ავტორი:

"განვითარებული ქვეყნის პოლიტიკოსი იამაყებდა თავისი სახელმწიფოს სამართალდამცველების მოქმედების სტანდარტით, იმით, რაც მარტის აქციებზე ქართულმა პოლიციამ აჩვენა" - შს მინისტრი

"განვითარებული ქვეყნის პოლიტიკოსი იამაყებდა თავისი სახელმწიფოს სამართალდამცველების მოქმედების სტანდარტით, იმით, რაც მარტის აქციებზე ქართულმა პოლიციამ აჩვენა" - შს მინისტრი

საპროტესტო აქციაზე, ადმინისტრაციული წესით ჯამში დაკავებულ იქნა 146 ადამიანი, ხოლო სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია 6 პირის მიმართ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისის თქმით, ადმინისტრაციული წესით დაკავებულთაგან 112 პირი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად, 59 პირს სასამართლომ ჯარიმა დააკისრა, ხოლო ნაწილის საქმეების განხილვა კვლავ გრძელდება.

"მიმდინარე წლის 7-8 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ადმინისტრაციული წესით ჯამში დაკავებულ იქნა 146 ადამიანი. ყველა დაკავებული პირი წარდგენილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოში. 112 პირი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად, 59 პირს სასამართლომ ჯარიმა დააკისრა, ამ საქმეების ნაწილის განხილვა კვლავ გრძელდება. სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია 6 პირის მიმართ, მათგან 5 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს გირაო, ხოლო ერთი პირის შემთხვევაში სასამართლოს მიერ გამოყენებულია პატიმრობა“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ამასთან, როგორც გომელაურმა აღნიშნა, საპროტესტო აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 58 თანამშრომელი.

"საპროტესტო აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 58 თანამშრომელი. მიღებული დაზიანებების შედეგად რამდენიმეს დაჭირდა ქირურგიული ჩარევაც, სამწუხაროდ“, - აღნიშნა გომელაურმა.

როგორც მინისტრმა განაცხადა, პოლიციელთა მხრიდან შესაძლო უფლებამოსილების გადამეტების მიმართულებით გამოძიებას დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყება აწარმოებს და სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს მათთან.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს გამოძიებას და სწავლობს პოლიციელების მიმართ განხორციელებული ძალადობის თითოეულ ფაქტს და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამართალდამცველთა მხრიდან შესაძლო უფლებამოსილების გადამეტების მიმართულებით გამოძიებას დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყება - სპეციალურ საგამოძიებო სამსახური აწარმოებს. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ მათთან, მივაწოდეთ მათ მიერ მოთხოვნილი ყველა მასალა და მზად ვართ, რომ საჭიროების შემთხვევაში მომავალშიც გავაგრძელოთ თანამშრომლობა“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

გარდა ამისა, ვახტანგ გომელაურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ განვითარებული ქვეყნის პოლიტიკოსი იამაყებდა თავისი სახელმწიფოს სამართალდამცველების მოქმედების სტანდარტით, იმით რაც ქართულმა პოლიციამ აჩვენა.

"მე როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, პირველ რიგში მადლობას ვეტყვი ყველა ჩემ თანამშრომელს, რომელმაც ღირსეულად დაიცვა როგორც ამ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო, მისი დეპუტატები, ასევე შეინარჩუნა წესრიგი დედაქალაქის ქუჩებში და დაიცვა რუსთაველზე მშვიდობიანად შეკრებილი უამრავი ადამიანის უსაფრთხოება.

თუ ვთანხმდებით, რომ ჩვენ ყველას გვსურს სამართლებრივი სახელმწიფო, მშვიდობიანი ქვეყანა, განვითარება, ამისათვის პირველ რიგში თითოეული ჩვენგანი უნდა დაემორჩილოს კანონს, და არა გამუდმებით თავს ვესხმოდეთ მნიშვნელოვან ინსტიტუტებს და პოლიტიკურად მოტივირებული, არაჯანსაღი კრიტიკით და ბრალდებებით, მათ შორის პოლიციის მიმართ, ვასუსტებდეთ ერთმანეთს და საბოლოო ჯამში ჩვენს სახელმწიფოს. ნებისმიერი ევროპული, დასავლური, განვითარებული ქვეყნის პოლიტიკოსი იამაყებდა თავისი სახელმწიფოს სამართალდამცველების მოქმედების სტანდარტით, იმით, რაც ქართულმა პოლიციამ მარტის მოვლენების დროს აჩვენა“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.