ავტორი:

"ჩამოდიან რუსები, ქორწილებს იხდიან, დროს ატარებენ მაშინ, როცა მათი თანამოძმეები ჩვენივე ქვეყანაში იტაცებენ საქართველოს მოქალაქეებს..." - სად მიიყვანს ქვეყანას "ოცნების" ხელისუფლების პოლიტიკა?

"ჩამოდიან რუსები, ქორწილებს იხდიან, დროს ატარებენ მაშინ, როცა მათი თანამოძმეები ჩვენივე ქვეყანაში იტაცებენ საქართველოს მოქალაქეებს..." - სად მიიყვანს ქვეყანას "ოცნების" ხელისუფლების პოლიტიკა?

რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ, 19 მაისს, თბილისის აეროპორტში მოსკოვი-თბილისის რეისით ავიაკომპანია "აზიმუტის" პირველი თვითმფრინავი დაეშვა. პარალელურად, აეროპორტის შესასვლელთან რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის გასაპროტესტებლად გაიმართა აქცია, სადაც პოლიციამ 6 კაცი დააკავა. ამავე დღეს რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა თბილისში, პარლამენტის შენობასთან. "არა რუსულ მთავრობას!", - სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები. დემონსტრაციის მთავარი ლოზუნგი იყო "რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება". ექსპერტთა ნაწილის აზრით, რუსეთთან ურთიერთობის ფრთხილი პოლიტიკა ნელ-ნელა სახიფათო მასშტაბს იღებს, რამაც ქვეყნის მომავალს შესაძლოა დიდი პრობლემა შეუქმნას, მით უფრო ევროინტეგრაციის იმ ეტაპზე, რასაც ჩვენი ქვეყანა გადის. მოგეხსენებათ, საქართველო ევროკავშირის წევრობის სტატუსის მიღების მოლოდინშია. გასულ კვირას რეიკიავიკში გამართულ ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების სამიტზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს სამომავლო მიზანი ევროკავშირში გაწევრებაა. "ეს არის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ერის დიდი მიზანი და კანდიდატის სტატუსის მისაღებად ხელისუფლება აასრულებს 12 რეკომენდაციას", - ბრძანა მან. როგორ შეიძლება შეფასდეს შექმნილი ვითარება და სად მიიყვანს ქვეყანას საქართველოს ხელისუფლების მიღებული გადაწყვეტილებები, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრასთან" საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ჯიპა-ს პროფესორი გიორგი კობერიძე საუბრობს:

- მოგეხსენებათ, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 2008 წლის ომამდე ბევრად ადრე, 2000 წლიდან დააწესა, ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენები კი 2019 წლიდან აკრძალა. იბადება ლოგიკური კითხვა, რატომ გადაწყვიტა კრემლმა ახლა მისივე დაწესებული აკრძალვების გაუქმება, რატომ შეარჩია მაინცდამაინც ეს დრო? ეს შემთხვევით არ მომხდარა. დღეს დადგა მომენტი, როდესაც საქართველოს ხელისუფლებისგან მან პოლიტიკური დათმობების მთელი კასკადი მიიღო. უკვე კარგა ხანია ვაკვირდებით პროცესს, როდესაც საქართველოს ხელისუფლება არათუ ქმედებებით, რიტორიკის დონეზეც კი რუსეთის საწინააღმდეგოდ სიტყვასაც არ ძრავს. სამაგიეროდ, პირდაპირ დაუპირისპირდა უკრაინას და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. მეტიც, როდესაც სანქციებსა და მოკავშირეების დახმარებაზე იყო ლაპარაკი, ის, ფაქტობრივად, უარს აცხადებდა და ჰქონდა ძალიან ხისტი პოზიცია. რუსეთს არც ის გამოჰპარვია, როდესაც ჯერ კიდევ ომის დაწყების პირველივე კვირებში ღარიბაშვილმა განაცხადა, ეკონომიკის აღორძინებას ვაპირებ და უკრაინის ამბები არ მაინტერესებსო. მთელმა ამ რიტორიკულმა კასკადმა პუტინის რეჟიმს, ბუნებრივია, დიდად ასიამოვნა და გადაწყვიტეს საქართველოს ხელისუფლება დაეჯილდოებინათ.…

აქ საინტერესოა ერთი ფაქტი - ჩვენმა ხელისუფლებამ ეს ჯილდო მიიღო მას შემდეგ, რაც 9 მაისს პუტინმა გამარჯვების დღე სხვა მოკავშირე ქვეყნებთან ერთად, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს, ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებს აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთსაც მიულოცა და თან მოაყოლა, ასევე ვულოცავ საქართველოს "ხალხებსაცო"... ხვდებით, რა საშიში განცხადებაა?! ამ მილოცვის კონტექსტით კარგად გამოჩნდა, როგორი დამოკიდებულებაც აქვს რეალურად ოკუპანტ ქვეყანას საქართველოსადმი. ჩვენი ხელისუფლება კი ამ საშიშ "თამაშში" უკვე ჩასულია ყველა კარტს - პრაქტიკულად, ყველაფერი მისცეს რუსეთს, რაც ამ ეტაპზე მას სურდა. გარდა იმისა, რომ საქართველო უკრაინის შესახებ სიტყვასაც არ ძრავს, კარგა ხანია მისგან ოკუპაციაზეც არ მოგვისმენია პროტესტი. ამასთანავე, ყველაფერი კეთდება, რომ საქართველო როგორმე ერთგვარ ნავსაყუდლად იქცეს არა მარტო რუსი ტურისტებისთვის, არამედ რუსული ბიზნესისთვისაც და თუ აქამდე ევროკავშირის ქვეყნებთან კვიპროსი ახერხებდა რუსული ინტერესების შუამავლობას, ახლა ეს შესაძლოა საქართველომ იკისროს. მოგეხსენებათ, კვიპროსის საშუალებით ამ ინტერესების შუამავლობა დღეს შეწყვეტილია. მოკლედ, რუსეთმა მიიღო ყველაფერი, რაც ამ ეტაპზე სურდა, საქართველოს ხელისუფლებას კი თავისი ვიწრო ინტერესები აქვს, რაც ქვეყნის ინტერესებს აცდენილია.

კარგად რომ გაეანალიზებინათ, ნახავდნენ, რომ რეალურად ეს ყველაფერი არც საქართველოს ხელისუფლებას სჭირდება, რადგან სწორედ რუსეთის გეგმის ნაწილია ისიც, რომ დღეს მმართველი პარტიის პოზიციონირება ძალიან შერყეულია. საქმე ისაა, რომ რუსეთი ყველა იმ ქვეყანაში, სადაც სურს გავლენის გაძლიერება, ცდილობს ხელისუფლებასა და საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს შორის ისეთი პოლარიზება მოახდინოს, რომლის დროსაც სახელმწიფო ინტერესები ვიწროპარტიულ-პოლიტიკურ ინტერესებად იქცევა. ეს ხდება ჩვენთანაც. დააკვირდით, დღეს მმართველი ძალა, ფაქტობრივად, საკუთარ პარტიულ ინტერესებსა და ძალაუფლების შენარჩუნების სურვილს სახელმწიფოს ინტერესებთან აიგივებს. ამის შემდეგ რუსეთისთვის ახალი ეტაპი დგება, ის ამ პოზიციამორყეულ ხელისუფლებებს ეუბნება, თუ გაატარებ ჩემი ინტერესების შესაბამის პოლიტიკას, მე შენ მხარეს ვიქნები, დაგეხმარები ძალაუფლების შენარჩუნებაშიო. ეს არის ყველაზე საშიში პროცესი. ამას ეუბნებოდა უკრაინაში იანუკოვიჩის, მოლდოვაში კი დოდონის ხელისუფლებას და ა.შ. მე არა მგონია, საქართველოს ხელისუფლებაში აპრიორი წინასწარგანზრახული ჰქონდათ პრორუსული პოლიტიკის წარმოება. არა, ისინი იძულებული არიან აირჩიონ ეს გზა საკუთარი არადემოკრატიული, შუღლის გამაღვივებელი, შიდა პოლარიზებაზე აგებული კორუფციული პოლიტიკის გამო. ასეთი ტიპის ხელისუფლებები სუსტები არიან რეალურ გამოწვევებთან დაპირისპირებაში, ვერ ართმევენ თავს საზოგადოების მოთხოვნების შესრულებას და ძალაუფლების შესანარჩუნებლად რუსული მართვის მოდელის გარდა, სხვა შესაძლებლობას ვერ ხედავენ. პრაქტიკულად, რუსეთი ყველა მავნებლური, სუსტი, რელიგიურ-ფუნდამენტალისტური თუ ოპორტუნისტული რეჟიმის დასახმარებლად მზად არის, რის სანაცვლოდაც საკუთარი გავლენის გაზრდასა და ინტერესების გატარებას ცდილობს. დღეს ბევრად უფრო სერიოზულად არის საქმე საქართველოში, ვიდრე საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის განსაზღვრაა. ახლა ვითარება ბევრად მძიმეა.

- არის მოსაზრება, რომ დღეს საქართველოში ვითარება ჰგავს სიტუაციას უკრაინაში ომამდე, როდესაც რუსეთი გავლენის გაძლიერებას ჰიბრიდული ომითა და დიდი ფინანსური ნაკადებით ცდილობდა. ექსპერტთა ნაწილის აზრით, დღეს საქართველოში რუსეთი ცდილობს როგორც ჰუმანიტარულ, ისე ფინანსურ ექსპანსიას. რა ფასად შეიძლება დაუჯდეს ეს საქართველოს?

- სწორი კითხვაა... დავიწყოთ იმ დიდი ფინანსური ნაკადებით, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში შემოვიდა რუსეთიდან. ეს არაერთ კითხვას ბადებს. კერძოდ, როგორ აისახება ეს ქვეყნის ცხოვრებაზე, საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობას აუმჯობესებს თუ ამძიმებს? საინტერესოა, რუსების ის მრავალათასიანი არმიაც, რომელიც ამ პატარა ქვეყანაში შემოვიდა საცხოვრებლად, რა მონაწილეობას იღებს ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში, როგორ და რისთვის განკარგავს შემოტანილ მილიონებს? ამ ათიათასობით რუსს საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილთან შედარებით მეტი მსყიდველუნარიანობა აქვს. შესაბამისად, საბოლოოდ გარკვეულწილად ისინი განსაზღვრავენ მოთხოვნა-მიწოდებას ბაზარზე და ადგენენ ფასს შენს ქვეყანაში. ამით გარკვეული ტიპის ბიზნესი, რიგი სახელისუფლებო წრეები სარგებელს, ალბათ, ნახულობენ, მაგრამ რიგითი მოქალაქისთვის ცხოვრება გაძვირდა. გარდა ამისა, ვხედავთ, საქართველოში როგორ წარმატებით იწყებენ ბიზნესს რუსების ჯგუფები, ამ ყველაფრის შედეგად კი დღეს ჩვენ ნეოკოლონიალიზმის პირობებში ვცხოვრობთ. ეს გამოიხატება უპირველესად ეკონომიკური კოლონიალიზმით, რა დროსაც ეკონომიკური პროცესები შეიძლება უფრო მეტად დამოკიდებული გახდეს ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებზე, ვიდრე ჩვენზე. ეს ეკონომიკის ანაბანაა. ხელისუფლება გვიმტკიცებს, რომ ეკონომიკური აღმშენებლობა გველის, მაგრამ ცოტა ხანში კატასტროფულ შედეგს მივიღებთ. ეს რაც შეეხება ეკონომიკურ ფასს, მაგრამ ამ ყველაფერს აქვს პოლიტიკური ფასიც. გააგრძელეთ კითხვა