ავტორი:

"არასდროს ვბრაზობ, რა აზრი აქვს?" - პირს ბროსნანი სულიერი სიმშვიდის საიდუმლოს ამხელს

"არასდროს ვბრაზობ, რა აზრი აქვს?" - პირს ბროსნანი სულიერი სიმშვიდის საიდუმლოს ამხელს

69 წლის პირს ბროსნანის თქმით, ის არასდროს ჯავრობს და ემოციების დასაბალანსებლად მედიტაციას იყენებს. მსახიობი მიიჩნევს, რომ საერთოდ "არ აქვს აზრი“ გაბრაზებას: "არასდროს ვბრაზდები. შემიძლია გავბრაზდე, მაგრამ შემდეგ სად წავა ეს ემოცია? ამას აზრიც არ ექნება".

ამერიკულ ჟურნალ Closer-თან მიცემულ ინტერვიუში, ვარსკვლავმა მედიტაციაზეც ილაპარაკა. მისი თქმით, სულიერი სიმშვიდისთვის ეს ყველაზე კარგი საშუალებაა. მსახიობი საცხოვრებელ ადგილსაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ამჟამად პირსი ჰავაიში თავის მეორე ცოლთან, კილი შაისთან ერთად ცხოვრობს.

  • "ზღვის სანაპიროსთან სასიამოვნო მოგონებები მაკავშირებს. წყალი მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩემი არსებობის და ბედნიერების ნაწილი იყო, ასე რომ, როცა 1980-იან წლებში ამერიკაში ჩავედი, ჩემთვის მხოლოდ ერთი ადგილი არსებობდა, სადაც ცხოვრება მსურდა და ეს სანაპიროზე იყო."
პირს ბროსნანის სახლისკენ მიმავალი ბილიკი

პირს ბროსნანს მარტივი ბავშვობა არ ჰქონია. ირლანდიაში დაბადებული პირსი ჯერ კიდევ პატარა იყო, როცა მამამ ოჯახი მიატოვა. მოგვიანებით დედამისს მოუწია სამსახურის გამო ლონდონში გადასვლა, სადაც ის ექთნად მუშაობდა და სახლში ჩასვლას წელიწადში 1-2-ჯერ თუ ახერხებდა. პირსი, უმეტესწილად, ბებო-პაპამ გაზარდა.

პირსს პატარაობაში მხატვრობა სურდა. ამის გამო მან 16 წლის ასაკში სკოლაც კი მიატოვა და წმინდა მარტინის ხელოვნების სკოლაში კომერციული ილუსტრაციის განხრით დაიწყო სწავლა. თავისივე პროფესიით სამუშაოს დაწყებიდან 3 წლის შემდეგ, ბროსნანმა სამსახიობო კარიერა არჩია და სწავლა ლონდონის დრამის ცენტრში განაგრძო. ასე დაიწყო მომავალმა ვარსკვლავმა საყვარელი პროფესიით მუშაობა.

მიუხედავად იმისა, რომ ბროსნანი მსახიობობაზე იყო შეყვარებული, მას ხატვა არასდროს მიუტოვებია. 69 წლის ვარსკვლავს სახლთან ახლოს აქვს სახელოსნო, სადაც ხშირად ხატავს. პირსის ნამუშევრები ბოლოს შარშან ლოს-ანჯელესში გამოფინეს.

წყარო: closerweekly

მოამზადა: ანა სიბოშვილმა