სულ რამდენიმე დღეში თბილისის წიგნის საიუბილეო 25-ე საერთაშორისო ფესტივალი იწყება! ბევრისთვის საყვარელი ფესტივალი 25 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით, „ექსპო ჯორჯიის“ სივრცეში გაიმართება. წიგნების ზღვა არჩევანი, საუკეთესო ფასები, შეხვედრები ავტორებთან და პრეზენტაციები - ეს ყველაფერი პავილიონებში გელოდებათ.
წიგნის ფესტივალი საუკეთესო ადგილია იმისათვის, რომ დაათვალიეროთ სხვადასხვა გამომცემლობის წიგნები, გაეცნოთ სიახლეებს ლიტერატურულ სამყაროში, ისარგებლოთ ფასდაკლებებით და გაამდიდროთ საკუთარი ბიბლიოთეკა.
ალბათ ძალიან ძნელია გადაწყვეტილების მიღება იქ, სადაც წიგნების ყველაზე მრავალფეროვანი არჩევანია წარმოდგენილი, თანაც საუკეთესო ფასად. თუ ფესტივალის სტუმრობას აპირებთ, წიგნების არჩევაში ჩვენ დაგეხმარებით.
მოდი ვნახოთ, თუ რის შეძენას შეძლებთ 50 ლარად, გამომცემლობა „პალიტრა L“-ის დახლთან.
კამილა შამზი, „ხანძარი სახლში“, 2022, გამომცემლობა პალიტრა L, მთარგმნელი: სალომე ჩიტაძე
ისმა თავისუფალია. დედის გარდაცვალების შემდეგ და-ძმის მოვლას თავისი სურვილებისა და ოცნების მრავალი წელი შეალია. ახლა ორივე ზრდასრულია და ისმას შეუძლია სწავლა გააგრძელოს ამერიკაში… მაგრამ მაინც არ ასვენებს ფიქრი ანიკაზე, თავის ლამაზსა და ჯიუტ დაზე, და პარვიზზე, ჯიჰადი მამის საქმის გაგრძელებაზე მეოცნებე ძმაზე, ერთ დღესაც რომ გაუჩინარდა. მერე დების ცხოვრებაში გამოჩნდება ეიმონი _ გავლენიანი მინისტრის ვაჟი, რომელიც მამის თანამდებობასა და მის ავტორიტეტს ქვეყანაში, ასე თუ ისე, ანგარიშს უწევს…. უწევდა… ანიკასთან შეხვედრამდე. მამის მინისტრობა მისთვის საყვარელ ქალთან ბედნიერების შანსი გახდა. დიდ ბრიტანეთში ორი ოჯახის ბედი დამანგრევლად იკვეთება და იბადება კითხვა: სიყვარულისთვის რამხელა მსხვერპლის გაღება შეგვიძლია?!
ემა რიდ ტურელი - იზრუნე საკუთარ თავზე
ყველამ ვიცით, როგორი გრძნობაა, როდესაც ადამიანებს მოვწონვართ, მხარს გვიჭერენ, როდესაც სხვებისთვის მისაღები ვართ. ეს ადამიანის ბუნების განუყოფელი ნაწილია. ცხადია, ისიც სავსებით ბუნებრივია, რომ გარშემომყოფების მხარდაჭერისა და მათი საჭიროებების დაკმაყოფილებაში დახმარების გაწევის სურვილი გვაქვს. პრობლემა მაშინ ჩნდება, როცა ამ დროს საკუთარი საჭიროებები გვავიწყდება. ემა რიდ ტურელი როგორც ფსიქოთერაპევტი და კლინიკური პრაქტიკოსი ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს სხვებზე მორგებულ ადამიანებთან. თავის ნოვატორულ, მოზომილ და ღრმაშინაარსიან წიგნში, ასეთი ადამიანების ცხოვრებისეულ ისტორიებზე დაყრდნობით, ის გვთავაზობს სხვებზე მორგების ალტერნატივებს, პრობლემის გააზრებისა და გადაჭრის გზებს, რომლებიც საკუთარი თავის უკეთ შეცნობასა და უკეთესი ცხოვრების სტილის პოვნაში დაგეხმარებათ.
სამხრეთაფრიკელი დრამატურგისა და რომანისტის ამ შთამბეჭდავმა ტექსტმა 2021 წელს ბუკერის საერთაშორისო პრემია მოიპოვა. „პირობა“ სამხრეთ აფრიკის ისტორიასთან ერთად ავტორის უნიკალურ წერის სტილს გაგაცნობთ, რომლის გამოც გალგუტს ხშირად უილიამ ფოლკნერსა და ვირჯინია ვულფს ადარებენ. „პირობა“ პრეტორიის მახლობელ ფერმაში მცხოვრები სამხრეთაფრიკული ოჯახის დაშლის ამბავს ჰყვება. ავტორი თხრობის პერსპექტივას ოთხ პერსონაჟს შორის ცვლის და მათი ცხოვრების ყოველმხრივ განსხვავებულ გზებს აჩვენებს. მათი განვითარებისა და დაცემის პარალელურად, გალგუტი ოთხი სივრცის გაერთიანებით პოსტ-აპარტეიდის ხანას წარმოაჩენს. სვორტების ოჯახური საგა სამხრეთ აფრიკის ისტორიისა და ადამიანური ყოფის მკაფიო, პირდაპირი შეფასებაა, რომელიც ამბის თხრობისას ანგარიშმიუცემლად ეთამაშება შეკითხვებს: „საიდან მოვდივართ, რანი ვართ, საით მივდივართ,“ მაგრამ, უპირველეს ყოვლისა – რად ვიქცევით ცხოვრების გზაზე.
ნედ ვიზინი - ეს უცნაური ამბავი
16 წლის კრეგი ბრუკლინში ცხოვრობს და სკოლასა და ცხოვრებაში თავის დამკვიდრების ლამის პარანოიდულმა სურვილმა იმდენად დაამძიმა, რომ თვითმკვლელობის სურვილი უჩნდება, რასაც, საბოლოოდ, ფსიქიატრიულ საავადმყოფომდე მიჰყავს. სწორედ აქ პოულობს სულიერ სიმშვიდეს, აგნებს თვის ჭეშმარიტ მოწოდებას და ცხოვრების მეგობარსაც იძენს...
მარიამ გურგენიშვილი - მარგალიტები
15 წლის მარგო სვანეთისუბანში ცხოვრობს, ანანასებზე ოცნებობს, ძალიან ბევრს კითხულობს და ამჩნევს ყველაფერს, რასაც სხვები ვერ ხედავენ. მისი ცხოვრება სავსეა წვრილმანი სასწაულებით და ამ სასწაულების შუაგულში სამნი არიან: მარგო, მისი უმშვენიერესი და, ანა, და პუტკუნა, საყვარელი ბიძაშვილი, ბელა. დიდი ქალაქის ამ პატარა უბანში დღეები ერთმანეთს ჰგავს _ უდენობის გამო ტელევიზორს იშვიათად რთავენ, სამეზობლოში ყველას პირად თუ საჯარო ამბებს ხან უბნის ბირჟაზე, ხან ეკლესიაში და ხანაც სამზარეულოებში, ლამპის შუქზე, ფინჯანი ყავის თანხლებით განიხილავენ, ჭორაობენ, ჩხუბობენ, კამათობენ, სიყვარულს უხსნიან... მარგო, რომელსაც უნდა, რომ მწერალი და შინაბერა გამოვიდეს“, დეტალურად გვიყვება ამ ამბებს _ ” ხან გვაბრაზებს, ხან გვაცინებს... და ამასობაში ხდება რაღაც, რაც ყველაფერს ცვლის... დებიუტანტი მწერლის, მარიამ გურგენიშვილის, რომანი 1990იანი წლების დასაწყისის თბილისს სრულებით ახლებურად დაგანახვებთ. მკითხველის თვალწინ დროზე ადრე გაზრდილი პერსონაჟები ყველაფერს უძლებენ, რისი გაძლებაც, ერთი შეხედვით, შეუძლებელია. ეს არის სიცილითა და ცრემლებით სავსე ამბავი ქვეყანასა და გოგონებზე, რომლებიც ცდილობენ, ცხოვრება გააგრძელონ და გადარჩნენ.
R