"სანქციები ცალმხრივად იყო გაცემული - ვიცით, რომ მათი მხრიდან გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ აღნიშნული სანქციები მოიხსნას, ასე რომ ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ", - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა დეოკუპაცია მოხდეს, რასაც ისინი "გონებით, მშვიდობით და ქვეყნის ეკონოკომიკური განვითარებით აკეთებენ.“
"სანქციები ცალმხრივად იყო გაცემული და ვიცით, რომ მათი მხრიდან გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ აღნიშნული სანქციები მოიხსნას. ასე რომ, ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ.
ჩვენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამოვდივართ, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება და რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყანაში მშვიდობა და სიმშვიდე შევინარჩუნოთ, რომ ეკონომიკური განვითარება, წინსვლა, აღმშენებლობა მოხდეს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე დიდი დაკვეთა, რაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას აქვს. დღეს, რა თქმა უნდა, ჩვენ გამოწვევების წინაშე ვართ. ნებისმიერი მოქალაქე რომ გაჩეროთ და ჰკითხოთ, რა არის მისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა, ეს არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება აღნიშნული პოლიტიკით ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია მოხდეს. ეს როგორ უნდა გავაკეთოთ - ეს უნდა გავაკეთოთ გონებით, მშვიდობით და ქვეყნის ეკონოკომიკური განვითარებით. ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის მთავარი ინტერესი გახლავთ ქვეყნის დეოკუპაცია. ეს არის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი“, - განაცხადა კალაძემ.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მიმართ სანქციებს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ შეუერთდა.
"თქვენ ნახეთ ყველა იმ ადამიანების განცხადებები, ვინც დღეს აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კრიტიკით გამოდის. ვნახეთ, ელენე ხოშტარიას განცხადებები რუსეთის უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, რა განცხადებებსაც ის 2008 წლის შემდეგ აკეთებდა. აი, ეს არის ნათელი მაგალითი, თუ როგორი ორმაგი სტანდარტები აქვთ ამ ადამიანებს. ჩვენ ძალიან ნათლად, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე გამოვედით და ვთქვით, რომ სანქციებს არ ვუერთდებით და ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო ისევ და ისევ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ეს არის მნიშვნელოვანი. საქართველოს ხელისუფლება უპირველესად ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებებს. შესაბამისად, არ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება, ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის დამაზიანებელი იყოს“, - აღნიშნა კალაძემ.