელი თვისება გეამაყებათ?

- როგორც ყველას, მეც მაქვს დადებითი და უარყოფითი თვისებები. მომწონს, რომ გამგები, მშვიდი და დიპლომატი ვარ - ასე ვფიქრობ.

- ადამიანებს ადვილად უმეგობრდებით?

- ძალიან. კომუნიკაბელური გახლავართ. ისეთი ფაქტი საერთოდ არ მახსენდება, რომ ადამიანთან საერთო ენა ვერ გამომეძებნა, სქესის და ასაკის მიუხედავად....წაიკითხეთ სრულად