ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის, გიორგი კობიაშვილის ინფორმაციით, შინაური ცხოველის გასეირნების წესების დარღვევისთვის, შესაძლოა, მეპატრონისთვის გათვალისწინებული ჯარიმა გაიზარდოს.
როგორც მან აღნიშნა, აღნიშნულ სიახლეზე საკანონმდებლო ორგანო მუშაობს, დღეს კი ჯარიმის ოდენობა 20 ლარით არის განსაზღვრული.
"ცხოველი რეგისტრირებული უნდა იყოს, მეტისის შემთხვევაში მეპატრონე ვალდებულია მოახდინოს ცხოველის სტერილიზაცია-კასტრაცია. მინიმალური საკვების მიცემა, ასევე, აუცილებელია მეპატრონემ გასეირნების წესები დაიცვას.
ეს მინიმალური წესებია, რომელიც მეპატრონემ უნდა დაიცვას. არსებობს გასეირნების წესები, რომლის დარღვევის შემთხვევაში მეპატრონე 20 ლარით ჯარიმდება. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, იგეგმება ამ ჯარიმის გაზრდა. რასაც მეც ვემხრობი. ვფიქრობ, დღეს საკმაოდ დიდ პრობლემა არის ამ მიმართულებით. სკვერებში, სადაც არსებობს ძაღლებისთვის სასეირნო სპეციალური სივრცე ცარიელია და ძაღლების უშვებენ საბელის გარეშე, მაგალითად ბავშვების სივრცეში“,- აღნიშნა გიორგი კობიაშვილმა მედიაცენტრ "მთავარში“.
როგორც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი გიორგი კობიაშვილი განმარტავს, რეგისტრაციის საფასური 19 ლარს შეადგენს.
"ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოსახლეობას სიახლეს ვთავაზობთ: თუ მოქალაქე მოვა მუნიციპალურ თავშესაფარში და აქ დაარეგისტრირებს ცხოველს, მუნიციპალური თავშესაფარი უფასოდ მოახდენს ცხოველის სტერილიზაცია-კასტრაციას, რაც საკმაოდ კარგია. იცით, რომ გარკვეულ საფასურს იხდიან ადამიანები როგორც კერძო ვეტკლინიკაში, ასევე მუნიციპალურ თავშესაფარში, ასეთი მომსახურება ფასიანია.
ამ კამპანიით გვინდა წავახალისოთ ცხოველთა რეგისტრაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, გვინდა ხაზი გაესვას სტერილიზაცია-კასტრაციის მნიშვნელობას.
ამ კამპანიას სატესტო სახე აქვს, 1 თვე იქნება გათვალისწინებული. შედეგებიდან გამომდინარე, თუ როგორ გაამართლებს ეს კამპანია, ვიფიქრებთ, გავაგრძელოთ თუ არა ასეთი აქცია. ის მეპატრონე, რომელსაც ცხოველი არ ჰყავს რეგისტრირებული ჯარიმას ექვემდებარება. 2015 წელს საკრებულომ გამოსცა დებულება, რომლის მიხედვითაც აუცილებელია მოსახლეობამ დაარეგისტრიროს პატრონობაში მყოფი ცხოველი“,- აღნიშნავს გიორგი კობიაშვილი მედიაცენტრ „მთავარში“.