32 წლის ფრანგი ჟურნალისტი აღმოსავლეთ უკრაინის ომის ზონაში მუშაობის დროს დაიღუპა. არმან სოლდინი AFP-ის საინფორმაციო სააგენტოში მუშაობდა. ის ბახმუტის მახლობლად დაბომბვას ემსხვერპლა. ჟურნალისტთა ჯგუფი უკრაინელი ჯარისკაცების ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა, როცა მათზე თავდასხმა დაიწყო. არმან სოლდინი AFP-ის პირველი გუნდის წევრი იყო, რომელიც უკრაინაში გასული წლის თებერვალში რუსეთის შეჭრის შემდეგ გაემგზავრა და სექტემბრიდან იქ ცხოვრობდა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პატივი მიაგო სოლდინის ფრონტის ხაზზე მუშაობას: "მისი ახლობლების და კოლეგების ტკივილს ვიზიარებთ",- დაწერა მან Twitter-ზე. AFP-ის თავმჯდომარემ, ფაბრის ფრისმა თქვა, რომ საინფორმაციო სააგენტო „განადგურებულია“ სოლდინის გარდაცვალებით და დასძინა: "ეს ნათელი მაგალითია იმ რისკების და საფრთხეების, რომლებსაც უკრაინაში კონფლიქტის გაშუქებისას აწყდებიან იქ მყოფი ჟურნალისტები".
სოლდინის ოჯახს და კოლეგებს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომაც გამოუცხადა სამძიმარი: "მან სიცოცხლე მიუძღვნა იმას, რომ მსოფლიოს სიმართლე გაეგო. მისი ისტორია მუდამ იცოცხლებს". ინფორმაციას თეთრი სახლიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "მსოფლიო ვალშია იმ ჟურნალისტებთან, რომლებმაც რუსეთის შემოჭრის საშინელებებზე გაშუქებას შესწირეს სიცოცხლე".
სოლდინი მე-15 ჟურნალისტია, რომელიც 2022 წლის თებერვლის შემდეგ უკრაინის ომის გაშუქებისას დაიღუპა, იტყობინება ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი.
წყარო: bbc
მოამზადა: ანა სიბოშვილმა