აფხაზური ოპოზიციური პარტიები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გამოეხმაურნენ, რომელმაც ევროპარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა, რომ მხარს უჭერს სოხუმში აქციის მონაწილე მოქალაქეების ლოზუნგებს.
აფხაზი ოპოზიციონერები ამბობენ, რომ ზურაბიშვილი „სასურველს რეალობად წარმოადგენს“.
"მანიპულირება ქართველი პოლიტიკოსების საყვარელი გართობაა, რომლის მიზანია აფხაზეთსა და რუსეთს შორის დამკვიდრებულ, ძლიერ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში განხეთქილება შეიტანოს. აფხაზეთის რესპუბლიკაში არ არის და არ იქნება ანტირუსული განწყობები - არც საზოგადოებაში და არც პოლიტიკურ გარემოში. თუ ქალბატონი ზურაბიშვილი ასე ზრუნავს აფხაზეთის მოქალაქეებზე და მათ უფლებებზე, მისი სტატუსი საშუალებას აძლევს მას დაიწყოს აფხაზეთის სახელმწიფოს, აფხაზური პასპორტების აღიარება და, პირველ რიგში, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის გაუქმება.
ამ საკითხების გადაწყვეტა საშუალებას მოგვცემს დავიწყოთ ნორმალური სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების პროცესი“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც მიიღეს საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა - „აფხაზეთის სახალხო მოძრაობამ“, „არუაამ“, „ვეტერანთა და ახალგაზრდობის გაერთიანებამ“, „აამთამ“. „ერთობა“, პარტია „აფსნი“ და „აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმი“.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში, ევროპარლამენტში საკუთარი სიტყვით გამოსვლა, რასაც ევროპარლამენტარების მხრიდან აპლოდისმენტები და ფეხზე წამოდგომა მოჰყვა ამ სიტყვებით დაასრულა:
„მე ვდგავარ მათ გვერდით, ვინც გუშინ სოხუმში, აფხაზეთში აქციას მართავდა ბანერებით „აფხაზეთი არ იყიდება“, „ჩვენ არ დავუთმობთ რუსებს“.
პრეზიდენტის თქმით, როდესაც ის ევროდეპუტატებს საქართველოს ევროპული მომავლისთვის მიმართავს, ის მათ ასევე მიმართავს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვისაც.