ავტორი:

პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა "პოლიციის ქალაქის” საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადეს

პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა "პოლიციის ქალაქის” საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის განკუთვნილი "პოლიციის ქალაქის“ მშენებლობასთან დაკავშირებით, კაფსულის ჩადების ცერემონია გაიმართა.

ერთ-ერთი შენობის საძირკველში, სიმბოლური კაფსულა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და პროექტის განმახორციელებელი კომპანია "ანაგის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გოგოლიშვილმა ჩადეს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები ესწრებოდნენ.

როგორც უწყებაში აცხადებენ, საცხოვრებელი კომპლექსი "პოლიციის ქალაქი" პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შენდება.

მათი ინფორმაციით, პროექტი საბურთალოს რაიონში, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, ხორციელდება. 6 ჰექტარ ტერიტორიაზე 12- და 13- სართულიანი საცხოვრებელი კორპუსები აშენდება. საცხოვრებელ კომპლექსთან ერთად მოეწყობა გასართობი და სპორტული სივრცეები.

უწყებაში აცხადებენ, რომ პოლიციელებს ბინები შეღავათიან ფასად გადაეცემათ - 1კვ.მ ფართობზე 300 ლარს გადაიხდიან, დანარჩენ ღირებულებას კი სახელმწიფო დაფარავს.

"მიხარია, რომ ბატონ ვახტანგთან ერთად მონაწილეობა მივიღე ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაში, მოგეხსენებათ, რომ ჩვენი გადაწყვეტილებით, დავიწყეთ პოლიციის ქალაქის მშენებლობა, რომელიც გათვლილი იქნება 1000-ზე მეტ პოლიციელზე. ხედავთ, რომ უკვე დაწყებულია სამუშაოები, მშენებელი კომპანია, გვპირდება, რომ ძალიან მალე, დაახლოებით, ორ წელიწადში დასრულდება სამუშაოები და ჩვენ 1000-ზე მეტ პოლიციელს გადავცემთ ბინებს. მინდა, ასევე, გაცნობოთ, რომ ამ პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 125 მილიონ ლარს შეადგენს, პოლიციელები გადაიხდიან სიმბოლურ ფასს, მე ასე ვიტყოდი - კვადრატულ მეტრში 300 ლარს, დაახლოებით ასე გამოვა, დანარჩენ ხარჯებს მთლიანად დაფარავს სახელმწიფო, სამინისტრო და რაც მთავარია, მინდა ვაცნობო ჩვენს საამაყო, გმირ პოლიციელებს, რომ ეს პროექტი არ იქნება ერთჯერადი, პოლიციის ქალაქების მშენებლობა გაგრძელდება მომავალშიც და ჩემი, ჩვენი სურვილი არის, რომ ეს თვითონ საკანონმდებლო დონეზეც იქნას გარანტირებული - აი, ეს მინდოდა მეთქვა, კიდევ ერთხელ მინდა ჩვენს გმირ, საამაყო პოლიციელებს მადლობა ვუთხრა ყველაფრისთვის, იმისთვის, რომ იცავენ ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, ჩვენს მოქალაქეებს. ჩვენი ხელისუფლების ვალდებულება არის, რომ ყველაფერი საუკეთესო გავუკეთოთ ჩვენს გმირ პოლიციელებს. დიდი მადლობა ბატონ ვახტანგს და თითოეულ პოლიციელს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ინიციატივისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა.

"დიდი მადლობა ბატონ პრემიერს. მისი ინიციატივა იყო პროექტი. ჩვენ მადლობა ვუთხარით და გაგვიხარდა ძალიან. როგორც უკვე გააჟღერა ბატონმა

პრემიერმა,1000 ბინა გადაეცემათ ჩვენს პოლიციელებს. დაახლოებით, ორ წელიწადში დასრულდება პროექტი. ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ჩვენგანისთვის და რაც მთავარია, თქვენც მოისმინეთ, რომ ეს არ არის ერთჯერადი, კიდევ გაგრძელდება და მომავალში სხვა პროექტიდან გადაეცემათ ჩვენს პოლიციელებს ბინები. დიდი მადლობა მთავრობას, პრემიერს მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.