ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი, ალექსანდრე ლუკაშენკო ცუდად ყოფნას ადენოვირუსულ ინფექციას აბრალებს. მისი თქმით, ვირუსის გამოა, რომ რამდენიმე დღეა საზოგადოებაში არ გამოჩენილა.
ლუკაშენკო ამბობს, რომ მკურნალობისთვის დრო არ ჰქონდა. ბელარუსის ლიდერის განცხადებას მისი პრესსამსახური ავრცელებს.
ლუკაშენკოს თქმით, ჯერ სიკვდილს არ აპირებს. მანვე ინფორმაციას მძიმე ავადმყოფობის შესახებ, სოციალურ ქსელებში "უსაქმურთა სპეკულაცია" უწოდა.
ცნობები ლუკაშენკოს ავადმყოფობის შესახებ მას შემდეგ გაჩნდა, რაც მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე ცუდად გამოიყურებოდა. ვერ შეძლო რამდენიმე ასეული მეტრის გავლა ლენინის მავზოლეუმიდან უცნობი ჯარისკაცის საფლავამდე და არ იმყოფებოდა პუტინთან საუზმეზე დსთ-ს სხვა ქვეყნების პირველ პირებთან ერთად.
9 მაისს, საღამოს ლუკაშენკომ გვირგვინით შეამკო მინსკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი, მაგრამ არ გამოსულა სიტყვით, რასაც ჩვეულებრივ აკეთებს ხოლმე გამარჯვების დღეს. მას შემდეგ საზოგადოებაში დიდი ხნის განმავლობაში არ გამოჩენილა.
13 მაისს ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლუკაშენკოს ავტოკოლონა რესპუბლიკურ კლინიკურ სამედიცინო ცენტრში მივიდა. ცოტა ხნის შემდეგ კი ავტოკოლონამ ცენტრი დატოვა.