ავტორი:

"მშვიდობა მობეზრდა და ავტომატით ხელში ცდილობს ხალხმრავალ ადგილებში გამოჩნდეს" - აფხაზური ოპოზიციის დაგეგმილ აქციას ახრა ავიძბა უერთდება: რას წერენ ადგილობრივები?

"მშვიდობა მობეზრდა და ავტომატით ხელში ცდილობს ხალხმრავალ ადგილებში გამოჩნდეს" - აფხაზური ოპოზიციის დაგეგმილ აქციას ახრა ავიძბა უერთდება: რას წერენ ადგილობრივები?

30 მაისს, აფხაზური ოპოზიცია დიდი საპროტესტო მარშისთვის ემზადება, რაც მათი თქმით, ე.წ. ხელმძღვანელობის გადადგომის წინაპირობა უნდა გახდეს.

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერის, ადგურ არძინბას თქმით, ბჟანია-ანქვაბის გუნდმა, მოსახლეობასთან საუბრისა და სიტუაციის დამშვიდების ბევრი შანსი დაკარგა, ამიტომ ოპოზიციის თხოვნა ჯერ მოთხოვნაში გადაიზარდა, შემდეგ კი - ულტიმატუმში, თუმცა ხელმძღვანელობამ მათ ყური არ ათხოვა, ამიტომ შედეგი უნდა მიიღონ.

ამიტომაც, ოპოზიციის ულტიმატუმის ამოწურვის შემდეგ, "არუაამ", "აფხაზეთის სახალხო მოძრაობამ", "აფსნიმ", "აამტამ", "აფხაზეთის ახალგაზრდულმა ფორუმმა" და "ახიაცამ" ბჟანიას გადადგომისკენ მოუწოდეს.

ადგილობრივი მოსახლეობისა და პოლიტიკოსების თქმით, ყველა იდეა, რომელსაც ბჟანია და ანქვაბი იმ პერიოდში ახმოვანებდნენ, სიცრუე აღმოჩნდა. მათ ყველაფერი საპირისპიროდ გააკეთეს - აფხაზები "ხელმძღვანელობას" ანტიეროვნულ ქმედებებში ადანაშაულებენ.

  • ოპოზიციონერი საიდ ბეია, თანამოაზრეებთან ერთად ჩამოყალიბებულ რამდენიმე პუნქტიან მოთხოვნებში, უმთავრეს პრიორიტეტად ბიჭვინთის აგარაკების განსხვისების შეჩერებას აყენებს. ოპოზიციის შეფასებით "ხელმძღვანელობის" გადაწყვეტილება აგარაკების გასხვისებაზე აფხაზეთის დემოგრაფიულ ბალანსს საფრთხეს უქმნის.

კიდევ ერთი საკითხია საქართველოსთან ვაჭრობის ლეგალიზაცია, ე.წ. ენგურის საზღვარზე მაღაზიების გახსნა, რომელიც "საბაჟო გადასახადისგან" გათავისუფლდება. ამ საკითხებზე მოსახლეობაში აზრთა სხვადასხვაობაა - მათი ნაწილი ქართულ მხარესთან ვაჭრობასა და ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაში სახიფათოს ვერაფერს ხედავს და ნაწილი - პირიქით.

აფხაზეთში არიან ისეთებიც, ვინც სკეპტიკურად უყურებენ 30 მაისს ჩანიშნულ მასშტაბურ აქციას და ამბობენ, რომ ეს კიდევ ერთ წრეზე წასვლა იქნება, რომელსაც ხალხისთვის სასიკეთო შედეგი არ ექნება, რადგან ძალა, რომელიც ახლა "ხელმძღვანელობის" შესაცვლელად იბრძვის, არაფრით ჩამოუვარდება არსებულს.

მათი უკმაყოფილება და იმედგაცრუება კიდევ უფრო გაამწვავა ახრა ავიძბას განცხადებამ, რომ ის უერთდება 30 მაისის სოხუმში დაგეგმილ საპროტესტო აქციას. აფხაზები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ უკრაინის ომიდან გაუგებარი მიზეზით წამოსული "პიატნაშკას" ლიდერი, რომელსაც ადგილობრივებმა, ირონიულად "დაშლილი ბანდის მეთაური" შეარქვეს, თავგადასავლების ძიებას აგრძელებს.

"მას მშვიდობა მობეზრდა და ავტომატით ხელში ცდილობს ხალხმრავალ ადგილებში გამოჩნდეს, რადგან შთაბეჭდილების მოხდენას უნდა" - წერს ერთ-ერთი მათგანი.

"არ გვინდა ამდენი პატრიოტიზმი, ბატონო ახრა... უკრაინაში რომ გვგონიხარ, სოხუმში ხარ, სოხუმში რომ გვგონიხარ, მარიუპოლში, ან სადმე, სადაც არ მგონია, კეთილსინდისიერი ზრახვები გქონდეს... ჯერ ბჟანიას გულშემატკივრობდი ხაჯიმბას წინააღმდეგ, ახლა ბჟანიას წინააღმდეგ გამოდიხარ, ისევ ხაჯიმბასა და მსგავსების სასარგებლოდ. არადა, აქ ყველა ერთმანეთს ჰგავს, საქმით, სახით, საქციელით და ახალი თაობაც უნდა დაიმსგავსონ. აქ სხვა არჩევანი არ არის, ან ჩვენს პოლიტიკოსებს ემსგავსები, ან ახრა ავიძბასნაირებს" - წერს ადგილობრივი ინტერნეტმომხმარებელი აპსნი აფხაზია.