ავტორი:

"თბილისი ტრანსნაციონალური დანაშაულის მექად აქციეს" - ლევან ხაბეიშვილი "ქოლ-ცენტრებზე"

"თბილისი ტრანსნაციონალური დანაშაულის მექად აქციეს" - ლევან ხაბეიშვილი "ქოლ-ცენტრებზე"

თუ ვინმე მფარველობს "ქოლ-ცენტრებს“, ეს არის სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, უჩა მამაცაშვილი, ფარცხალაძე, ჯუანშერ ბურჭულაძე, ჭიკაიძე... ამ დაჯგუფებას დედაქალაქში აქვთ "ქოლ-ცენტრები“ და თბილისი აქციეს ტრანსნაციონალური დანაშაულის მექად,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

როგორც ხაბეიშვილი ამბობს, აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

"ტყუილს აქვს მოკლე ფეხები - ჩვენ ვიცით, რომ მაგალითად, ორი თვის უკან, კობახიძე და მდინარაძე "რუსული ოცნების“ მთავარი სპიკერები ამბობდნენ - ამ ქვეყანაში "ქოლ-ცენტრები“ არაა, ამასობაში აღმოჩნდა, რომ 2 კვირის წინ "ანტიკორუფციული მოძრაობის“ წარმომადგენელი მივიდა ადგილზე და ნამდვილად ყოფილა საგამოძიებო მოქმედებები დაწყებული. ახლა "ქოლ-ცენტრი“ დაკეტეს და უნდათ, რომ ოპოზიციის კონკრეტულ სახელებს დაუკავშირონ. საზოგადოებას ასეთი მარტივი ტყუილებით ვეღარ მოატყუებენ. ყველამ კარგად იცის, რომ თუ ვინმე მფარველობს "ქოლ-ცენტრებს", ეს არის სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, უჩა მამაცაშვილი, ფარცხალაძე, ჯუანშერ ბურჭულაძე, ჭიკაიძე. ამ დაჯგუფებას დედაქალაქში აქვთ "ქოლ-ცენტრები“ და აქციეს ტრანსნაციონალური დანაშაულის მექად. თუ ასე არაა, ოპოზიცია ითხოვს საგამოძიებო კომისიის შექმნას, მაგრამ არ უნდათ, გაურბიან. ჩვენ ვითხოვთ, გამოვიძიოთ, ისინი ამბობენ, არ გამოვიძიოთ! შესაბამისად, ვისაც ეშინია გამოძიების, დასტურია, რომ მას აქვს ინტერესი”, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა უმრავლესობის განცხადებაზე, რომ თითქოს ყოველთვის "ქოლ-ცენტრების" თემა ოპოზიციის კონკრეტულ წარმომადგენელთანაა კავშირში.

"წარმოუდგენელი რამეა, გრიგოლ ლილუაშვილი ჰყავდათ დაბარებული გერმანიაში და აუწიეს ყური. კითხეთ ლილუაშვილს, გერმანიაში ყური აგიწიეს თუ არა? ამიტომ სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას. წარმოუდგენელია, მათ გარეშე რაიმე ოფისი ჰქონდეთ. რაც შეეხება საერთაშორისო გამოძიებას, ის იყო ჟურნალისტური და არა სამართლებრივი. თუ სამართლებრივი იქნება, ყველამ პასუხი უნდა გასცეს, სულ რომ მამაჩემი იყოს, პასუხი უნდა გასცეს“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.