მიიღეს გადაწყვეტილება, რომელსაც ველოდებოდით, - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგვაძის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე, ამავდროულად, სახელმწიფოს არ დაევალა მისი ქვეყნის შიგნით სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.
გიული ალასანიას თქმით, ვერ მოხერხდა მიხეილ სააკაშვილთან ევროპელი ექიმების შეშვება და ეს მინიშნება იყო იმისა, რომ პირველი ეტაპის პასუხი შეიძლებოდა ყოფილიყო უარყოფითი.
"„მე პირადად ველოდებოდი იმიტომ, რომ ყველამ იცის, მე მგონი, მთელმა მსოფლიომ იცის, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი და უმრავლესობა თანახმაა იმაზე, რომ ის არის პირადი პატიმარი პუტინის, გარდა ამისა ყველა ასევე იცის, რომ ადამიანი არის მძიმე ავადმყოფი, ეს არაერთმა ექიმმა დაადასტურა, საკმაოდ მაღალი დონის, სრულიად ნეიტრალური ადამიანები, ის ადამიანები, ვინც მოდიოდა, ვინც სინჯავდა.
სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა ევროკავშირის ექიმების ჩამოსვლა, რომლებიც მზად იყვნენ ჩამოსულიყვნენ და ენახათ და ეს კარგი იქნებოდა ძალიან, რადგან ისინი ასევე დაადასტურებდნენ. რომ არ მოხერხდა მათი შემოსვლა ეს რაღაცნაირი მინიშნება იყო ჩემთვის იმის, რომ პირველი ეტაპის პასუხი შეიძლებოდა ყოფილიყო უარყოფითი. ძალიან დიდი დრო გავიდა და არ მოხერხდა მათი შემოყვანა. ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ეს არის პროცესი. გრძელდება ეს პროცესი, ახლა ჩვენ გადავდივართ მეორე ეტაპზე, როდესაც იქნება უკვე სარჩელის განხილვა და მე იმედი მაქვს, რომ იქნება ბოლოს და ბოლოს ის გადაწყვეტილება, რასაც მარტო ჩვენ კი არა, ელოდება ძალიან ბევრი ადამიანი, ძალიან ბევრი ქვეყანა, ელოდება საქართველოს მოსახლეობა, რაც ყველანაირმა გამოკითხვამ გვაჩვენა.
ძალიან ბევრ ადამიანს უნდა, რომ გადარჩეს მიხეილ სააკაშვილი, გადაარჩინონ მისი სიცოცხლე. ეს უნდათ ნორვეგიაში, პოლონეთში, რომლებმაც ცოტა ხნის წინ დააჯილდოვეს. ეს უნდათ ევროპარლამენტარებს, ევროსაბჭოს, ლიტვის სეიმს, უკრაინას, პოლონეთის სეიმს, რომლებმაც ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, სადაც ნათქვამი იყო, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს გაშვებული სამკურნალოდ. რისთვის ზის საერთოდ, რისთვის? რაღაც შეთითხნილი საქმეებისთვის. ფაქტობრივად ზის იმისთვის, რომ არ გადასცა თავისი ქვეყანა პუტინს, აი, ესაა მისი დანაშაული. ჩვენ ვართ მაინც ოპტიმისტურად განწყობილი და ვფიქრობთ, რომ ბოლოს და ბოლოს სამართალი გაიმარჯვებს“, - განაცხადა გიული ალასანიამ.