"ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განმარტებით, გასაოცარია, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" საუბრობს შიდაპარტიულ დემოკრატიაზე მაშინ, როცა არასამთავრობო ორგანიზაციას 13 წელია ერთი და იგივე თავმჯდომარე ჰყავს.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დროთა გამავლობაში დაიხვეწება შიდაპარტიული დემოკრატიული კულტურაც და ამჟამად არსებული ვითარებაც გაუმჯობესდება.
"საინტერესო დეტალი რა არის - ეს კონფერენცია თუ ღონისძიება ეძღვნება შიდაპარტიულ დემოკრატიას და ამას ატარებს ორგანიზაცია, რომელსაც 13 წელია ერთი და იგივე თავმჯდომარე ჰყავს. ბრეჟნევის მერე ხელმძღვანელობის ამხელა სტაჟი საქართველოში არავის ჰქონია. ისინი რომ საუბრობენ შიდაპარტიულ დემოკრატიაზე, ეს უბრალოდ გასაოცარია. რა თქმა უნდა, გამოწვევები არსებობს. კერძოდ, არის უამრავი დასავლური ქვეყანა, სადაც შიდაპარტიული დემოკრატიის ხარისხი არის ბევრად უფრო მაღალი, ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს. რა თქმა უნდა, გამოწვევები არსებობს და დრო დასჭირდება იმ სტანდარტების მიღწევას, რაც განვითარებულ, ევროპულ ქვეყნებში არის დამკვიდრებული. ბევრი მიზეზი აქვს, სუბიექტური თუ ობიექტური. დროთა გამავლობაში დაიხვეწება შიდაპარტიული დემოკრატიული კულტურაც და ეს ვითარებაც გაუმჯობესებას საჭიროებს“,-განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, საქართველოში არსებული პოლიტიკური პარტიები ბევრი გამოწვევის წინაშე დგანან.
"ვფიქრობ, რომ საქართველოში პოლიტიკური პარტიები დღეს ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე დგანან. მაშინ, როდესაც 2024 წლის არჩევნები ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ამ კონტექსტში ერთ-ერთი გამოწვევა ზუსტად ისაა, რომ საზოგადოებას პოლიტიკური პარტიების მიმართ უფრო მეტი ნდობა ჰქონდეს. ამისთვის კი უფრო მეტი გამჭვირვალობა და სწორი სტრუქტურებია საჭირო. მნიშვნელოვანია, საზოგადოებას იმ პროცესებთან დაკავშირებით ჰქონდეს ინფორმაცია, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებში მიმდინარეობს",- განაცხადა ეკა გიგაურმა.