შშმ პირს გოგიტა მურცხვალაძეს საზოგადოების დახმარება ისევ სჭირდება. როგორც იცით, თავადაც ჯანმრთელობის პრობლემების მქონე უმძიმესი დიაგნოზის მქონე შვილის სიცოცხლისთვის წლებია თავდადებით იბრძვის.
- ბოლო ინტერვიუ რომ ჩავწერეთ, იმედიანად იყავით. ახლა რა მდგომარეობაა? როგორაა ჯაბა?
- ნამდვილად იმედიანად ვიყავი, რომ გამა სხივების შემდეგ უკეთესობა იქნებოდა. თავში არსებული კისტა დაქუცმაცდებოდა და ორგანიზმიდან გაიწოვებოდა. ეს თავისთავად შეამცირებდა და გააქრობდა იმ კრუნჩხვით ეპიზოდებს, რაც ჩემს შვილს ხშირად აწუხებს.
- და რა მოხდა, უკურეაქცია რამ გამოიწვია?
- როგორც ქართველმა ექიმებმაც ამიხსნეს, კონსულტაცია მათთანაც გავიარე. როცა დაიწყეს იმ სხივებით კისტის დაშლა, იქიდან სითხემ დაიწყო დენა. რომ წარმოვიდგინოთ - არის ერთი დიდი, ფორთოხლისხელა კისტა და პატარა კისტოზური წარმონაქმნები. დიდ კისტაზე როცა დაიწყეს ზემოქმედება და მისი შემცირება, დიდი კისტოზური წარმონაქმნიდან სითხე გადავიდა წვრილ წარმონაქმნებში და სხვა პრობლემა გაჩნდა - უფრო ძლიერად განხორციელდა ზეწოლა ტვინის უჯრედებზე. შედეგად ძლიერი გულყრა განვითარდა, მეტად მძიმე ფორმით - ტანის დაგრეხით, დუჟით, ღმუილით... ამას არ ველოდი, როგორც გითხარით, იმედი მქონდა, რომ კისტა დაპატარავდებოდა. ამიტომ შევწყვიტეთ ის პროცედურა, საკმარისად მივიჩნიეთ, რომ ეპილეფსიურ მოვლენებს გასაქანი არ მივცეთ. ახლა ისევ ჩვეულებრივი მკურნალობა უნდა გაგრძელდეს, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებულია, ანუ რასაც სახლში მანამდე ვუტარებდით.
- კისტის გაქრობის სხვა საშუალება არ არსებობს?
- ჯერ გარანტირებული პასუხი არ მაქვს, მაგრამ არის საფრანგეთში, ლიონში ერთი კლინიკა, რომელიც ამ პრობლემას აგვარებს. ამის შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთმა ქართველმა ექიმმა მომაწოდა. კეთდება ოპერაცია, რითაც კისტის გამოწოვა სპეციალური აპარატით ხდება. შემდეგ დგება კისრის არეში დრენაჟი. სავარაუდოდ, სითხე აღარ ჩადგება და აღარც ეპილეფსიურ ეპიზოდები ჩნდება. მაგრამ ცხადია, ჯაბას იქ წაყვანას დღესვე ვერ შევძლებ, ამის თქმა არ შემიძლია. თან, უზომოდ დიდი თანხები დასჭირდება.
არის კიდევ ერთი პიროვნება, რომელსაც დავუკავშირდი, რომელიც იმ კლინიკაში უკვე 8 თვეა, ოპერაციის შემდეგ მკურნალობს. სანამ საფრანგეთში წავალთ, ან რაიმე ჩვენი ხსნის გზა გამოიძებნება, ჯაბას მკურნალობა აქ სჭირდება. ამიტომ ისევ კეთილი ადამიანებისგან ვითხოვ დახმარებას. მათი მხარდაჭერა და თბილი კომენტარები გვაცოცხლებს.
ყველას დიდი მადლობა დახმარებისთვის და გამოხმაურებისთვის.
• საბანკო ანგარიშები, სადაც შეგიძლიათ დაეხმაროთ ჯაბას: საქველმოქმედო ფონდი "ხომლი" ჯაბა მურცხვალაძის დასახმარებლად.
ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი: GE42BG0000000162421607
თიბისი ბანკი: GE45TB7420136080100007
თიბისი ბანკი. მიმღები: გოგიტა მურცხვალაძე.
ანგარიში: GE57TB7080645064300028
ლიბერთი ბანკი. ბანკის კოდი: LBRTGE22 მიმღების ანგარიში: GE04LB0711186007624000