გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკითხვაზე იმყოფებოდა. ის უწყებაში ადვოკატთან ერთად მივიდა, თუმცა არც შენობაში შესვლისას და არც გამოსვლისას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. შესაბამისად, დაზუსტებით უცნობია, რა კითხვები ჰქონდათ ყოფილ გამომძიებელთან.
ცნობისთვის, ტელეკომპანია "ფორმულასთან" ინტერვიუში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილმა გამომძიებელმა, სერგო შუბითიძემ განაცხადა, რომ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა. შუბითიძის განმარტებით, ამ საქმესთან დაკავშირებით ბევრი საეჭვო გარემოებაა.
თბილისის პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
პროკურატურის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე გამომძიებელ სერგო შუბითიძის მიერ "არ ჩატარებულა არცერთი ისეთი საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგიც რაიმე სახის გავლენას მოახდენდა პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილ გარემოებებზე“.
ამასთანავე, როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, შუბითიძე გამოძიების პერიოდში ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს გმს განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობას იკავებდა.
იხილეთ ასევე: