ზოგჯერ ემიგრანტი ქართველი ქალები იმ წინაპრებს მაგონებენ, ბედისწერა უცხოეთში სამშობლოს გამო რომ გაამწესებდა და ისინიც ერთგულად ასრულებდნენ ამ მისიას. კი,…ყოველთვის იყვნენ და არიან ასეთი ქალები, ძალიანაც რომ იღლებიან, თავიანთი საქმეც რომ უფუჭდებათ, მაგრამ გული და ხელი მაინც მუდამ სამშობლოსკენ აქვთ. მათ შორის არის მაია მჭედლიძე-უზალი, ქართველი ჟურნალისტი და მთარგმნელი თურქეთში, ბედმა მეუღლედ სამშობლოს მოყვარული კაცი რომ არგუნა - თურქეთში დაბადებული და გაზრდილი ფეჰმი უსტიაშვილი. ვიცი, აუცილებლად შეგძრავთ, როდესაც ამ კაცის ნათქვამს მოისმენთ, - თურქეთის ერთ მთიან სოფელში კარგა ხანს ისე ვიზრდებოდი, არც ვიცოდი, საქართველოში თუ არ ვცხოვრობდიო. ამ ფრაზითაც შეიძლება წამოიდგინო, რა ფიქრით ცხოვრობდნენ თურქეთს შეფარებული პატარა ქართველი ბიჭის წინაპრები.
- ქალბატონო მაია, თქვენი მეუღლის მოღვაწეობას რომ გადახედავ, აღმოაჩენ, რომ ისტორიული სამშობლოსთვის მთელი გულით იღვწის. თქვენთანაც ბედმა, ალბათ, ამიტომ შეახვედრა.
- ალბათ, მართლაც ბედი იყო. თურქეთში ხანმოკლე საქმიანი მივლინებით ვიყავი, მაგრამ როგორ შემეძლო ქართველთა სათვისტომო არ მომენახულებინა. იქ გავიცანი ფეჰმი. მას ამ დროს საქართველოში უკვე ჰყავდა უამრავი ახლობელი. ისტორიული სამშობლო რომ ნახა, აღარც მოსცილებია. მას შემდეგ ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში. თავდაპირველად მისი ვიზიტების მიზეზს ვერ ვხვდებოდი, თუმცა მერე მიზეზი რომ გავიგე, უცხოეთს ბედს მაინც არ ვუკავშირებდი. ამიტომ ძალიან ვიყოყმანე. ამასობაში, ისეთი ქართველები აღმოჩნდნენ ჩვენ გვერდით, რომ სიტუაციამ დამაფიქრა და ასე მოვხვდი სტამბოლში.
- წამიკითხავს თქვენი მეუღლის ნათქვამი, რომელმაც შემძრა: თურქეთში ისე ვიზრდებოდი, კარგა ხანს ვერც ვაცნობიერებდი, რომ საქართველოში არ ვცხოვრობდიო.
- მისი დიდი ბაბუა და მისი ძმები ჩაქვიდან თურქეთში XIX საუკუნის ბოლოს გადავიდნენ. მიზეზი, როგორც მუჰაჯირობის სხვა შემთხვევებში, რუსეთის იმპერიის უმძიმესი ზეწოლა იყო. ამ დიდმა ტრაგედიამ მაშინაც აურია ქართველებს გზა-კვალი. ჩემი ქმრის დიდი ბაბუა, გვარად უსტიაშვილი, თურქეთში სხვა მუჰაჯირ ქართველებთან ერთად გადმოვიდა. თუმცა უსტიაშვილების ნაწილი ჩაქვშიც დარჩა. ამ ამბის კიდევ ერთი სულისშემძვრელი ამბავი ჩემი მეუღლის ჩაქველი ნათესავების პოვნაა. რომელიღაც სახლის კარზე უსტიაშვილის გვარი ამოიკითხა და დაელოდა, სანამ ვიღაც გამოვიდოდა. როდესაც მასპინძელმა კარი გააღო და ჩემს მეუღლეს მოუსმინა, უთხრა, შე კაცო, აქ რას ვდგავართ, ჩვენს სოფელში წავიდეთ და უსტიაშვილებს იქ გაგაცნობო. გააგრძელეთ კითხვა