რუსეთის დედაქალაქ მოსკოვზე დრონებით შეტევას რამდენიმე შენობის დაზიანება მოჰყვა, ამის შესახებ მოსკოვის ოფიციალური პირები აცხადებენ.
დედაქალაქის მერის, სერგეი სობიანინის თქმით, საუბარი არ არის სერიოზულ დაზიანებაზე. ჯერჯერობით უცნობია, საიდან განხორციელდა შეტევა. რუსეთში აცხადენ, რომ საჰაერო თავდაცვამ რამდენიმე დრონი მაშინ ჩამოაგდო, როდესაც ისინი მოსკოვს მიუახლოვდნენ, ზოგიც უშუალოდ მოსკოვში. ჩამოგდებისას კი ზოგიერთი მათგანი შენობებს დაეცა.
სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ სურათებზე ჩანს კვამლის კვალი რუსეთის დედაქალაქის ცაზე. მოსკოვის მერის თქმით, რამდენიმე მაცხოვრებლის ევაკუაცია განხორციელდა.
კიევში ამ თემაზე ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა, მაგრამ ორშაბათს, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, გენერალმა კირილო ბუდანოვმა გააფრთხილა ოფიციალური მოსკოვი, რომ კიევზე დარტყმებს მოჰყვებოდა "სწრაფი რეაგირება".
სერგეი შოიგუს უწყების ცნობით, კიევის რეჟიმი რუსეთის დედაქალაქს რვა უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს და ყველა მათგანი განადგურებულია.
მათივე ინფორმაციით, სამი დრონი რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით მოიგერიეს, რის შედეგად, მათ კონტროლი დაკარგეს და დაგეგმილ სამიზნეებს ასცდნენ, ხუთი დრონი კი Pantsir-S1-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემის საშუალებით ჩამოაგდეს.
"დღეს დილით კიევის რეჟიმმა ქალაქ მოსკოვის ობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა განახორციელა. თავდასხმაში რვა უპილოტო საფრენი აპარატი იყო ჩართული. მტრის ყველა დრონი განადგურებულია", - აცხადებენ სამინისტროში.
უწყების ცნობით, ისინი მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის ფაქტს იძიებენ. საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, რომ დრონების ჩამოვარდნის შედეგად რუსეთის დედაქალაქში რამდენიმე შენობა მცირედ დაზიანდა.
წინასწარი მონაცემებით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ადგილზე მობილიზებულია ქალაქის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ბრიგადები და რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომლები.
"მიმდინარეობს დანაშაულში მონაწილე პირების იდენტიფიცირება“, - აცხადებენ უწყებაში.