ეს პოლიტიკური ჯგუფები უფრო იმ 5 დეპუტატისთვის იქმნება, ვინც "ქართულ ოცნებას" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტებაში დაეხმარა, - ამის შესახებ პარტია "გირჩის" ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ოპოზიციონერი დეპუტატების, ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძის მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე, ე.წ პოლიტიკური ჯგუფების შექმნის შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, "მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციიდან 5 კაცი გადაიბირა, მისი დაჩქარებული განხილვა საჭირო არ იყო".
"ეს პოლიტიკური ჯგუფები უფრო იმ 5 დეპუტატისთვის იქმნება, ვინც "ქართულ ოცნებას" იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტებაში დაეხმარა, ხოლო ხატიას და რომანის ადრე შეტანილი კანონპროექტი ამის საბაბად იქნა გამოყენებული, იმიტომ, რომ "ქოცებს" ამის მიღება თუ უნდოდათ, ეს კანონპროექტი მანამდეც იყო შეტანილი და მას შემდეგ, რაც ოპოზიციიდან 5 კაცი გადაიბირეს, მერე მისი დაჩქარებული განხილვა საჭირო არ იყო. თუ მიღება უნდოდათ გაზაფხულის სესიების დასაწყისიდანვე შეეძლოთ ეს გაეკეთებინათ. რაც შეეხება იმას, დავუჭერთ თუ არა ჩვენ მას მხარს, მოგეხსენებათ, "ქოცები" და "ნაცები" ჩვენ გარეშეც ერთმანეთთან თანამშრომლობენ, ჩვენი დახმარება და ხელშეშლა არ სჭირდებათ",- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.