12 წლის ამერიკელი ბიჭუნა ქლოვის ჰუნგი ფულერტონის კოლეჯის ყველაზე ახალგაზრდა კურსდამთავრებული გახდა. კალიფორნიის ეს პრესტიჟული კოლეჯი 1913 წელს დაარსდა და არაერთი ცნობილი ადამიანია მისი კურსდამთავრებული, მათ შორის არიან: გვენ სტეფანი, ჯეიმზ კამერონი, სტივენ სიგალი, მეთიუ ლილარდი და სხვები.
ქლოვის ჰუნგი ჯერ კიდევ 9 წლის იყო, როცა კოლეჯში ჩაირიცხა. მისი თქმით, ეს მეგობრული შეჯიბრით დაიწყო მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ სასწავლებლის ყველაზე პატარა კურსდამთავრებული 13 წლის ჯეკ რიკო იყო.
"მეც მინდოდა ყველაზე ახალგაზრდა კურსდამთავრებული ვყოფილიყავი, თუმცა არ მეგონა, რომ მას ვაჯობებდი“,- ამბობს 12 წლის ქლოვისი.
ქლოვის ჰუნგი ფულერტონში სპეციალური პროგრამის საშუალებით ჩაირიცხა, რომელიც ნებისმიერი ასაკის სტუდენტებს რთავს ნებას, მათი კურსები გაიარონ. კოლეჯის პრესრელიზის თანახმად, ჰუნგის დედამ მისი გაკვეთილების და კოლეჯის დავალებების პროგრამები გააერთიანა, რათა ბიჭის აკადემიური საჭიროებები საუკეთესოდ დაეკმაყოფილებინა.
"ქლოვისი ძალიან ცნობისმოყვარე, შრომისმოყვარე, თვითდისციპლინირებული და მოტივირებულია. მის ცნობისმოყვარეობას საჯარო სკოლები ხშირად ვერ აკმაყოფილებდნენ, ამიტომ საუკეთესო გამოსავალი კოლეჯი იყო“,- ამბობს ჰუნგის დედა, სონგ ჩოი.
თავდაპირველად მოზარდისთვის რთული აღმოჩნდა სტუდენტურ ცხოვრებაზე მორგება, მაგრამ ქლოვისმა მალე გაიცნო პროფესორები და სხვა სტუდენტები. მას ყველა ხელგაშლით შეეგება და მისთვის დახმარების გაწევაზე უარს არასდროს ამბობდნენ:
"როცა რაღაც მაინტერესებდა, სხვა სტუდენტებს ვეკითხებოდი, ხოლო როცა თვითონ აინტერესებდათ რამე, მე მეკითხებოდნენ. უმცროსი ძმასავით მექცეოდნენ“, - ყვება ჰუნგი.
ზოგიერთი პროფესორი შიშობდა, რომ მოზარდი სხვა სტუდენტებთან საერთო ენას ვერ გამონახავდა, თუმცა მალევე მიხვდნენ, რომ ის ბუნებრივად შეერწყა მათ:
"ქლოვისი ბავშვისა და კოლეჯის სტუდენტის არაჩვეულებრივი ნაზავია. ის იმდენად ჩამოყალიბებულია, რომ სხვა სტუდენტები მას სერიოზულად უყურებენ, თუმცა მის ბავშვურ მხარესაც ხედავენ და მას პატარა ძმასავით გულშემატკივრობენ“,- ამბობს ფულერტონის ბიოლოგიის პროფესორი, კენეთ კოლინსი.
წყარო: nbcnews
მოამზადა: ანა სიბოშვილმა