უკრაინელებს ჩვენი დახმარება არ სჭირდებათ, უჩვენოდაც გადაამტვრევენ რუსეთს ხერხემალში ცოტა ხანში - იძირება რუსეთის საქმე, უკან-უკან მიდის, მარცხდება და ვის მხარეს ხართ თქვენ? - ასე მიმართა "მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ხელისუფლებას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
ელისაშვილის თქმით, უკრაინელები მთელი მსოფლიოსთვის იბრძვიან.
"რომ გაქვთ აჩემებული, რომ არიქა, მთელი მსოფლიო დაგვდევს, რომ მეორე ფრონტი გავხსნათ და ომი დავიწყოთ, არავის სჭირდება ჩვენგან ფრონტის გახსნა. მე არ ვიცი, თქვენ რა არხებს ადევნებთ თვალყურს ან რას კითხულობთ, მაგრამ დღეს დილით არაჩვეულებრივმა უკრაინელებმა, რამდენიმე ათეული დრონით დაბომბეს მოსკოვი, ჯოჯოხეთური სახელმწიფოს დედაქალაქი და ვენაცვალე ყველა იმ დრონის ოპერატორს, ვინც მართავდა ამ დრონებს და ვინც დააწიოკა მოსკოვი. უკრაინელებს ჩვენი დახმარება არ სჭირდებათ, უჩვენოდაც გადაამტვრევენ ცოტა ხანში ხერხემალში და ჩვენ სად ვიქნებით მაშინ, ეს მაინტერესებს, ან უკრაინელებს, ან დანარჩენ მსოფლიოს თვალი როგორ უნდა გავუსწოროთ. მთელი მსოფლიოსთვის ებრძვიან იმ ქვეყანას, რომელიც 200 წელია გვჯიჯგნის და ღირსებას გვართმევს და რომელმაც ბოლოს 30 წლის წინ ტერიტორიები წაგვართვა. როგორ შეწყდა ფრენები გავიხსენოთ, ნახირივით რომ გამოყარეს ჩვენი ხალხი, საქონლის გადასატან თვითმფრინავში რომ შეყარეს. მაშინაც ვაპროტესტებდი და მაშინაც, როდესაც სააკაშვილმა ომიდან რამდენიმე დღეში სავიზო რეჟიმი მოუხსნა, მაგრამ რამდენ ხანს უნდა ილაპარაკოთ სააკაშვილზე, 11 წელია ხელისუფლებაში ხართ. თვითონ რუსებს მაინც ადევნეთ თვალყური, რას ლაპარაკობენ. იძირება რუსეთის საქმე, უკან-უკან მიდის, მარცხდება რუსეთი და ვის მხარეს ხართ თქვენ“, - მიმართა ელისაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას.