ავტორი:

მალე ელექტროავტომობილების დასამუხტი "ხეები" გამოჩნდება - რომელ ქვეყანაში განთავდება თავდაპირველად ინოვაციური მოწყობილობები?

მალე ელექტროავტომობილების დასამუხტი "ხეები" გამოჩნდება - რომელ ქვეყანაში განთავდება თავდაპირველად ინოვაციური მოწყობილობები?

შესაძლოა, მალე, დიდი ბრიტანეთის ავტოსადგომებსა და სავაჭრო ცენტრებში ლითონის ხეები დადგან, რომლებსაც მზის პანელები ექნებათ დამონტაჟებული. ისინი ელექტროავტომობილების ენერგიით დამუხტვის წყაროები იქნება. სტრუქტურები მზის ენერგიას ნანოფოტოელექტრული "ფოთლების" მეშვეობით შეაგროვებენ და მას ღეროში მოთავსებულ ბატარეაში შეინახავენ.

ხეები ბრიტანულმა სტარტაპმა, SolarBotanic Trees-მა ელექტრომანქანების ენერგიით დამუხტვის წყაროდ დააპროექტა. კომპანიამ მოწყობილობის ნახევარმასშტაბიანი პროტოტიპის შექმნა ახლახანს დაასრულა და ამჟამად სრული ზომის ვერსიის აწყობასა და გამოცდას გეგმავს. შემდეგ მისი კომერციული წარმოებაც დაიწყება, რაც წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი.

"ქვეყანაში ელექტროენერგიით დამუხტვის ინფრასტრუქტურის საშინელი დეფიციტია, ამიტომ ვცდილობთ ელექტრომომარაგების ინფრასტრუქტურის პროვაიდერებთან ვიმუშაოთ",- ამბობს კრის შელი, SolarBotanic Trees-ის აღმასრულებელი დირექტორი. ის დასძენს, რომ კომპანიამ პირველი 200 "ხის" დასამზადებლად შეკვეთა უკვე მიიღო ელექტრომობილების დამტენი ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი მიმწოდებლისგან, რომელიც ხეების მთელ ევროპაში გადანაწილებას გეგმავს.

  • თითოეული "ხე" აღჭურვილი იქნება ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე ენერგიის შენახვის და მართვის სისტემით, რომელსაც შეეძლება ადგილობრივი მიკროქსელების შესაქმნელად ხეები ერთმანეთთან დააკავშიროს. ეს იმასაც ნიშნავს, რომ ელექტროენერგიის ქსელის საშუალებით, ხეს შეეძლება ღამით, ან ზამთრის ბნელ დღეებში დამუხტვა განაგრძოს.

შელის სურს, რომ 2025 წლისთვის წელიწადში მინიმუმ 1000 ხე ააწყოს. კომპანია პირველ ხეებს დიდ ბრიტანეთში განათავსებს, შემდეგ კი ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში განაგრძობს გაფართოებას.

წყარო: cnn

მოამზადა: ანა სიბოშვილმა