ავტორი:

"ჩვენთვის ევროპის ცა დაიკეტება... აღარ ვიფრინოთ ამსტერდამსა და ვენაში, მაგრამ ვიფრინოთ ჩელიაბინსკსა თუ უფაში" - რა გველის, თუ ქართული აეროპორტების კომპანიებს სანქციები მართლაც დაუწესდა?

"ჩვენთვის ევროპის ცა დაიკეტება... აღარ ვიფრინოთ ამსტერდამსა და ვენაში, მაგრამ ვიფრინოთ ჩელიაბინსკსა თუ უფაში" - რა გველის, თუ ქართული აეროპორტების კომპანიებს სანქციები მართლაც დაუწესდა?

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა რუსეთის მიერ საქართველოში პირდაპირი ფრენების აღდგენისა და ქართველებისთვის სავიჟო რეჟიმის გაუქმების შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა და გაიმეორა სახელმწიფო დეპარტამენტის გზავნილი, რომ პირდაპირი ფრენების გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა, ქართულ აეროპორტებში კომპანიებს სანქციები დაეკისროს.

როგორც ავიაციის ექსპერტი იასე ზაუტაშვილი გვეუბნება, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების შემდეგ ჩვენს სახელმწიფოს აქვს არჩევანი - შეზღუდვა დააწესოს რუსული ავიაკომპანიის შემოშვებაზე, ვინაიდან "რედ ვინგსი“(Red Wings) სანქციების ქვეშ არის, მათ შორის "აზიმუტიც“ აუცილებლად მოხვდება ამ სანქციებში. არის მეორე ვარიანტი - თუ ამ შეზღუდვებს არ დააწესებს, პირიქით, ქართული ავიაკომპანიები და საქართველოს აეროპორტები მოხვდებიან სანქციების ქვეშ და შეეზღუდებათ იმ ქვეყნების ავიაკომპანიების მომსახურებაც, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებით დაფრინავენ მსოფლიოში.

"ქართული კომპანიები, ისევე, როგორც რუსული, წლების განმავლობაში ტრადიციულად ახორციელებდნენ ფრენებს თბილისი-მოსკოვის, თბილისი-სანკტ პეტერბურგის და სხვა მიმართულებით. ასე იყო წინა ხელისუფლების დროსაც, მერე, შესაბამისი პოლიტიკური ვითარების გამო ფრენები შეწყდა, მერე ისევ აღდგა ავიამიმოსვლა. მაშინ "ჯორჯიან ეარვეისში“ ვმუშაობდი და კარგად მახსოვს, საკმაოდ უარყოფითი დამოკიდებულება გვქონდა იმასთან დაკავშირებით, როცა 2013 თუ 2014 წელს, აქ შემოსვლის ნებართვა მისცეს ძალიან ბევრს - 12 თუ 13 რუსულ ავიაკომპანიას, რამაც ქართული ავიაკომპანია "აირზენა“ არაკონკურენტუნარიან სიტუაციაში აღმოაჩინა. მაშინ შემოვიდა "აეროფლოტიც“, "ტრანსაერო სიბირი“, ფაქტობრივად, მოხდა ქართული მხარის ბაზრიდან ეტაპობრივად განდევნა, დაირღვა პარიტეტის პრინციპი, ავიამიმოსვლის შესახებ საერთაშორისო ჩარჩო-ხელშეკრულება ჩვენს სახელმწიფოებს შორის და ა.შ.

ახლა ჩვენ აბსოლუტურად სხვაგვარი მოცემულობა გვაქვს - რუსეთი იმყოფება საომარ მდგომარეობაში უკრაინასთან და წარმოადგენს აგრესორ მხარეს, მათ თითქმის ყველა ავიასაწარმოს აშშ-მ დაუწესა სანქციები, რუსულ მხარეს დაუკეტა ცა იმ კუთხით, რომ ყველა საერთაშორისო დასავლურ ავიაკომპანიას ეკრძალება რუსეთის ცის გამოყენება, შესაბამისად, რუსულ მხარესაც დაუწესა სანქციები და მათ ასევე ეკრძალებათ ევროკავშირის ქვეყნების თუ აშშ-ს ცის გამოყენება. ჩვენ ამ მოცემულობაში დავთანხმდით, რომ შევუერთდეთ რუსეთის ფედერაციის "ცალმხრივ“ გადაწყვეტილებას, როცა მათ გახსნეს ავიამიმოსვლა და გაგვიმარტივეს სავიზო რეჟიმი. ჩვენც დაუყოვნებლივ აღვუდგინეთ ფრენების შესაძლებლობა ისეთ კომპანიებს, როგორიცაა მაგალითად, "აზიმუტი“. ახლა გაირკვა, რომ ჩვენ მივეცით შესაძლებლობა მეორე კომპანია "რედ ვინგსს“ (Red Wings), ალბათ მალე მესამე კომპანიას მივცემთ ნებართვას, არაა გამორიცხული - "აეროფლორტსაც“ და ა.შ.

ნებართვების გაცემა იმდენად სწრაფად ხდება, რომ ამ შემთხვევაში მიჩნდება ეჭვი იმისა, რომ ალბათ, ეს უფრო ადრე იყო მოლაპარაკებული და შესაბამისად, შესწავლილი იმავე სააგენტოს მხრიდან, ამიტომაც იცოდნენ დაახლოებით, რომელ კომპანიებს ელოდნენ რუსეთის მხრიდან. "აზიმუტთან“ დაკავშირებით ხელისუფლებამ გააკეთა განმარტება, რომ სანქციების ქვეშ არ არის კომპანია, არც მეპატრონეები, ამიტომ შემოვუშვითო. რაც შეეხება "რედ ვინგსს", მისი დამფუძნებელია "როსტეხი“, რომელი საწარმოც ამერიკული სანქციების ქვეშაა, მეპატრონე - ჩენეზოვი ("როსტეხის "დამფუძნებელი და კე-გე-ბეს ყოფილი აგენტი), ყოფილი მეპატრონე - ლებედევიც სანქცირებულნი არიან. გამოდის, სანქცირებულ და კე-გე-ბეს ყოფილი აგენტის დაფუძნებულ კომპანიას მივეცით ფრენების განხორციელების საშუალება.

რასაკვირველია, ამას ექნებოდა მკვეთრი რეაგირება ამერიკის მხრიდან - იყო რამდენიმე გაფრთხილება, ახლა ვფიქრობ, ეს საბოლოოა და სახელმწიფომ ამ საკითხს უნდა გადახედოს. არის მეორე გზა - შესაძლოა, აბსოლუტურად მეორეხარისხოვან პრიორიტეტად დავაყენოთ იქნება თუ არა დაწესებული სანქციები ჩვენი ავიაკომპანიების მიმართ და გვექნება საშუალება თავისუფლად ვიმოძრაოთ რუსულ სივრცეში - აღარ ვიფრინოთ ამსტერდამსა და ვენაში, მაგრამ ვიფრინოთ ჩელიაბინსკში, უფასა და მოსკოვში. ეს დომინოს პრინციპით გამოიწვევს მკვეთრ რეაგირებას ჩვენს ავიაციის სააგენტოზე, რადგან ის არის "იასას“ - ევროპული ოჯახის სააგენტოების წევრი, მას თავისი დასავლური სტანდარტები და მოთხოვნები აქვს, რუსულისგან განსხვავებით. რუსებს უსაფრთხოების სტანდარტები სხვა აქვთ, ჩვენ - სხვა. ჩვენი მხარე წლების განმავლობაში იცავდა იმ სტანდარტებს, რასაც ევროკავშირი ავალდებულებდა, ამიტომაც მიეცა რეკომენდაცია ისეთ კომპანიას, როგორიც იყო "ლუფთჰანსა“, "ბრითიშ ეარვეისი“, თუ "ეარფრანსი“ (რომელიც რეგულარულად დაფრინავს პარიზი-თბილისის რეისზე). ჩვენი ქვეყანა თუ ამ სანქციების გამო მოხვდა წითელი ალმის ქვეშ, ჩვენი აეროპორტები სანქცირებულ ავიაკომპანიებთან თანამშრომლობას თუ გააგრძელებენ, ჩვენთვის ევროპის ცა დაიკეტება. ეკონომიკური თვალსაზრისითაც (პოლიტიკურზე აღარ ვსაუბრობ), საქართველოსთვის ეს არაფრის მომტანია და რა მომავალზე შეიძლება იყოს საუბარი? დასანქცირება არ დააყოვნებს იმიტომ, რომ ეს არის ამერიკული მხარის პრესტიჟის საკითხიც, დასავლეთის მხრიდან ტერორისტად აღქმულ ქვეყანას ცას უხსნი და შემოგყავს გაურკვეველი წარმომავლობის სანქცირებული რუსული ტექნიკა და რაც ყველაზე მთავარია, რუსეთის ფედერაციის სანქცირებულ კომპანიებს საშუალებას აძლევ, მიიღონ დამატებითი ეკონომიკური შემოსავლები იმ ქვეყნის ხარჯზე, რომელიც ამერიკის სტრატეგიული პარტნიორია. ეს ჩვენთვის და მაგალითად, "ჯორჯიან ეარვეისისთვის“ წამგებიანი პროექტი იქნება - ის ისედაც დაფრინავს ერევანი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებაზე. ეს არის რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური გადაწყვეტილება, მათ შორის - ეკონომიკურიც, პირადი სარგებლობისთვის. მათ უნდათ მთელ მსოფლიოს დაანახონ, რომ ჩვენ "დავარჭეთ“ აეროფლოტის დროშა საქართველოში და იცოდეთ, რომ ეს ტერიტორია უკვე ჩვენს განკარგულებაშია, - მიზანი ეს არის.

კიდევ ერთი - როცა "აზიმუტი“ შემოუშვეს, ხომ ცალსახად თქვეს, ის სანქციებში არ არისო, ახლა "რედ ვინგსი“(Red Wings) რომ შემოუშვეს (სააგენტომ ნებართვა უკვე გასცა), რატომ არ გააკეთეს იგივე განცხადება? - იმიტომ, რომ იციან, სანქცირებულია. თან ამ კომპანიას პრეტენზია აქვს არა მარტო თბილისის და ბათუმის აეროპორტებიდან ფრენაზე, არამედ ქუთაისი-სოჭის, ქუთაისი-მოსკოვის მიმართულებით ფრენებიც დააანონსა. ეს მიზანმიმართულად კეთდება იმისთვის, რომ ჩვენთან ევროპული სტანდარტების ავიაკომპანიებმა აღარ იფრინონ. ეს აბსოლუტურად მიზანმიმართული პროცესია, რაც მკვეთრად უარყოფითად აისახება ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს საწარმოებზე. ნამდვილად ვგულშემატკივრობ "აირზენას“, მაგრამ ის დღეს ამ გადაწყვეტილებით იმ მიღწევას და რეპუტაციას წყალში ყრის, რაც ადრე ჰქონდა (რამდენიმე რეისი გააკეთა აგვისტოს ომის დროს, როცა ჯარისკაცებიც გადაჰყავდა, ექიმებიც, გაეროს წარმომადგენლებიც და ჟურნალისტებიც). ჯერ კიდევ არ არის გვიან, ვფიქრობ, "აირზენა“ აუცილებლად უნდა გამოვიდეს ამ ბაზრიდან, რეპუტაცია და ავიაკომპანია სანქციებისგან რომ გადაარჩინონ.

თენგიზ ფხალაძე პოლიტოლოგი:

"აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათლად იყო ყველაფერი ნათქვამი და ის ბევრ განმარტებას არც საჭიროებს. მაშინ, როცა მთელი მსოფლიო ერთიანდება და მიიღება რაღაც კონკრეტული გადაწყვეტილებები, დგება საკითხი, როცა ორივე მხარეს ყოფნა შეუძლებელია. შევხედოთ ამას საქართველოს მხრიდან - ხშირად გვესმის ასეთი ფრაზა - 2 და 3 წლის წინ თვითონ ჩვენი პარტნიორები არ მოუწოდებდნენ, აღადგინეთ საქართველოსთან ფრენებიო? კი, მართალია, მაგრამ მაშინ რუსეთი არ იყო აგრესორ და ტერორისტ ქვეყნად აღიარებული. გარდა ამისა, პუტინი არ იყო სასამართლოს მიერ ძებნილად გამოცხადებული, არ არსებობდა სანქციები... მაშინ ბევრი რამ არ არსებობდა. დღეს არის, აბსოლუტურად, სხვა მოცემულობა. ვიცით, რატომაც აღადგინა რუსეთმა ფრენები - რუსეთი ეძებს გზას, რომ რაღაცნაირად ის ზეწოლა, რაც მასზეა, შეამსუბუქოს და დამატებითი გასასვლელი მონახოს, პუტინისთვის არანაირი ჰუმანიტარული მოტივაცია არ არსებობს, ეს ადამიანი ჰუმანურობისგან საერთოდ დაცლილია. დღეს არის აბსოლუტურად სხვა მოცემულობა და როდესაც ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან გვაქვს კომუნიკაცია, ისინი ღიად ამბობენ, ნუ გააკეთებთ ისეთ რაღაცას, რაც საწინააღმდეგო მხარეს დაგაყენებთ, ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველო იყოს საპირისპირო მხარეს, გვინდა იყოს იქ, სადაც არის. ამიტომაც ეხმარებიან ყველანაირად საქართველოს, მათ შორის ის პროექტები, რითაც დღეს ჩვენი ხელისუფლება თავს იწონებს - ოპტიკურბოჭკოვანი კაბელი იქნება თუ სხვა, ეს ყველაფერი ხომ იმისთვის კეთდება, რომ საქართველო განვითარდეს?

პარტნიორები იმას გვეუბნებიან, მოგვეცით თქვენი ქვეყნის განვითარების საშუალება და ნუ იქნებით მოწინააღმდეგის მხარეს. მე მგონი, გზავნილი ძალიან ნათელია, იქნება ეს აშშ-დან, თუ ევროკავშირის მხრიდან. თავისთავად ცხადია, რომ არჩევანი ჩვენი გასაკეთებელია, ოღონდ, ყველა არჩევანს აქვს თავისი შედეგი. ჩვენ თავს უნდა ვკითხოთ - გვინდა მეგობრობა მეგობრებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოს განვითარებით, სტაბილურობით, მზად არიან ამაში მეტი ინვესტირება მოახდინონ, გაზარდონ დაცულობა და ქართველი ხალხის კეთილდღეობა, თუ გვინდა მეგობრობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები და რომელმაც სულ ახლახან გამოაქვეყნა ახალი საგარეო პოლიტიკის სტრატეგია. თუ კარგად ჩავხედავთ, ვნახავთ, რომ მასში საქართველოს ადგილი არ არის. ასე რომ, კითხვა უფრო მარტივად უნდა დავსვათ - გვინდა არსებობდეს ქართული დემოკრატიული, სუვერენული სახელმწიფო, თუ არ გვინდა? - ამაზეა საუბარი. ავიაკომპანიები თუ დასანქცირდა, რუსეთთან სავიზო რეჟიმი კი მოგვეხსნა და შეგვეძლება ნიჟნი ტაგილში ჩავიდეთ ხოლმე ხანდახან“.