ავტორი:

რას აცხადებს გიორგი ვაშაძის ძმა იმ საოფისე ფართებთან კავშირზე, სადაც სავარაუდოდ, "ქოლ-ცენტრებთან“ დაკავშირებით სპეცოპერაცია ჩატარდა

რას აცხადებს გიორგი ვაშაძის ძმა იმ საოფისე ფართებთან კავშირზე,  სადაც სავარაუდოდ, "ქოლ-ცენტრებთან“ დაკავშირებით სპეცოპერაცია ჩატარდა

"სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის ძმა, დავით ვაშაძე იმ საოფისე ფართებთან კავშირს უარყოფს, სადაც ცოტა ხნის წინ, სავარაუდოდ, "ქოლ-ცენტრებთან“ დაკავშირებით სპეცოპერაცია ჩატარდა.

როგორც დავით ვაშაძე განმარტავს, იმ შენობაში, სადაც ოფისებია დალუქული, ის 25%-იანი წილის მფლობელია, თუმცა აღნიშნულ ფართზე მას სასტუმრო აქვს და დანარჩენ ფართებთან არც შეხება აქვს და არც გადაწყვეტილებების მიმღები არ არის.

"მეორე სართულზე არის სასტუმრო, რომელიც ჩემია. შესაბამისად, ამ შენობაში ჩემი ნაწილი, მხოლოდ ეს სასტუმროა, არანაირ გადაწყვეტილებაში ჩართული არ ვარ. შენობის 25% ჩემია, მაგრამ ეს 25% მეორე სართულზე მდებარე სასტუმროა. ჩემს სასტუმროზე ქვედა მხრიდან პრობლემა მაქვს, ხშირად, ხან დისკოკლუბი იყო, ხან კარაოკეკლუბი, რაც სასტუმროს ხელს უშლიდა, ბევრჯერ პოლიციაც მყავს გამოძახებული. გუშინ სასტუმროდან დამირეკეს, მართლწესრიგის ოფიცერი კითხულობდა, თუ რა იყო ზემოთ. ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მქონდა, რადგან ფართი დაკეტილი იყო, ადრე კი ფრანგული ინსტიტუტი იყო“, - განაცხადა ვაშაძემ.

მისთვის ისიც უცნობია, თუ ვის ჰქონდა ამჟამად დალუქული ფართები ნაქირავები.

"როგორც 25%-ის მფლობელს, საერთოდ არანაირი უფლება არ მაქვს უძრავ ქონებაში ხელშეკრულებების გაფორმებაში გადაწყვეტილება მივიღო, ესაუბრეთ დირექტორს. მოგეხსენებათ, შპს-ში ყველანაირ გადაწყვეტილებას დირექტორი იღებს, ის აკონტროლებს მმართველ პაკეტს. ხელშეკრულებას აფორმებს დირექტორი, მეწილე ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.

"ქოლ-ცენტრზე“ არასდროს არაფერი მსმენია. შენობას ორი შესასვლელი აქვს. წინა მხრიდან არასდროს არავინ მოძრაობდა. ზოგადად, ჩემი დამოკიდებულება "ქოლ-ცენტრების“ მიმართ მკვეთრად ნეგატიურია. თუ ჩემგან რამე ინფორმაციაა საჭირო, ღია ვარ“, - განაცხადა დავით ვაშაძემ.

ცნობისთვის, აღმაშენებლის N 75-ში, წუხელ, გვიან ღამით სპეცოპერაცია დაიწყო, რომელიც დღეს დასრულდა. აღნიშნულ მისამართზე რამდენიმე საოფისე ფართია დალუქული. არსებული ინფორმაციით, ოფისებიდან კომპიუტერული ტექნიკა და ელექტრო მოწყობილობებია ამოღებული.

სპეცოპერაცია ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეს უკავშირდება.