ავტორი:

"გაოცებული ვიყავი, ცივილიზაციას მოწყვეტილ ადგილას ერთადერთი ბიჭი ცხოვრობდა... ქალაქში დაბრუნებას არც ვაპირებ" - "ტიკტოკერი" წყვილი რაჭიდან, მათი სიყვარულის ამბავი და უარი ქალაქის ცხოვრებას

"გაოცებული ვიყავი, ცივილიზაციას მოწყვეტილ ადგილას ერთადერთი ბიჭი ცხოვრობდა... ქალაქში დაბრუნებას არც ვაპირებ" - "ტიკტოკერი" წყვილი რაჭიდან, მათი სიყვარულის ამბავი და უარი ქალაქის ცხოვრებას

ქალაქი თუ სოფელი - ეს საკითხი ყოველთვის არის განხილვის თემა და ბოლო პერიოდში კიდევ უფრო აქტუალური გახდა. ზოგისთვის ქალაქში ცხოვრებას ბევრი უპირატესობა აქვს, ზოგს კი სოფელი, სუფთა ჰაერი, მიწასთან, ბუნებასთან სიახლოვე ურჩევნია.

"როცა დავბერდები, საცხოვრებლად სოფელში გადავალ", - ეს ფრაზა ყველას გაგვიგონია. ახალგაზრდა ასაკში კი სამწუხაროდ, ბევრი სოფლად მიტოვებულ სახლებში ჩაცვლას ვერ ახერხებს, თუმცა არიან ისეთი ახალგაზრდებიც, რომლებსაც სოფელში ცხოვრება აბედნიერებთ. ერთ-ერთ ასეთ ახალგაზრდა წყვილს საზგადოების ნაწილი კარგად იცნობს, რადგან ისინი სოციალურ ქსელებში აქტიურები არიან და თავიანთ გამომწერებს სოფლის ცხოვრების შესახებ ვიდეოების საშუალებით უყვებიან.

ბლოგერი ნანა აროშიძე მეუღლესთან ერთად მაღალმთიან რაჭაში, სოფელ ღებში ცხოვრობს: Ambebi.ge-სთან საუბრისას, ნანა ამბობს, რომ ბავშვობიდან უყვარდა მიწაზე მუშაობდა და ყოველთვის იზიდავდა ასეთი ცხოვრება.

ნანა აროშიძე:

"ბავშვობიდან მიყვარდა მიწასთან მუშაობა. სოლო მოგზაური ვარ და ყოველთვის ვიცოდი, რომ სოფელში ვიცხოვრებდი. ამჟამად მაღალმთიან რაჭაში ვცხოვრობ. გურიაში დავიბადე. პროფესიით ბუღალტერი ვარ. პანდემიის დროს ონლაინ ვმუშაობდი და პარალელურად, სოფლის მეურნეობასა და მოგზაურობასაც ვახერხებდი.

დიდი ხანია, ქალაქში აღარ მიცხოვრია და სიმართლე გითხრათ, დაბრუნებას არც ვაპირებ.

ღები მაღალმთიანი რაჭის ბოლო სოფელია. აქაურობა ძალიან შემიყვარდა. საქონლის მოვლას მიწასთან მუშაობასაც ვუთავსებ. მე და ჩემს ქმარს მეზობელიც არ გვყავს და ძირითადად, საძოვრებზე საქონელს მარტო ვატარებთ-ხოლმე.

ჩვენი საძოვრები სვანეთისკენაა. ასეთი ცხოვრება ძალიან მიზიდავს და არც მწყინდება. მთაში მანამ ვცხოვრობთ, სანამ არ გათოვდება.

ჩემი მეუღლეც მოგზაურობის დროს გავიცანი: სოფლებში მოგზაურობის დროს, რაჭის სოფელი ღები ამოვარჩიე. საოჯახო სასტუმროს მეპატრონეს შევუთანხმდი, რომ 2-3 დღე დავრჩებოდი, ის კი სოფელს დამათვალიერებინებდა.

ღებში როცა ჩამოვედი, ძალიან ცუდი ამინდი იყო. ამიტომ ერთ ადგილობრივს ვთხოვე, ჩემთვის ისეთი ადამიანი გაეცნო, ვისაც დიდი მეურნეობა და ფერმა ექნებოდა - ეს ჩემი ბლოგისთვისაც საინტერესო იქნებოდა. ასე გავიცანი ილო. გაოცებულო ვიყავი, ცივილიზაციას მოწყვეტილ ადგილას ერთადერთი ახალგაზრდა ბიჭი ცხოვრობდა. ამის შემდეგ, მხოლოდ "ინსტაგრამის" საშუალებით ვკონტაქტობდით. ერთმანეთს რამდენიმე თვის შემდეგ ქუთაისში შემთხვევით შევხვდით და უფრო დავახლოვდით, დაახლოებით თვენახევარში კი დავქორწინდით. ილო წარმოშობით რაჭიდანაა. ქუთაისში გაზრდილია, მაგრამ მასაც ჩემსავით სოფელში დამოუკიდებლად ცხოვრება იზიდავდა.

რატომღაც ბევრს ჰგონია, რომ ასაკში სოფელში ცხოვრება უფრო მოსახერხებელია. მე კი პირიქით ვფიქრობ: ასაკოვან ადამიანებს უფრო უჭირთ სოფელში წასვლა და შვილების, შვილიშვილების დატოვება. პირიქით, როცა მოხუცდებიან, ყურადღება სჭირდებათ, ამიტომ ნათესავებს სოფლიდან ქალაქში გადაჰყავთ.

ასაკში ენერგია ნაკლებია, ახლობლებთან ყოფნის სურვილი კი დიდი. ახალგაზრდობაში ადვილი სათქმელია, სიბერეში ყველაფერს მივატოვებ და საცხოვრებლად სოფელში წავალო. მე და ჩემს მეუღლეს გვინდოდა, რომ ეს ახალგაზრდული ენერგია სოფელში დაგვეხარჯა და ასეთი ცხოვრებით ახლა დავმტკბარიყავით.“

ავტორი: ანი შავიშვილი