ავტორი:

"ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტი ვერ გაიცნო, მისი ხასიათი ვერ გაიგო, რომ ზემოქმედება არ მოქმედებს" - პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

"ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტი ვერ გაიცნო, მისი ხასიათი ვერ გაიგო, რომ ზემოქმედება არ მოქმედებს" - პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება იმის შესახებ, რომ პრეზიდენტის და პრეზიდენტის ინსტიტუტის დაცვა სურთ - ერთია, ხოლო ქმედებით მეორეს ვუყურებთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტი ვერ გაიცნო, მისი ხასიათი ვერ გაიგო, რომ მასზე ზემოქმედება არ მოქმედებს.

როგორც მსხილაძემ აღნიშნა, "ქართული ოცნება" საკუთარი განცხადებით 26 მაისის ფაქტის გადაფარვას ცდილობს.

"სამწუხაროდ, "ქართული ოცნების" განცხადება, რომ მათი მიზანია პრეზიდენტის ინსტიტუტი დაიცვან, სიტყვით ერთია და ქმედებით აბსოლუტურად სხვაა.

ამის ნათელი მაგალითი 26 მაისი იყო, რომელიც ყველასთვის გამაერთიანებელი უნდა იყოს, თუმცა პრეზიდენტს შეურაცხყოფა მიაყენეს, რაც ყოვლად დაუშვებელი იყო. პრეზიდენტის ინსტიტუტის დაცვაში რას გულისხმობენ, ვერ ვხდები, რადგან საქმით სხვას აკეთებენ.

"ქართული ოცნება" პრეზიდენტის კრიტიკას ძალიან მტკივნეულად აღიქვამს. თუ პრეზიდენტის კრიტიკა უსამართლოა, მაშინ მათ გარკვეული არგუმენტები უნდა გააჩნდეთ. თუ პრეზიდენტის კრიტიკა სამართლიანია, ჩვეულებრივად უნდა მიიღონ და ისე არ უნდა მოიქცნენ, ისე არ უნდა უპასუხონ, როგორც 26 მაისს. ჩემთვის პირადად, ეს ყველაფერი ნათელი მაგალითი იყო, როგორ შეიძლება, ადამიანმა ორ წუთში დაკარგოს ის პატივისცემა და ავტორიტეტი, რაც წლების განმავლობაში გააჩნდა. რა თქმა უნდა, ირაკლი ქადაგიშვილს ვგულისხმობ.

"ქართული ოცნების" განცხადებაში ბოლო წინადადება იყო, რომ შუამავლობა შეუძლიათ გაუწიონ პრეზიდენტს საზოგადოების ნაწილთან. პრეზიდენტი საზოგადოებას ნაწილებად არ ყოფს, ის ყველას პრეზიდენტია - დიდი მადლობა, როგორმე, ჩვენ თვითონ გავაგრძელებთ საზოგადოებასთან ურთიერთობას.

ბევრი ადამიანი ვიცი, ვინც ხმა "ქართულ ოცნებას" მისცა და ახლა მათზე გაბრაზებული არიან. რა გავაკეთოთ?! - "ქართული ოცნება" ამ განცხადებით ცდილობს, რომ 26 მაისის ფაქტი რამენაირად გადაფაროს.

სამწუხაროდ, "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტი ვერ გაიცნო და მისი ხასიათი ვერ გაიგო. მასზე პრევენცია და ზემოქმედება არ მოქმედებს. არ ვიცი, სიჯიუტეს პრინციპულობას ეძახით? - პრეზიდენტი პრინციპული ნამდვილად არის", - განაცხადა მსხილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.