ავტორი:

"2008 წლის ომიდან რამდენიმე თვეში წინა ხელისუფლებამ თამაზ გაიაშვილი გააგზავნა და დაავალა, რომ დაეწყო პირდაპირი ფრენები რუსეთთან" - პრემიერი

"2008 წლის ომიდან რამდენიმე თვეში წინა ხელისუფლებამ თამაზ გაიაშვილი გააგზავნა და დაავალა, რომ დაეწყო პირდაპირი ფრენები რუსეთთან" - პრემიერი

2008 წლის ომის შემდეგ, რამდენიმე თვეში, თამაზ გაიაშვილი გააგზავნეს და დაავალეს, რომ ჩასულიყო და დაეწყო პირდაპირი ფრენები რუსეთთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმითვე, 2008 წლის ომიდან თვეების შემდგომ, წინა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ საჭირო იყო რუსეთისთვის სტრატეგიული ობიექტები მიეყიდა.

"ომი ახალი მომხდარი იყო და წინა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ საჭირო იყო რუსეთისთვის ანუ ოკუპანტი ქვეყნისთვის, მიეყიდათ ძალიან მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ანუ სტრატეგიული ინფრასტრუქტურა, ობიექტები. ვის მიჰყიდეს?! - რუსულ სახელმწიფო კომპანიებს, მეგობრებო. თქვენ გახსოვთ, გამოდიოდა მაშინ მინისტრი მერაბიშვილი, „მერე რა მოხდა, რუსული ფული რუსული ფულია“. აი, ასეთ ფარისევლებთან გვაქვს საქმე. რამდენიმე თვეში კიდევ, გაგრძელდა ეს მუშაობა, მახსოვს ძალიან კარგად, მათი დაჟინებული თხოვნა იყო, ფრენები დაგვეწყო“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ღარიბაშვილის თქმით, ასევე ომის შემდეგ, სააკაშვილმა ცალმხრივად, გააუქმა სავიზო რეჟიმი რუსეთისთვის.

„მოითხოვეს რამე სანაცვლოდ?! თქვენთვის, ჩვენი მილიონიანი დიასპორისთვის, არაფერი არ მოუთხოვიათ. მხარი დაუჭირეს ამ ომის შემდეგ სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას, და აი, რას მოითხოვდა მაშინდელი პრეზიდენტი ან ნებისმიერი პრეზიდენტი სანაცვლოდ? როცა ოკუპირებული ქვეყანაა და ამხელა რაღაცაზე მიდიხარ, რაღაცა ხომ უნდა მოითხოვო შენი ქვეყნისთვის, შენი ხალხისთვის. რა მოითხოვა მეგობრებო, იცით?! - მაშინდელ ამერიკის პრეზიდენტთან, ბარაკ ობამასთან ვიზიტი. აი, ასეთ პირად ინტერესებში გაცვალა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, აი, ასეთ ძალასთან გვქონდა ჩვენ საქმე. ასეთი ძალა, მოღალატე, ანტი-ეროვნული და ანტი-ევროპული თავისი შინაარსით მოიშორა ჩვენმა ხელისუფლებამ ჩვენი ქვეყნის მმართველობიდან. და ჩვენს ქვეყანას ძალიან დიდი განსაცდელი ავარიდეთ. კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ არ ყოფილიყო ჩვენი დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი, „ქართული ოცნება“, დღეს ქვეყანა უბრალოდ აღარ გვექნებოდა. ეს ადამიანები ხელისუფლებაში არ არიან, ყოველდღე ამბობენ, რომ უნდა გავაგზავნოთ ჯარი, სამხედრო დახმარება, სანქციები დავაწესოთ, პირდაპირ პროვოცირებენ, ომში ჩართვა უნდათ ამ ადამიანებს, ეს არის ომის პარტია, მას შემთხვევით არ დავარქვით ომის პარტია. წარმოიდგინეთ, ოპოზიციაში არიან 10 წელი უკვე, აგებენ ყველა არჩევნებს. ესენი, თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, რომ ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში, რას იზამდნენ?! ქვეყანას გადაწვავდნენ, იტყოდნენ, რომ მერე რა, კიდევ დავიჩაგრეთ, აღარ გვინდა ეს! ამდენი დაჩაგვრა, წაგება, დაპყრობა, ჩვენ გვინდა გამარჯვება. ქართველ ხალხს დღეს სჭირდება გამარჯვება, განვითარება, გაერთიანებას სჭირდება ქვეყანას“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მიუხედავად ამდენი მავნებლებისა, შიდა თუ გარე მტრებისა, დღეს ხელისუფლება არის ძლიერი, „ქართული ოცნების“ გუნდი ერთიანია.

პრემიერის თქმით, ამ მშვიდობას შეინარჩუნებენ და „ქვეყანას გავუშვებთ სამშვიდობოს“.

რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას და საქართველოს პოლიტიკას, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ბოლო ათი წელია საქართველოს არავითარი პოლიტიკური წინსვლა არ აქვს რუსეთთან.

„ჩვენ თავიდანვე გავმიჯნეთ, ვთქვით, რომ ჩვენ ვაჭრობას, ეკონომიკას აღვადგენთ, და განვსაზღვრეთ სტრატეგიული მოთმინების და მშვიდობიანი პოლიტიკა. მშვიდობიანი გზით დეოკუპაციის პოლიტიკა. მოთმინება არის ძალიან მნიშვნელოვანი, მეგობრებო. ჩვენ ქართველებმა ძალიან კარგად ვიცით მოთმინება, როგორც ბიბლიაში არის დაწერილი, უნდა ვიცოდეთ ქვების შეგროვების და ქვების განბნევის დრო, დრო სწორად უნდა შევარჩიოთ. ამიტომ აუცილებელია სტრატეგიული მოთმინება, ჩვენ მშვიდობიანად უნდა მოვახერხოთ, ქვეყნის დეოკუპაცია, და ჩვენი ქვეყნის გაერთიანება“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება რუსეთთან პირდაპირ ფრენებს, პრემიერის თქმით, ეს იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება 2019 წელს.

„მე აქვე მინდა შეგახსენოთ, 2019 წელს იგივე ჩვენი ევროპელი კოლეგები, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი - ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები, ყველანი, ვინც მხარს გვიჭერდა და გვიჭერს, მაშინ გამოდიოდნენ ღია მოწოდებებით ხელისუფლების მიმართ, რომ აღედგინათ ფრენები. 2019 წელს, მაშინ რა ხდებოდა ჩვენთან ოკუპაცია აღარ იყო, ომი აღარ იყო მომხდარი თუ შეცვლილი იყო სტატუს კვო? - არავითარი! ერთი განსხვავებაა, რომ უკრაინის ომი არ იყო მაშინ. და უკაცრავად, კიდევ გავიმეორებ, ჩვენი ომი არის ჩვენი ომი და არ არის ჩვენი ომი მათთვის ომი თუ ამდენი ხალხი, რომ დაიღუპა და დავკარგეთ ტერიტორიები ეს არაფერია მათთვის?! თუ ტერიტორიების სიდიდეზეა და ადამიანების რაოდენობაზეა მაინცდამაინც გათვლა?! ამიტომ ჩვენ ვთვლით, რომ ფრენები არის შემადგენელი ეკონომიკური-სავაჭრო ურთიერთობების, ამას არავითარი შემხებლობა არ აქვს არც პოლიტიკასთან, არც საერთოდ არაფერთან, და ვთქვით, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენს ერთ მილიონ დიასპორას და მათ ნათესავებს სჭირდებათ თავისუფალი გადაადგილება. მოლდოვას, მგონი უკრაინას აქვს დღეს უვიზო რეჟიმი. ამიტომ აქ არაფერი განსაკუთრებული არ არის, პირიქით, ყველაფერი, რაც გაუიოლებს ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენს დიასპორას მოძრაობას, გადაადგილებას, ბიზნესს, რა თქმა უნდა, არის ძალიან კარგი. ყოველდღე ათასობით მანქანა გადადის და კვეთს საზღვარს ლარსის გამშვებ პუნქტზე, მათ შორის სამგზავრო, სატვირთო, და რა განსხვავებაა, ვერ გავიგე, მაშინ დავკეტოთ ესეც, მეორე ეტაპი იქნებოდა, რომ დაკეტეთ საზღვრები, გააჩერეთ ვაჭრობა. ჩვენ ყოველწლიურად ასეულობით მილიონ დოლარს ვიღებთ გადმორიცხვებით ჩვენი დიასპორიდან, მილიარდებზეა საუბარი. რუსეთში მცხოვრები ჩვენი დიასპორიდან ასეულობით მილიონი დოლარი შემოდის, ინახავენ ოჯახის წევრებს, ავითარებენ ბიზნესს, რატომ უნდა ჩავკეტოთ?! რა ხდება?! ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომ პირიქით, დავეხმაროთ ჩვენს ხალხს ყველგან, ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.