მე რა თქმა უნდა, ქალბატონ პრეზიდენტს არ ვუპასუხებ ამ ტრიბუნიდან, მინდა მას წარმატებული დღე ვუსურვო, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელიც მან საგარეო საქმეთა სამინისტროში "დიასპორის ფორუმი 2023"-ზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
სალომე ზურაბიშვილის მიერ პროტოკოლთან დაკავშირებულ შენიშვნაზე ღარიბაშვილმა საპასუხოდ განაცხადა, რომ "მთავრობას ჰყავს ძალიან კვალიფიციური პროტოკოლის სამსახურის უფროსი".
"ერთი რამ მინდა აღვნიშნო, ჩვენ გვაქვს საზეიმო განწყობა, ჩვენ გუშინ განსაკუთრებულად აღვნიშნეთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და მე, როგორც რიგით მოქალაქეს, ყოველთვის ასე მიმაჩნდა და მიმაჩნია დღესაც, რომ მინიმუმ, ამ დღეს ვერთიანდებით და ეს დღე უნდა იყოს ურთიერთპატივისცემის, სიყვარულის გამოხატულების დღე და ეს უნდა იყოს გამაერთიანებელი დღე - ეს იქნებოდა ჩემი პასუხი. რაც შეეხება პროტოკოლის წესებს, მთავრობას ჰყავს ძალიან კვალიფიციური პროტოკოლის სამსახურის უფროსი, ბატონი დავით ზანთარაია. მინდა მას მადლობა გადავუხადო, ასევე ბატონ ილია დარჩიაშვილის უწყების ყველა თანამშრომელს მინდა მადლობა გადავუხადო, საკონსულოების წარმომადგენლებს, ხელმძღვანელებს, ყველას მინდა მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და აღნიშნა, რომ „არ შეიძლება 26 მაისს თავდაცვის მინისტრი ჯერ პრემიერს მიესალმოს და მერე პრეზიდენტს, უმაღლეს მთავარსარდალს“.
"არ შეიძლება რომ არ ვთქვა, თუ რა მნიშვნელობა აქვს პროტოკოლს. ეს არ არის „მე ასე მინდა, სკამი იქ დამიდე, ან გადადექი, ჩაიჩოჩე, ჩამოიჩოჩე“ და ეს არ არის პრეზიდენტის შეურაცხყოფა, ეს არის პროტოკოლის დარღვევა და პროტოკოლი არის სხვა რამე კი არა, სახელმწიფოს საყრდენი. თუ არა, იწყება გაუთავებელი - „მე პირველი ვარ, შენ მეორე“. ეს არის პირველი უაზრო დაპირისპირების საგანი. მე დიდი ხანია ამ ქვეყანაში არაფერი მწყინს და ამით ვერავინ მაწყენინებს, მაგრამ მე ამ ადგილს დავტოვებ, სხვა მოვა და ეს ადგილი არის პრეზიდენტის“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
წაიკითხეთ ასევე: