ავტორი:

რა ვითარებაა პარლამენტთან, სადაც აქცია დევიზით - "გარუსების პოლიტიკის წინააღმდეგ" მიმდინარეობს

რა ვითარებაა პარლამენტთან, სადაც  აქცია დევიზით - "გარუსების პოლიტიკის წინააღმდეგ" მიმდინარეობს

"გარუსების პოლიტიკის წინააღმდეგ"- ამ დევიზით საქართველოს პარლამენტის შენობასთან "ევროპული საქართველოს" მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მიზანია, კიდევ ერთხელ შეახსენოს საზოგადოებას, რომ რუსეთთან მოკავშირეობა არ შეიძლება, რადგან საქართველოს ღია მტერია.

როგორც "ევროპული საქართველოს" ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს მომავალი აქვს, თუ რუსეთს ჩამოშორდება.

"რასაც ყველანი ვნახავთ და რაც საკუთარ თავს უნდა შევახსენოთ არის ის, რომ 150 და 100 წლის წინაც ისევე, როგორც დღეს, რუსეთის მოკავშირეობა, რუსეთის ბანაკში ყოფნა და სახელმწიფოს შენარჩუნება არ არსებობს, ეს ნიშნავს ვასალობას. ყველა, ვინც გვეუბნება,რომ დავლაგდებით და მათ ბანაკში ვიქნებით, უსინდისოდ გვატყუებს. ეს რეალურად, სახელმწიფოებრიობაზე უარის თქმას გულისხმობს, ასევე თაობების სისხლისღვრისთვის გაწირვას, ჯოჯოხეთის ჭაობში ყოფნას. ამას ლაპარაკობდნენ ჩვენი მამები და დედები, ის ხალხი, ვინც ამ პუტინისტებს ზოგჯერ დროშად ჰყავთ აფარებული, ილია ჭავჭავაძე და ვაჟა ფშაველა. რეალურად, სწორედ მათ შინაარსს უპირისპირდებიან. თქვენ ნახავთ საოცარ მსგავსებას საქართველოს დეკლარირებული მტრების, რუსეთის და ჩვენი დღევანდელი მთავრობის სინქრონულობის. აქედან დასკვნა არის ერთადერთი - საქართველოს მომავალი აქვს მხოლოდ, თუ ის რუსეთს ჩამოშორდა. რუსეთთან ერთად მომავლის შანსი არ არსებობს. ამიტომაც, ამ პუტინისტური რეჟიმის დემოკრატიულად შეცვლის გარეშე ჩვენ არ გვაქვს შანსი, თავისუფლების სამშვიდობოს გავიდეთ და დაცული ვიყოთ, ქვეყანა იყოს ევროკავშირისა და ნატოს- წევრი, რაც ჩვენი ისტორიული ამოცანაა",- განაცხადა ბოკერიამ.

პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი.

დღევანდელ აქციაზე სიტყვით გამოსვლები დაგეგმილი არ არის. ტერიტორიაზე დამონტაჟებულია ეკრანი, სადაც საქართველოს ეროვნულ გმირებს აჩვენებენ.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიციაც.