"ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სასტუმრო “ყვარლის ტბასთან” მივიდა.
მან სამართალდამცველებს მიმართავს თხოვნით, რომ სასტუმროს ტერიტორიაზე შეუშვან გენერლები დევი ჭანკოტაძე და თემურ ჯანაშია და ისინი გაარკვევენ და გამოიტანენ ამბავს, რეალურად დატოვეს თუ არა სასტუმროს ტერიტორია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრებმა, რომლებიც “ყვარლის ტბაზე” ქორწილის მეორე დღის აღნიშვნას გეგმავდნენ.
მისი თქმით, მშვიდად შევა ორი გენერალი სასტუმროში, რათა საზოგადოება დარწმუნდეს გავრცელებულ ინფორმაციის სიმართლეში, რომლის მიხედვითაც, ლავროვის ახლობლებმა სასტუმრო დატოვეს.
“შეიყვანეთ ეს ადამიანები ნახონ, დარწმუნდნენ ნამდვილად იმაში, რომ ის ხალხი არ არის სასტუმროში და ამბავს გამოიტანენ, რათა ჩვენ დავიჯეროთ ის, რაც ტელევიზიით ითქვა. ორ გენერალზე გეუბნებით, დღეს ხომ ნახეთ, რომ საზოგადოებრივი მაღალი ინტერესია. უკაცრავად, მაგრამ მძიმეა, როცა ანწუხელიძის, ოთხოზორიას მკვლელებს მასპინძლობენ”, - მიმართა პოლიციას ხაბეიშვილმა.
ხაბეიშვილს სამხარეო პოლიციის უფროსმა უპასუხა.
“აქ კიდია აბრა, სადაც წერია, რომ ეს არის კერძო საკუთრება. თქვენ, რაც მთხოვეთ, გავიარეთ და ვკითხეთ სასტუმროს მეპატრონეებს, უსაფრთხოების წარმომადგენლებს, რომლებმაც თქვეს ასეთი, რამ: თუ ის ორი კონკრეტული პიროვნება არის აქ, ჯავშანი აქვთ, ან ვინმესთან სტუმრად არიან, მაგ შემთხვევაში, კი ბატონო, ჩვენ თვითონ ჩამოვალთ და წამოვიყვანთო”, - უპასუხა ხაბეიშვილს სამხარეო პოლუციის ხელმძღვანელმა.
ხაბეიშვილის თქმით, ეს არ არის ამომწურავი პასუხი. აქციის მონაწილეები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები სასტუმროს ტერიტორიასთან მაინც რჩებიან.