ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ "საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში“ ბრალდებულ საქართველოს მოქალაქეს, ქრისტინე თაკალანძეს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, - ინფორმაციას რუსული სააგენტო TASS-ი ადვოკატზე, ავთანდილ ჭკადუაზე დაყრდნობით ავრცელებს.
"თაკალანძე ქრისტინე დამნაშავედ იქნა ცნობილი აფხაზეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 274-ე მუხლით ("ჯაშუშობა“) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის გამოსასწორებელ კოლონიაში“, - ნათქვამია განაჩენში.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრალდების მხარე "საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში“ ბრალდებული ქრისტინე თაკალანძისთვის 13-წლიან პატიმრობას მოითხოვდა.
ქრისტინე თაკალანძე 2022 წლის 20 ივლისს დააკავეს და მის წინააღმდეგ "სისხლის სამართლის საქმე“ ჯაშუშობის მუხლით აღძრეს. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ სისხლის სამართლის საქმის განხილვა იანვარში დაიწყო.