ავტორი:

"შევარდნაძემ რუსეთს ყველაფერი დაუთმო, მაგრამ როგორც კი დაიწყო ლაპარაკი დიდ რეგიონულ პროექტებზე, მას ორი ტერაქტი მოუწყვეს" - ისტორიის გაკვეთილები, ანუ რუსული "გადაგდების" ქრონოლოგია

"შევარდნაძემ რუსეთს ყველაფერი დაუთმო, მაგრამ როგორც კი დაიწყო ლაპარაკი დიდ რეგიონულ პროექტებზე, მას ორი ტერაქტი მოუწყვეს" - ისტორიის გაკვეთილები, ანუ რუსული "გადაგდების" ქრონოლოგია

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა, თუმცა, სამწუხაროდ, ეროვნული დღესასწაულიც ვერ იქცა ჩვენი ერთიანობის ჩვენების საფუძვლად - მთავრობასა და საზოგადოების ნაწილს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სიტყვა არ მოეწონა, მეორე ნაწილს კი - პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის მთავარი გზავნილები. ცალკე კითხვებს ბადებს რუსეთთან ურთიერთობის თემა. შეიძლება ითქვას, 26 მაისს ცეცხლზე ნავთი დაასხა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, როდესაც განაცხადა, რომ თურმე სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი ავიაფრენების აღდგენას საქართველოს ხელისუფლება ითხოვდა. "მინდა გითხრათ, რომ არ დაიწყოთ სიყალბის გავრცელება - ჩვენ, ოფიციალურ ხელისუფლებას, გვაქვს გაცხადებული არაერთხელ, რომ ჩვენ რუსეთის ხელისუფლებასთან პოლიტიკური დიალოგი არა გვაქვს! ჩვენ გვაქვს ურთიერთობა ეკონომიკურ-სავაჭრო საკითხებზე. ეს გაცხადებულია ღიად, ამის თაობაზე დასამალი არაფერი გვაქვს. მე ასევე მინდა გითხრათ, თუ ვინმეს ჰქონდა ხელისუფლებიდან მცდელობა კონტაქტების და ვიზიტების, ეს იყო სააკაშვილის ხელისუფლება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ამ საკითხზე საუბრისას. ქვეყანაში შექმნილ ვითარებასა და რუსეთთან ურთიერთობის პრობლემატიკაზე გაზეთ კვირის პალიტრას პოლიტოლოგი გიორგი გობრონიძე ესაუბრება:

- დამოუკიდებლობის დღე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია ქვეყნის ცხოვრებაში, ამიტომ მინდა მოგვიანებით, მაგრამ მაინც მივულოცო ჩვენს მკითხველს ეს დღე. არსებობენ ჩვენზე მრავალრიცხოვანი ხალხები, რომელთაც არა აქვთ ბედნიერება ჰქონდეთ საკუთარი სახელმწიფო, ჩვენ კი პატარა, ქართველ საზოგადოებას გვაქვს სახელმწიფო, სადაც შეგვიძლია ჩვენი ბედი თვითონ გამოვჭედოთ, რაც უმნიშვნელოვანესია... მაგრამ, სამწუხაროდ, დღიდან დამოუკიდებლობის მოპოვებისა, დავდივართ მოჯადოებულ წრეზე და ვერა და ვერ გავეცით პასუხი უმთავრეს კითხვებს: რა არის საქართველოს მიზანი? რატომ უნდა არსებობდეს საქართველო როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო? რა არის ჩვენი სახელმწიფოებრივი იდეა? რა უნდა გამოხატავდეს ჩვენს ღირებულებებს და რა შეგვიძლია შევთავაზოთ მსოფლიოს? - ამ კითხვებზე დიდი ხანია ვკამათობთ და ვერაფრით ვერ შევთანხმებულვართ პასუხებზე. გადავხედოთ ჩვენი დამოუკიდებლობის პირველ წლებს. რა გააკეთა ჩვენმა საზოგადოებამ, მათ შორის პოლიტიკურმა კლასმა? ნაცვლად იმისა, სახელმწიფოს აშენება დაგვეწყო დიდი პასუხისმგებლობით და ყველაფერი გაგვეკეთებინა იმ ურთულეს ვითარებაში გადასარჩენად, სამოქალაქო ომი გავაჩაღეთ. ეს არ მეტყველებს იმაზე, რომ ქართველი საზოგადოება მზად იყო იმ გამოწვევებისთვისა და პასუხისმგებლობისთვის, რაც ახლავს დამოუკიდებლობას. დამოუკიდებლობა, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პასუხისმგებლობას საკუთარ ქვეყანაზე, როცა აღარ ხარ რომელიღაც იმპერიის განაპირა რეგიონი, რომელსაც მართავდნენ შორეული ცენტრიდან, შენ შეგიძლია შექმნა შენი აწმყო და მომავალი. ჩვენ ძალიან გაგვიჭირდა ამის გააზრება და დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან რამდენიმე თვეში თბილისში ერთმანეთს ტყვიას ვესროდით. ეს ჩვენი ისტორიის ყველაზე სამარცხვინო ფურცელია. ჩვენ შეიძლება წავაგოთ ბრძოლა აგრესორთან, მაგრამ როცა ერთმანეთთან ვიწყებთ ბრძოლას, ეს კატასტროფაა. აქედან მაინც უნდა გამოვიტანოთ გაკვეთილი, რომ არასდროს აღარ დავუშვათ ერთმანეთს შორის დაპირისპირება, წარსული გადავაფასოთ და სამოქალაქო ომის ფანტომი ერთხელ და სამუდამოდ გავაქროთ ჩვენი ცხოვრებიდან.

ზვიადისტებად და შევარდნაძისტებად დაქუცმაცებულ-დაპირისპირებული საზოგადოების ფონზე მივიღეთ მოსკოვიდან მართული ორი ეთნოტერიტორიული კონფლიქტი. კი, რა თქმა უნდა, მთელ ამ კოშმარში, რაც თავს დაგვატყდა, ჩართული იყო გარე ძალაც, მაგრამ ყველაფრის სხვისთვის გადაბრალება არ იქნება სწორი. ჯერ ის ვიკითხოთ, ჩვენ რა არ გავაკეთეთ იმისთვის, რომ ამ მდგომარეობაში არ აღმოვჩენილიყავით? ჩემი აზრით, ეს არის უპირველესი მწარე გაკვეთილი, რომელიც მივიღეთ ქვეყნის დამოუკიდებლობის პირველ წლებში. აქედან გამომდინარე, უნდა გაგვეკეთებინა ბევრი დასკვნა, თუმცა ვეჭვობ, რომ ეს შევძელით. დღესაც ჩვენში დამოუკიდებლობას უყურებენ როგორც მოცემულობას, არადა, ასე არ არის, ჩვენ ამისთვის ძალიან დიდხანს ვიბრძოლეთ, დაწყებული 1918-1921 წლების რესპუბლიკით, როდესაც წაგვართვეს დამოუკიდებლობა და 70 წელიწადი ვიყავით საბჭოთა ოკუპაციაში.

მოკლედ, როგორღაც მოვედით დღევანდლამდე, როდესაც გვაქვს ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა. ქართველი პოლიტიკური კლასი, ისევე, როგორც საზოგადოება ვერ ან არ იაზრებს ერთ უმნიშვნელოვანეს რამეს - შეიძლება ყველაფერი იყოს ამქვეყნად დაპირისპირებისა და დავის საგანი, გარდა ყველასთვის საერთო-სახელმწიფოებრივი ინტერესებისა და სუვერენიტეტისა.

რეალურად შევხედოთ პროცესებს და ვაღიაროთ, რომ ყველა შიდაპოლიტიკური პრობლემა მოიტანა იმან, რომ ქვეყანაში არ არსებობს გამართული დემოკრატიული ინსტიტუტები. არ არსებობს იმის გარანტია, რომ პოლიტიკური ძალა, რომელიც მხარდაჭერას კარგავს, მარტივად დათმობს ძალაუფლებას და წავა ხელისუფლებიდან. გადავხედოთ უახლეს ისტორიას, ყოველთვის რაღაცას აყენებდნენ დემოკრატიული განვითარების წინ - ხან სტაბილურობას, ხან მოდერნიზაციას, ხან ეკონომიკურ აღმავლობას... ჩვენში დემოკრატია და ევროპული ღირებულებები სჭირდებათ მაშინ, როდესაც ოპოზიციაში არიან. ხალხი, რომელიც დღეს ოპოზიციაშია და ლაპარაკობს ამ ღირებულებებზე, მახსოვს, ხელისუფლებაში ყოფნისას როგორც იქცეოდა; ასევე მახსოვს დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც ძალაუფლების ხელში აღებამდე ბევრს ლაპარაკობდა დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე, მაგრამ დღეს სწორედ ამ ყველაფრის საწინააღმდეგოდ მოქმედებს.…

- რუსეთთან ურთიერთობის ისტორიისა და ამისგან მიღებული გაკვეთილებისგან თუ ვისწავლეთ რამე?

- დავიწყოთ ე.წ. დათმობების თემით, რაზეც ბოლო ხანს ჩვენში ზოგიერთი ფსევდოკონსერვატიული ძალა ლაპარაკობს. კონსერვატიზმი ბევრად განსხვავებული იდეოლოგიაა იმისგან, რასაც ისინი გვასაღებენ. ეს უფრო რადიკალური მემარჯვენე-ექსტრემიზმია. სწორედ მათგან გვესმის ხოლმე რუსეთთან დათმობებსა და ქვეყნის ნეიტრალიტეტზე განცხადებები. ისტორიის განმავლობაში ჩვენ რუსეთს ძალიან ბევრი რამ დავუთმეთ. ძალიან შორს არ წავალ და 1918-21 წლის რესპუბლიკა გავიხსენოთ, რომელსაც ნეიტრალიტეტი კონსტიტუციურად ჰქონდა გამოცხადებული. მეტიც, 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით ჩვენი ნეიტრალიტეტი აღიარა რუსეთმა, უარი თქვა საქართველოსთან ტერიტორიულ პრეტენზიებზე, დე იურე აღიარა ჩვენი დამოუკიდებლობა, ამ ხელშეკრულების გაფორმებიდან რამდენიმე თვეში კი საქართველოში შემოიჭრა წითელი არმია. თურმე ნეიტრალიტეტი პანაცეაა, რომ თურმე გამოვაცხადებთ თუ არა, მეორე დღესვე კავკასიური შვეიცარია გავხდებით, რაც აბსურდია. აი, კიდევ ერთი გაკვეთილი, რომლიდანაც დასკვნა უნდა გამოვიტანოთ - გამოვაცხადეთ საუკუნის წინ ნეიტრალიტეტი, უარი ვთქვით აქტიურ საერთაშორისო პოზიციონირებასა და დიპლომატიაზე და მივიღეთ ქვეყნის ოკუპაცია და ანექსია.

- რუსეთთან ურთიერთობის პრიზმაში გადავხედოთ გასული საუკუნის 90-იან წლებში მოპოვებული დამოუკიდებლობიდან დღემდე პერიოდსაც.

- მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი ოფიციალურად დაიშალა, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ რუსეთთან ურთიერთობა ნორმალური ყოფილიყო. კი, გამსახურდიას ჰქონდა დამოუკიდებლობის რომანტიკული ხედვა, მაგრამ მისი ადმინისტრაციის შემდგომ შევარდნაძის მოსვლით ჩვენ, პრაქტიკულად, მოვაწერეთ ხელი ყველა იმ ხელშეკრულებას, რომლებიც კი რუსეთმა წინ დაგვიდო. მაგალითად, აფხაზეთში ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი, გამოვიყვანეთ ჯარები სოხუმიდან, შედეგად კი გადაგვიარეს.

იმხანად საქართველოს ტერიტორიაზე არაერთი რუსული სამხედრო ბაზა იყო. აგერ, თბილისშიც იყო სამხრეთ კავკასიის სამხედრო ოლქის სარდლობა. ამის მეტი რაღა უნდა დაგვეთმო რუსეთისთვის?! მეტი რაღა უნდა გვექნა, რომ მოსკოვში პარტნიორულ ურთიერთობაზე ეფიქრათ და არა კონფლიქტების გაღვივებასა და ხელშეწყობაზე? რუსეთის დიპლომატიას აქვს ერთი უცნაური თვისება, მას პოზიტიური განვითარების დღის წესრიგის შეთავაზება არც ერთი მეზობლისთვის არ შეუძლია. დღეს ყაზახეთთან ურთიერთობა სწორედ ამის გამო დაეძაბა. სოხუმის დაცემის შემდეგ დსთ-შიც შევედით, შევარდნაძემ თავდაცვის, შს და უშიშროების მინისტრები დანიშნა მოსკოვის დავალებით, სახელებიც შემიძლია გითხრათ: ვარდიკო ნადიბაიძე, შოთა კვირაია, იგორ გიორგაძე, მოგვიანებით, ვალერი ხაბურძანიაც - უშიშროების კიდევ ერთი მინისტრი, ამბობდა, რომ ისიც სარგებლობდა კრემლის მხარდაჭერით. ფაქტობრივად, ქვეყნის სუვერენიტეტში ერეოდნენ, მაგრამ სანაცვლოდ საქართველოს არაფერი მიუღია, მეტიც, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ვითარება სულ უფრო მძიმდებოდა. კიდევ ერთი გაკვეთილი ის არის, რომ დაყვავება და დათმობა რუსეთთან არაფერს ცვლის. როცა საერთაშორისო ოპონენტს მიზნად აქვს შენი დამორჩილება და შენ მას ყველაფერს უსრულებ, რასაც ითხოვს, გამოდის, ის მარტივად ასრულებს საკუთარ ამოცანას. საქართველოს თითქმის ყველა ხელისუფლებას იმედი ჰქონდა, რომ რაღაცას მაინც გამორჩებოდა რუსეთს, მაგრამ ამაოდ... მაგალითად, შევარდნაძემ ყველაფერი დაუთმო, მაგრამ როგორც კი დაიწყო ლაპარაკი პროექტებზე, რომლებიც საქართველოს რეგიონულ მნიშვნელობას შესძენდა, მას ორი ტერაქტი მოუწყვეს.

მერე მოვიდა სააკაშვილის ადმინისტრაცია და იმედგაცრუება რუსეთის მიმართ უფრო მეტი იყო, მაგრამ კვლავაც რჩებოდა ილუზია, რომ რუსეთთან შეიძლებოდა ურთიერთობის დალაგება, რომ თითქოს მანამდე რაღაც არ კეთდებოდა კარგად. ბევრი ამბობს, რომ სააკაშვილი დასავლეთის და სოროსის პროექტი იყო, მაგრამ გავიხსენოთ, რომელი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვიდა მისთვის მხარის დასაჭერად საქართველოში? აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ან ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა კომისარი აქ არავის უნახავს, სამაგიეროდ, ვნახეთ, იგორ ივანოვი. ცხადად ჩანდა, რა აქტიურად უჭერდა რუსული დიპლომატიური სექტორი სააკაშვილს მხარს, რაც გასაგები იყო, რადგან რუსეთში ხედავდნენ, რომ საქართველოში ცვლილებები გარდაუვალი იყო და ურთიერთობის დამყარებას ცდილობდნენ იმჟამინდელ ოპოზიციასთან. გავიხსენოთ ისიც, პრეზიდენტის სტატუსით სად ჩავიდა პირველი საერთაშორისო ვიზიტით მიხეილ სააკაშვილი? - მოსკოვში, პუტინთან, და პირველ შეთანხმებასაც მიაღწია - გადაწყდა ბაზების გაყვანა, თუმცა სანაცვლოდ უნდა გახსნილიყო ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრი აჭარაში ეფ-ეს-ბესა და ქართული უშიშროების სამსახურების მონაწილეობით, რაც, ღმერთს მადლობა, აღარ მოხერხდა. მოკლედ, შეიძლება ითქვას, სააკაშვილის ადმინისტრაციის ურთიერთობა პუტინის რეჟიმთან დაიწყო აქტიური დათმობებით და როგორ დასრულდა? - 2008 წლის ომით. როგორც კი საქართველომ გამოაჩინა საკუთარი ინტერესები და ქვეყნის განვითარების სურვილი, მაშინვე დაიწყო დაპირისპირების ფაზები, რაც 2008 წლის აგვისტოში საქართველოში ფართომასშტაბიანი აგრესიით დასრულდა.

სააკაშვილის ადმინისტრაციის შემდეგ, ივანიშვილსაც ჰქონდა ილუზია, რომ რუსეთთან ურთიერთობის მარტივად დალაგება შეიძლებოდა, მაგრამ მისი პრემიერობის სადღაც 6 თვეში გამოჩნდა, რომ ეს მხოლოდ ილუზია იყო. რუსეთი არ ათბობს ურთიერთობას, სანამ მას არ დასჭირდება. რუსეთს პოსტსაბჭოთა სივრცეში არავისთან არა აქვს პარტნიორული, თანაზომადი, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობა, მათ შორის ევრაზიულ კავშირში. სომხეთის მაგალითი გავიხსენოთ. როგორ მოექცა საკუთარ მოკავშირეს, რომლის დაცვის ვალდებულებაც ნაკისრი აქვს. მეტი რაღა უნდა დაეთმო სომხეთს, მთელი ეკონომიკა გადასცა, საზღვარზე რუსეთის წარმომადგენლები დგანან, ქვეყანაში რუსული სამხედრო ბაზებია ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირშიც შევიდა, პრაქტიკულად, შეერთებულია რუსეთთან, მაგრამ არა, რუსეთს მაინც მეტი სურს. ყარაბაღის ბოლო ომის დროს რუსეთმა, ფაქტობრივად, გაყიდა სტრატეგიული მოკავშირე. ამის შემდეგ ჩვენ როგორ შეიძლება ილუზია გვქონდეს, რომ ამ მონსტრ ქვეყანას რაღაცას დავუთმობთ და ამის სანაცვლოდ კეთილად მოგვექცევა. გააგრძელეთ კითხვა