ავტორი:

მოწყენილი ჰარი, ონავარი ჯორჯი და ქეით მიდლტონი დედოფლური სტილით - ვის რა ეცვა და ვინ ესწრებოდა კორონაციას: მნიშვნელოვანი მომენტები (ფოტოები)

მოწყენილი ჰარი, ონავარი ჯორჯი და ქეით მიდლტონი დედოფლური სტილით - ვის რა ეცვა და ვინ ესწრებოდა კორონაციას: მნიშვნელოვანი მომენტები (ფოტოები)

ლონდონში მეფე ჩარლზის გამეფების ოფიციალური ცერემონია გაიმართა. სკანდალური მემუარების, Spare-ის გამოცემის შემდეგ, პრინცი ჰარი ლონდონში პირველად ჩავიდა და მამის კორონაციას დაესწრო.

როგორც ცნობილია, მისი ვიზიტი ინგლისში დიდხანს არ გაგრძელდება და ცერემონიის დამთავრების შემდეგ აშშ-ში, შვილის დაბადების დღისთვის დაბრუნდება. ცერემონიას არ დაესწრო ჰარის მეუღლე მეგანი, რომელიც ამჟამად ლოს-ანჯელესში შვილებთან ერთად იმყოფება.

უესტმინსტერის სააბატოში ჰარი ბიძაშვილებთან, პრინცესა ბეატრისთან და ზარა ტინდალთან ერთად შევიდა. ბრიტანული მედია ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ პრინცი სხვებთან შედარებით, უხასიათოდ გამოიყურებოდა.

ჰარის, რომელიც ათი წლის განმავლობაში მსახურობდა არმიაში, კორონაციაზე სამხედრო ფორმის ტარების უფლება არ მიეცა. იგი არც კორონაციის ოფიციალურ პორტრეტში გამოჩნდება. არ მიეცა ძმის, უილიამის გვერდით დადგომის საშუალებაც. ჰარისგან განსხვავებით უილიამი ცოლთან, ქეით მიდლტონთან ერთად ცერემონიის საკვანძო ფიგურა იყო.

სასექსის ჰერცოგს ადგილი პრინცესა იუჯინის ქმარ ჯეკ ბრუკსბანკსა და პრინცესა ალექსანდრას, ელიზაბეტ II-ის 86 წლის ბიძაშვილს შორის მიუჩინეს.

ჰარისგან განსხვავებით, კორონაციის პროცესში ცენტრალურ როლს ასრულებდა პრინცი უილიამი, მან როგორც ტახტის მემკვიდრემ, მეფის წინაშე ერთგულების ფიცი დადო. უილიამი ცერემონიაზე უელსის გვარდიის საზეიმო ფორმით წარდგა.

ბრწყინვალედ გამოიყურებოდა ვიქტორიანული ორდენის ცისფერ მანტიასა და აბრეშუმის კაბაში გამოწყობილი ქეით მიდლტონი. უელსის პრინცესამ არჩევანი Jess Collett x Alexander McQueen-ის ტიარაზე შეაჩერა. ხოლო საყურეები, ერთ დროს უილიამის დედას, პრინცესა დიანას ეკუთვნოდა. ელისაბედ II-ის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად, ქეითმა გარდაცვლილი დედოფლის ყელსაბამი აირჩია, რომელიც ელისაბედის მამის, მეფე ჯორჯ VI-ის ბრძანებით 1950 წელს დამზადდა.

ცერემონიაზე ქეითსა და უილიამს შვილები, პრინცი ჯორჯი, პრინცესა შარლოტა და ლუი შეუერთდნენ.

პრინცი ჯორჯი

დედის მსგავსად, პრინცესა შარლოტა Jess Collett x Alexander McQueen-ის გვირგვინს ატარებდა. მისი კაბა დამზადებულია სპილოს ძვლისფერი აბრეშუმის კრეპისგან, სპილოს ძვლისფერი ატლასის ნაკერით, ვარდის, ეკლის, ნარცისისა და შამროკის მოტივებით (ოთხი ერის აღსანიშნავად).

"ტელეგრაფის" ცნობით, უილიამისა და ქეითის უფროსი ვაჟი, პრინცი ჯორჯი ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ტახტის მემკვიდრეა, რომელიც კორონაციის პროცესში ოფიციალურად იღებს მონაწილეობას - იგი მეფის საპატიო თანმხლები იყო და ცერემონიის დროს მისი მოსასხამი ეჭირა.

კორონაციას ესწრებოდა არაერთი ცნობილი ადამიანი და სხვადასხვა ქვეყნის ლიდერი. მათ შორის იყვნენ ესპანეთის მეფე ფილიპე მეექვსე და დედოფალი ლეტიცია, უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა, აშშ-ის პირველი ლედი ჯილ ბაიდენი და სხვები.

ესპანეთის მეფე და დედოფალი

ავტორი: ანი შავიშვილი