ავტორი:

"კვარაცხელია იქცა დიად აღმოჩენად..." - ყველაზე დიდი როლი და ჩემპიონობის ყველაზე მოკრძალებული აღნიშვნა: ატირებული "კვარა" და გამოხმაურებები გამარჯვების შემდეგ

"კვარაცხელია იქცა დიად აღმოჩენად..." - ყველაზე დიდი როლი და ჩემპიონობის ყველაზე მოკრძალებული აღნიშვნა: ატირებული "კვარა" და გამოხმაურებები გამარჯვების შემდეგ

ის სულ რაღაც 22 წლის არის...

ზუსტად ერთი წლის წინ ბევრმა არავინ იცოდა მის შესახებ და "ნაპოლის" სატრანსფერო გადაწყვეტილებას დიდწილად ეჭვის თვალით უყურებდნენ.

ის უკვე ჩემპიონია და ერთი წლის წინ, 10 მილიონად შეძენილი ბიჭი დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი ძვირადღირებული ფეხბურთელია. შეიძლება ითქვას, რომ მან ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ ჩემპიონობაში და ასევე ყველაზე მოკრძალებულად აღნიშნა - სამშობლოს დროშა შემოხვეული იჯდა თავისთვის გასახდელში და ჩუმად ტიროდა...

33 წლის შემდეგ "ნაპოლი" იტალიის სერია ა-ს ჩემპიონი გახდა...

ნეაპოლს წუხელ არ ეძინა. ფაქტობრივად, მთელი ქალაქი გარეთ იყო და ნანატრ ჩემპიონობას აღნიშნავდა.

ლუჩანო სპალეტიმ შექმნა გუნდი, რომელმაც არა მხოლოდ ნეაპოლს, მთელ იტალიას, საქართველოს და ევროპულ ფეხბურთს საოცარი სეზონი აჩუქა. ამ სეზონისას ბრწყინავდა ნიგერიელი ვიქტორ ოსიმენი, გუნდის დაცვის ბურჯად იდგა კორეელი კიმ მინ-ჯე, ნახევარდაცვის ხაზის გმირი იყო სლოვაკი სტანისლავ ლობოტკა, მაგრამ, შეუძლებელია ვინმემ არ აღიაროს, რომ ამ ოქროს გუნდის მთავარ კოზირად იქცა სწორედ ქართველი ხვიჩა კვარაცხელია.

“ნაპოლის” კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ, სერია A-ს მოგების შემდეგ, ჟურნალისტებთან "კვარას" შესახებ ისაუბრა:

“კვარა? მისი ნაპოლიში ჩამოსვლა და სკუდეტოს დაუყოვნებლივ მოგება წარმოუდგენელი შედეგი და ფაქტია. ის ჩუმი ბიჭია, მაგრამ მოედანზე ფეთქდება და თავს საუკეთესოდ სწორედ იქ გრძნობს. მან ბევრი მატჩის ბედი ჩვენთვის სასიკეთოდ გადაწყვიტა. ჩვენს წლევანდელ წარმატებაში მას ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის. "იუვენტუსთან" 5:1 გამარჯვების შემდეგ, ჩვენ ჩვენი თავის კიდევ უფრო ძლიერად ვიწამეთ და ვირწმუნეთ, რომ სერია A-ს ტრიუმფთან ძალიან ახლოს ვიყავით. სწორედ “იუვესთან” მატჩის შემდეგ დავრწმუნდით, თუ რამხელა ძალა აქვს "კვარასა და სპალეტის”.

"ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი 33-წლიანი ლოდინის შემდეგ "ნაპოლის" სკუდეტოს მოპოვების მთავარი შემოქმედები არიან. მათი გოლები და მოედანზე ურთიერთმოქმედება არნახული იყო და ამას ქალაქი ძალიან დიდხანს ვერ დაივიწყებს. როგორც იქნა, გამარჯვების დღე დადგა და გულშემატკივრების მილოცვებს იღებენ. გუნდის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ოსიმენი, რომელმაც გასული ორი წლის ტრავმები უკან მოიტოვა და საკუთარი ფასეულობა დაამტკიცა. სიურპრიზი კვარაცხელია - მან კაპიტანი შეცვალა, რაც ადვილი ნამდვილად არ გახლდათ და მთელი სეზონის განმავლობაში დამაჯერებელი იყო.

ციფრები მრავლისმეტყველია: ოსიმენის 21 გოლი და 4 საგოლე გადაცემა და კვარაცხელიას 12 გოლი და 10 საგოლე პასი. ქართველი კლუბის სპორტულმა დირექტორმა კრისტიან ჯუნტოლიმ წარმატებული ტრანსფერის შედეგად გადმოიბირა. მათი დიდებული თამაში, რა თქმა უნდა, ყურადღებას იპყრობს და ტოპ-კლუბები ნიადაგის მოსინჯვას იწყებენ. პირველ რიგში, ეს ოსიმენს ეხება. ის დღეს არანაკლებ 120-150 მილიონი ევრო ღირს და კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი სათანადო შეთავაზების შემთხვევაში, შეიძლება თავის ბომბარდირს შეელიოს კიდეც. ვიქტორს მსურველები არ აკლია, მათ შორის "ბაიერნი", პსჟ და "მანჩესტერი" დიდი ყურადღებით აკვირდებიან. ნიგერიელს კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და აქედან გამომდინარე, თუ თანამშრომლობა არ გააგრძელა, დე ლაურენტისს ტრანსფერის სარეკორდო თანხად განხორციელების ბოლო შანსი დარჩება.

სრულიად სხვაგვარია ქართველის სიტუაცია: ის სულ რაღაც 10 მილიონად შეიძინეს, მისმა ფასმა ფანტასტიკურად მოიმატა და "ნაპოლისთან" გრძელვადიანი ხელშეკრულებითაა დაკავშირებული.

ახლა ნეაპოლელები მოგებული სკუდეტოთი ხარობენ და ჩინებული დუეტი სეზონის ბოლომდე ქომაგებს კიდევ მიანიჭებს სიამოვნებას", - წერს იტალიური გამოცემა "Calciomercato", რომლის თარგმანსაც sportall-ge აქვეყნებს.

ნეაპოლელთა ტრიუმფს გამოეხმაურა yahoo sports-ი, რომელმაც "კვარასა" და ოსიმენს სტატია მიუძღვნა, რომელშიც ვკითხულუბთ:

“ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლის” უდიდესი ფეხბურთელების რანგში დიეგო მარადონას შეუერთდნენ მას შემდეგ, რაც იტალიურმა კლუბმა სკუდეტო მესამედ მოიპოვა. მათ დამანგრეველი დუეტი შექმნეს, რომელიც ჩემპიონობის მოსაპოვებლად და თაობების ოცნების ასასრულებლად საკმარისი აღმოჩნდა.

ოსიმენისა და კვარაცხელიას კედელზე შესრულებული ნახატები კი ნეაპოლის ქუჩებში დიეგო მარადონას უმშვენებს მხარს.

ქართველმა - მარცხენა ფლანგის ჯადოქარმა, სეზონში უკვე 12 გოლი და 10 ასისტი მოაგროვა, რაც მსოფლიოს ტოპ კლუბების სასურველთა სიაში მოსახვედრად საკმარისზე მეტიცაა".

"ნაპოლის" გამარჯვებას ბრიტანული "გარდიანი" ეხმაურება სტატიით, რომლის სათაურია: "არასდროს უნდა დანებდე" - აუტსაიდერი "ნაპოლი" კვლავ იდიდეს გამარჯვებას აღწევს".

"ნაპოლი" იყო შეუბრალებელი და ამასთანვე ჯადოსნური: ლურჯი ზღვა, რომელიც იცვლიდა ფორმას, რომელიც ავსებდა ყველაფერს და რომელსაც მოწინააღმდეგე ვერაფერს უხერხებდა. ეს იყო ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც დიდება დამსახურებულად მოიპოვა, ის საოცრად მოძრაობდა მარცხნივ თუ მარჯვნივ, რითაც დააჰიპნოზა "ატალანტას" მცველები, ეს იყო ვიქტორ ოსიმენი, რომელიც ბურთთან შეხებისთანავე ჟონგლიორობას იწყებდა და იტანდა გოლებს.

კვარაცხელია იქცა დიად აღმოჩენად და ოსიმენთან ერთად იყო შეუდარებელი. ნიგერიელის ტალანტის გახსნა ვერ მოხერხდა პირველ ორ სეზონში ფრანგული "ლილიდან" "ნაპოლიში" გადასვლის შემდეგ. მან წლევანდელ სეზონში ტრავმის გამო ვერ მიიღო მონაწილეობა 7 მატჩში, მაგრამ სეზონის საუკეთესო ბომბარდირი მაინც ხდება", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, სერია A-ს 33-ე ტურში "ნაპოლი" "უდინეზეს" ესტუმრა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა ჩემპიონობისთვის და "პარტენოპეი" სკუდეტოს გამარჯვებული ისტორიაში მესამედ გახდა.

იხიელთ ასევე:

.