ავტორი:

"საქართველოს ეკონომიკა დაინგრევა, თუ რუსეთს ორმხრივ ეკონომიკურ სანქციებს დავუწესებთ - ევროკავშირი რუსეთთან მხოლოდ 4 დღეში იმდენს ვაჭრობს, რასაც ჩვენ მთელი წლის განმავლობაში" - პრემეირი

"საქართველოს ეკონომიკა დაინგრევა, თუ რუსეთს ორმხრივ ეკონომიკურ სანქციებს დავუწესებთ - ევროკავშირი რუსეთთან მხოლოდ 4 დღეში იმდენს ვაჭრობს, რასაც ჩვენ მთელი წლის განმავლობაში" - პრემეირი

საქართველოს ეკონომიკა დაინგრევა, ჩვენ ჩვენს ხალხს ზიანს მივაყენებთ, თუ რუსეთს მსგავს ორმხრივ ეკონომიკურ სანქციებს დავუწესებთ - ევროკავშირი რუსეთთან მხოლოდ 4 დღეში იმდენს ვაჭრობს, რასაც ჩვენ მთელი წლის განმავლობაში. ეს სასაცილოა ხომ? - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ყატარში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

მისივე თქმით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ადეკვატური რეაქცია არავინ იქონია და რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არავის დაუწესებია.

პრემიერის განცხადებით, რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციების დაწესება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს დააზიანებდა.

"საქართველოს ეკონომიკა დაინგრევა, ჩვენ ჩვენს ხალხს ზიანს მივაყენებთ, თუ მსგავს ორმხრივ ეკონომიკურ სანქციებს დავუწესებთ რუსეთს. 2008 წელს ჩვენ გვქონდა ომი. გახსოვთ ვინმე, ვინც ჩვენი ომის დროს სანქციები დააწესა? არავინ! არავინ მსოფლიოში არ იქონია სწორი რეაქცია, არც ადეკვატური რეაქცია არ ჰქონიათ იმ ომის შემთხვევაში. ამიტომ ჩემი კითხვა ისმის ასე - სად არის ლოგიკა? ჩვენი ომი არ არის ომი და უკრაინაში არსებული ომი - ომია?

მე უნდა ვთქვა, რომ ძალიან იმედგაცრუებულები ვიყავით, რომ ბიზნესი ჩვეულებრივ რეჟიმში მიდიოდა რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ. იმ დამანგრეველი ომის შემდეგ ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს რუსეთს. რუსეთმა ორი სამხედრო ბაზა ააგო ჩვენს ისტორიულ მიწაზე, რუსეთმა აღიარა ე.წ. დამოუკიდებლობა ჩვენი ისტორიული რეგიონებისა და ეს ოკუპაცია კვლავ გრძელდება. ამიტომ ჩემი კითხვა ევროპელი, ამერიკელი მეგობრებისადმი არის შემდეგი - ჩემო ძვირფასო მეგობრებო, თქვენ აგრძელებდით ბიზნეს ჩვეულებრივ რეჟიმში რუსეთთან, სანქციები არ გქონიათ დაწესებული. ინფორმაციისთვის, ევროკავშირმა 2.3 ტრილიონი დოლარი გადაუხადა რუსეთს 2022 წლამდე. არავის გაუჩერებია ბიზნესი რუსეთთან, არაფერი მომხდარა.

ამ სიტუაციაში კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინას. მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს. გვინდა, რომ ეს ომი დასრულდეს, რაც შეიძლება მალე. ჩვენ შევუერთდით 500-ზე მეტ რეზოლუციას, განაცხადს, ყველგან, ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე და სრულად შევესაბამებით საერთაშორისო სანქციებს. სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ საქართველოს ფინანსური ინსტიტუციები, ეროვნული ბანკი სრულად შეესაბამება ფინანსურ სანქციებს, მაგრამ, რაც შეეხება ეკონომიკურ სანქციებს - მინდა განვმარტო, საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 1 მილიარდ დოლარზე ნაკლებია რუსეთთან. ახლა შედარებისთვის, ევროკავშირი 4 დღეში მხოლოდ იმას ვაჭრობს, რასაც ჩვენ მთელი წლის განმავლობაში ვაჭრობთ. ეს სასაცილოა ხომ? ჩვენს შემთხვევაში რუსეთის წილი, ბრუნვა არის 0.3% და ლოგიკა არ არსებობს. ეს დააზიანებდა ჩემი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.