ავტორი:

"სტრასბურგმა გადაწყვეტილება მიიღო სააკაშვილის ვარშავაში გადაყვანასთან დაკავშირებით - რასაც რუსული პარტია ავრცელებს, ეს არის ტყუილი" - ხაბეიშვილი

"სტრასბურგმა გადაწყვეტილება მიიღო სააკაშვილის ვარშავაში გადაყვანასთან დაკავშირებით - რასაც რუსული პარტია ავრცელებს, ეს არის ტყუილი" - ხაბეიშვილი

"ნაციონალური მოძრაობა“ ბრძოლას გააგრძელებს ქვეყნის თავისუფლებისთვის, პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებისთვის, ნიკა გვარამიას თავისუფლებისთვის, ლაზარეს თავისუფლებისთვის, დაკავებული ოფიცრების გათავისუფლებისთვის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ხაბეიშვილის განცხადებით, სტრასბურგმა გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ვარშავაში დაუყოვნებელ გადაყვანასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლოს ამ დროისთვის სხვა რამეზე არ უმსჯელია.

"საქართველოში რუსული პარტია ცდილობს სხვადასხვა სახის ინფორმაცია შეასაღოს საზოგადოებას ისე, როგორც მათ სურთ. დღეს ეს გააკეთა იუსტიციის მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, ზუსტად ისე, როგორც რუსულ პროპაგანდას სჩვევია. საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია და ეს მდგომარეობას შემდეგში: სტრასბურგმა გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტ სააკაშვილის ვარშავაში დაუყოვნებლივ გადაყვანასთან დაკავშირებით, სხვა რამეზე სტრასბურგის სასამართლოს ამ დროისთვის არ უმსჯელია. მეტიც, მნიშვნელოვანია, რომ სტრასბურგის სასამართლომ ადვოკატების დასაბუთებული მტკიცებულებები მიიღო და თქვა, რომ ამ საკითხზე არსებითად იმსჯელებს. სტრასბურგმა წარმოებაში მიიღო საქმე და შესაბამისად, სამართლებრივად ეს დავა გაგრძელდება.

რასაც რუსული პარტია ავრცელებს, თითქოს რამე დოზით მსჯელობა ყოფილიყოს სააკაშვილის ჯანმრთელობაზე და მკურნალობაზე, ეს არის ტყუილი და ნებისმიერ ადამიანს ამ გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ შეუძლია დარწმუნდეს და ცხადია ის ვერ დაიმალება, არ დაიმალება და ყველას შეეძლება ამ ინფორმაციის გადამოწმება.

სტრასბურგის სასამართლომ იმსჯელა ამ საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე ვარშავაში გადაყვანაზე. იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ სხვა საავადმყოფოში გადაყვანაც არ დაავალა, დაცვის მხარეს მსგავსი მოთხოვნა არ ჰქონია. მოთხოვნა უკავშირდებოდა პრეზიდენტ სააკაშვილის ვარშავაში გადაყვანას.

ეს არის შუალედური გადაწყვეტილება და საქმის არსებითი განხილვა გაგრძელდება. შევახსენებ რუსულ ხელისუფლებას, რომ არსებობს ხელმოწერილი მტკიცებულებები და რეზოლუციები ევროპიდან და ეს არის რეზოლუცია, სადაც წერია, რომ ბიძინა ივანიშვილი პირად ვენდეტას ახორციელებს სააკაშვილზე, ასევე წერია, რომ რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი არის საფრთხე ევროკავშირის გზაზე. შეგახსენებთ ჰააგის გადაწყვეტილებას, რომ პუტინი არის ძებნილი, როგორც სამხედრო დამნაშავე და ამ სამხედრო დამნაშავესთან „რუსული ოცნება“ აპირებს პარტნიორობას და ფრენების აღდგენას. მკვლელი, ტერორისტი, ჰააგაში გასამართლებული, სამხედრო დამნაშავე პუტინი ხელს მოაწერს და მეორე მხარეს ხელგაშლილი ელოდებიან რუსი ირაკლი კობახიძე, რუსი ირაკლი ღარიბაშვილი, რუსი კახი კალაძე, რუსი ბიძინა ივანიშვილი და ის ადამიანები, რომლებიც საქართველოში რუსეთის ოკუპაციას ახალისებენ. მეტიც, ეკონომიკურად ყველაფერს აკეთებენ, რომ რუსეთს პრობლემა არ შეექმნას.

„ნაციონალური მოძრაობა“ ბრძოლას გააგრძელებს ქვეყნის თავისუფლებისთვის, სააკაშვილის თავის, ნიკა გვარამიას თავისუფლებისთვის, ლაზარეს თავისუფლებისთვის, დაკავებული ოფიცრების გათავისუფლების, მათ შორის რომან შამათავას და სხვა სამხედრო ბიჭების, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით ჰყავთ დაკავებული. ცხადია, ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის გათავისუფლებამდე"- განაცხადა ხაბეიშვილმა.

ინფორმაციისთვის, იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე. მისივე თქმით, ამავდროულად, სახელმწიფოს არ დაევალა სააკაშვილის ქვეყნის შიგნით სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.

წაიკითხეთ ასევე: